ორშაბათს, 14:00 საათზე ნიონში დაიწყება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის წინასწარი ეტაპების (I და II ეტაპის) წილისყრა. როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას თბილისის “დინამო” II საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, ევროპის ლიგაზე ქუთაისის “ტორპედო” და საჩხერის “ჩიხურა” პირველი ეტაპიდან ჩაერთვებიან, ხოლო გორის “დილა” – მეორედან.
უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 14:00 საათზე დაიწყება, ევროპის ლიგისა კი – 15:00 საათზე. ასე იტყობინება უეფას საიტი.
ჩემპიონთა ლიგაზე შარშანდელივით სისტემაა: 22 გუნდი პირდაპირ ჯგუფშია. შესავსები რჩება 10 ადგილი, სადაც 5 გუნდი ჩემპიონთა გზიდან მოხვდება, 5 კი – არაჩემპიონთა გზიდან. არაჩემპიონთა გზა ქართველებს არ ეხება. საინტერესოა ჩემპიონთა გზა:
I ეტაპი, 4 გუნდი (2/3 ივლისი – 9/10 ივლისი): აქ მხოლოდ 4 უსუსტესი ქვეყნის ჩემპიონი ითამაშებს, შედგება 2 წყვილი და გამარჯვებულები II ეტაპზე გავლენ. I ეტაპზე არიან: შირაქი (სომხეთი), სტეიმური (ფარერები), ლუზიტანოსი (ანდორა) და ტრე პენე (სან მარინო).
II ეტაპი, 34 გუნდი (16/17 ივლისი – 23/24 ივლისი): აქ, II ეტაპზე 32 გუნდი პირდაპირ გასულია, მათ დაემატებათ I ეტაპიდან გადმოსული 2 გუნდი და 34 გუნდი შექმნის 17 წყვილს. სწორედ აქედან დაიწყებს თბილისის "დინამოც".
განთესილები: ბატე (ბელარუსი), სელტიკი (შოტლანდია), სტიაუა (რუმინეთი), პლზენი (ჩეხეთი), დინამო ზაგრები (ხორვატია), ლეგია (პოლონეთი), პარტიზანი (სერბეთი), შერიფი (მოლდოვა), მარიბორი (სლოვენია), სლოვანი (სლოვაკეთი), ელფსბორგი (შვედეთი), მაკაბი თელ-ავივი (ისრაელი), მოლდე (ნორვეგია), ჰიკ (ფინეთი), ეკრანასი (ლიტვა), ნეფთჩი (აზერბაიჯანი), “დინამო” თბილისი (საქართველო),
განუთესავები: ჟელეზნიჩარი (ბოსნია), ჰაფნარფიორდური (ისლანდია), დიორი (უნგრეთი), ნიუ სეინთსი (უელსი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), სლიგო როვერსი (ირლანდია), “შახტიორი” ყარაგანდა (ყაზახეთი), შკენდერბეუ (ალბანეთი), ბირკირკარა (მალტა), კლიფტონვილი (ჩრდ. ირლანდია), ვარდარი (მაკედონია), “დაუგავა” დაუგავპილსი (ლატვია), სუტიესკა (ჩერნოგორია), ნიმე კალიუ (ესტონეთი), ფოლა (ლუქსემბურგი) და ამათ დამატებული, პირველი ეტაპიდან გადმოსული 2 გუნდი.
III ეტაპი, 20 გუნდი (30/31 ივლისი –6/7 აგვისტო): აქ, II ეტაპიდან გადასულ 17 გუნდს დაემატება პირდაპირ ამ ეტაპზე გასული 3 კლუბი, რომლებიც შედარებით უკეთესი რეიტინგის მქონე ქვეყნებში (რეიტინგით მე-14, მე-15, მე-16) გახდნენ ჩემპიონები. ესენი არიან: შვეიცარიის ჩემპიონი (ბაზელი ან გრასჰოპერი), ავსტრიის ჩემპიონი (აუსტრია ან ზალცბურგი), აპოელ (კვიპროსი).
გამარჯვებულები ბრძოლას გააგრძელებენ პლეი ოფში, დამარცხებულები კი ევროპის ლიგის პლეი ოფში გავლენ და ერთი ეტაპის გავლაღა დასჭირდებათ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდე.
