ჭიდაობა

20:05 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული მძიმე წონის ოქროს წელი

 

ტრადიციაა, ქართული სპორტის წლის მიღწევების შეჯამებისას მედლების უმეტესი წილი საჭიდაო სახეობებზე: ძიუდოზე, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებზე მოდის. ამ სახეობებში კი ხშირად ეროვნულ ნაკრებებზე ხვავრიელად ასაკობრივი გუნდები ამთავრებენ ხოლმე სეზონს. ჭიდაობაში გამონაკლისი არც 2013 წელი ყოფილა. 4 ოქრო, 6 ვერცხლი და 15 ბრინჯაო – ასეთია ახალგაზრდა და ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრებების საერთო წლიური მონაგარი.

2 ოქრო, 2 ვერცხლი და 9 ბრინჯაო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებზე მოდის და ორივე უმაღლესი სინჯის მედალი ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრ გენო პეტრიაშვილის (120 კგ) ანგარიშზეა.

19 წლის მძიმეწონოსანმა სეზონი უფროსებს შორის საქართველოს ჩემპიონატის მოგებით გახსნა და ეროვნულ ნაკრებშიც დამკვიდრდა. სადებიუტო ევროპირველობაზეც წარმატებულად გამოვიდა – მესამე ადგილი დაიკავა. მაისიდან კი თავის ასაკობრივ ჯგუფში გადაერთო და უმაღლესი მწვერვალები ისე დაიპყრო, ღირსეულ წინააღმდეგობას ვერავისგან წააწყდა.

6-7 ივლისს სკოპიეში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე პეტრიაშვილმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივეში ვადაზე ადრე მიაღწია გამარჯვებას. თან ისე, რომ არც ერთი მეტოქისთვის არათუ პერიოდი, ერთი ქულაც არ დაუთმია.

ბერძენ ატამპაზაკის ხატალამპოსს 30 წამი აკმარა 8 ქულის ასაღებად, სომეხ ჰამლეტ აბრაჰამიანს 7:0 სძლია, ნახევარფინალში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი აზერბაიჯანელი ალი მაგომედდაბიროვი 8:0-ით დატოვა ფინალს მიღმა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინელ ანდრეი ვლასოვს 2 წუთსა და 20 წამში აუგროვა 8 ქულა.

ევროპირველობიდან ერთ თვეში გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზეც (სოფია. 17-18 აგვისტო) დაამტკიცა, რომ თანატოლებს შორის რეალური კონკურენტი არ ჰყავს. საჩემპიონო აღმართს გერმანიის ნაკრების წევრ ილია ლიტვინოვის ძლევით (11:2) შეუყვა. ტუნისელ სლიმ ტრაბელსს 7:0 მოუგო, კანადელ სანი დინსას – 8:0, რუსეთის სახელით მოჭიდავე გიორგი გოგაევთან ორი პერიოდი დასჭირდა (6:4 5:0), ფინალში კი ირანელი აბდულა გომი ავილი წუთსა და 53 წამში დაამარცხა (7:0).

ახალგაზრდული ნაკრების წევრთაგან 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ბუზიაშვილმაც სეზონის ორივე მთავარ შეჯიბრებაზე აიღო მედალი. ევროპირველობაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მსოფლიოზე კი ფინალში დამარცხდა. ევროხალიჩიდან გიორგი გოგშელიძის გუნდმა სულ სამი მედალი გამოიტანა. პეტრიაშვილისა და ბუზიაშვილის გარდა კვარცხლბეკზე ლაშა გიგაშვილი ავიდა – მესამე საფეხურზე, 74 კილოგრამში.

მსოფლიოს პირველობაზე სამეულში ბექა ბუჯიაშვილი (55 კგ) და შოთა ფარტენაძე (60 კგ) შევიდნენ – ორივე მესამე ადგილით.