პლეი ოფი, ანუ IV ეტაპი, 10 გუნდი (20/21 აგვისტო - 27/28 აგვისტო): აქ უკვე იოლი გასაგებია. III ეტაპზე 10 გამარჯვებული გუნდი 5 წყვილს შეადგენს და გამარჯვებულები ლიგის ჯგუფში შევლენ, დამარცხებულები კი, ავტომატურად - ევროპის ლიგის ჯგუფში.
ევროპის ლიგა:
I საკვალიფიკაციო ეტაპზე 76 გუნდი ითამაშებს, ანუ შეიქმნება 38 წყვილი (მატჩები = 4 ივლისი-11 ივლისი)
II საკვალიფიკაციო ეტაპზე პირდაპირ გასულია 42 გუნდი (მათ შორის, “დილა”) და მათ დაემატება I ეტაპიდან გადასული 38 გამარჯვებული. ანუ, სულ 80 გუნდი იქნება და შეიქმნება 40 წყვილი (მატჩები – 18 ივლისი-25 ივლისი).
III საკვალიფიკაციოზე 18 გუნდი პირდაპირ გასულია, მათ დაემატება II ეტაპიდან გადასული 40 გამარჯვებული. 58 გუნდი შექმნის 29 წყვილს (მატჩები – 1 აგვისტო-8 აგვისტო).
IV ეტაპზე, ანუ ფლეი-ოფში პირდაპირ გასულია 18 გუნდი, მათ დაემატებათ ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნილი 15 გუნდი და ასევე, ის 29 გუნდი, რომლებიც ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციოს გადალახავს. ანუ, სულ 62 გუნდი იქნება და შეიქმნება 31 წყვილი (მატჩები - 22-29 აგვისტოს).
პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზეა მოხვედრილი რეიტინგით 7 საუკეთესო ქვეყნიდან თითო საუკეთესო კლუბი (“ვალენსია”, “უიგანი”, “ფრაიბურგი”, “ლაციო”, “გიმარაეში”, “ბორდო”, “ანჟი”). მათ დაემატებათ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფიდან გავარდნილი 10 გუნდი და ევროპის ლიგის IV ეტაპიდან, ანუ პლეი ოფიდან გასული 31 გუნდი. ასე მოგროვდება 48 გუნდი.
ახლა კი, “ტორპედოსა” და “ჩიხურას” სავარაუდო მეტოქეებზე. გორის “დილას” პირველ ეტაპზე მყოფი 76 გუნდის გარდა, ის 41 გუნდიც ჰყავს სავარაუდო მეტოქედ, რომლებიც II ეტაპიდან ერთვებიან. II ეტაპიდან საკმაოდ ძლიერი გუნდებიც იწყებენ, მათ შორის, “რუბინი” (რუსეთი), “ტრაბზონსფორი” (თურქეთი), გორელთათვის იღბლიანი “ანორთოსისი” (კვიპროსი), “სპარტა” და “ლიბერეცი” (ჩეხეთი), “ლეხი” (პოლონეთი), “ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი). ქუთათურები და საჩხერელები განუთესავთა შორის არიან და აქვე, მათი 38 სავარაუდო მეტოქე:
ასტრა (რუმინეთი), ვიდეოტონი (უნგრეთი), რუსენბორგი (ნორვეგია), ჟილინა (სლოვაკეთი), “ლევსკი” სოფია (ბულგარეთი), ვენტსპილსი (ლატვია), ტრომსიო (ნორვეგია), აქტობე (ყაზახეთი), “დინამო” მინსკი (ბელარუსი), სენტ-პატრიქსი (ირლანდია), ყარაბახი (აზერბაიჯანი), ვოივოდინა (სერბეთი), მალმიო (შვედეთი), სარაევო (ბოსნია), კრ (ისლანდია), დუდელანჟი (ლუქსემბურგი), ინტერი (ფინეთი), დაჩია (მოლდოვა), ლევადია (ესტონეთი), ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია), ჰონვედი (უნგრეთი), ვალეტა (მალტა), დიფერდენჟი (ლუქსემბურგი), მეტალურგსი (ლატვია), გეფლე (შვედეთი), პიუნიკი (სომხეთი), ჟრინსკი (ბოსნია), ინტერი (აზერბაიჯანი), სკონტო (ლატვია), სუდუვა (ლიტვა), ვადუცი (ლიხტენშტეინი), ფლორა (ესტონეთი), ხაზარი (აზერბაიჯანი), ჰბ (ფარერები), ტპს (ფინეთი), რუდარი (ჩერნოგორია), რეიკიავიკი (ისლანდია), ბოტევი (ბულგარეთი).