ემზარიოს ბენტინიდისის გაწვრთნილმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა სეზონის უმთავრესი შეჯიბრებები სამ-სამი მედლით, ოღონდ ოქროს გარეშე ჩაამთავრა. 18-19 ივნისს ჩერნოგორიაში გამართულ ევროპირველობაზე ალექსანდრე კილაძე (42 კგ), შმაგი თოდუა (46 კგ) და რამაზ ზოიძე (58 კგ) ბრინჯაოს დაეუფლნენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე (სერბეთი. 24-25 აგვისტო) ზოიძემ ერთი საფეხურით მაღლა აიწია, ხოლო ირაკლი მხეიძე (50 კგ) და გივი მაჭარაშვილი (100 კგ) მესამე ადგილზე გავიდნენ.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ასაკობრივმა ნაკრებებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 12 მედალი (2 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) მოიხვეჭა.  ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროკონკურენციაში (მაკედონია. 2-3 ივლისი) ხვავრიელად იჭიდავა - გუნდის რვა წევრიდან ხუთმა მედალი მოიპოვა.

მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ევროპის ჩემპიონი გახდა, ამასთან, ოთხივე ჩატარებული შეხვედრა ისე მოიგო, ერთი ქულაც კი არ დაუკარგავს. შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და სლოვაკ დავიდ ჩეჩს 7:0 სძლია. რუმინელ ტიბერიუ ალექსანდრუ ბარბაზანს 4:0 აკმარა, ბელარუსის სახელით მოჭიდავე გიორგი ჩუგაშვილსა და ლიტველ მანტას კნისტაუტასს კი ერთნაირი ანგარიშით – 7:0 აჯობა.

ირაკლი შავაძეს (50 კგ) უმაღლეს ტიტულამდე ფინალის მოგება დააკლდა. ლაშა გობაძე (74 კგ), რობერტ ქობლიაშვილი (84 კგ) და კუკური კირცხალია (96 კგ) კი ბრინჯაოებს დასჯერდნენ. ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 51 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

13-14 აგვისტოს, სოფიაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა  და ქართველი ბერძენ-რომაელები ოდენ 66 კილოგრამში მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ვერცხლს დასჯერდნენ.

ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპირველობა (ჩერნოგორია. 22-23 ივნისი) ოთხი მედლით ჩაამთავრა. ჩემპიონის ტიტულთან ყველაზე ახლოს გიორგი კურტანიძე (54 კგ) და ლევან ქავჟარაძე (58 კგ) მივიდნენ – ორივე ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება ვეღარ შეძლეს და ვერცხლს დასჯერდნენ. თემურ შავაძემ (46 კგ) და ზვიად პატარიძემ (100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

20-21 აგვისტოს სერბეთში ჭაბუკები უკვე მსოფლიოს კონკურენციაში ჩაერთნენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ბედინაძემ შეჯიბრების განაცხადში ევროპირველობაზე ნაჭიდავები ათი შეგირდიდან ექვსი შეიყვანა. ოთხი კი სხვა კანდიდატით ჩაანაცვლა. ქართულმა გუნდმა ორი მედალი მოიპოვა. თავი ისევ იმ მოჭიდავეებმა გამოიჩინეს, ვინაც ევროხალიჩაზეც იყოჩაღა.

ზვიად პატარიძემ ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ყველა პერიოდდაუკარგავად მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ოქროს გზაზე ქართველმა მოჭიდავემ ყაზახი სალავატ ახმეტკალიევი (0:1 3:0), ბულგარელი ევგენი გენჩევი (6:0), აზერბაიჯანელი ადამბეკ სიდიკოვი, რუსი ვლას დუბროვინი (3:3 2:0) და სერბი ბობან ზივანოვიჩი (6:3) ჩამოიშორა. ლევან ქავჟარაძემ ევროპულ ვერცხლს მსოფლიოს ბრინჯაო მიამატა.

ირაკლი თარხნიშვილი (76 კგ) ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნახევარფინალამდე მივიდა. შემდეგ კი ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და ორივე ტურნირი მეხუთე ადგილით დაასრულა. ანალოგიური შედეგი ჰქონდა მინდია ბოლქვაძეს (63 კგ) ევროპირველობაზე.

დაბოლოს, 2013 წლის სეზონში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მიერ მოპოვებული ოთხივე ოქროს მედალი მძიმე წონაში მოჭიდავეთა ანგარიშზეა.

 

თავისუფალი ჭიდაობა

 

ჭაბუკები

 

ევროპის ჩემპიონატი

ბარი. 18-19 ივნისი

 

ალექსანდრე კილაძე (42 კგ)       ბრინჯაო

შმაგი თოდუა (46 კგ)                   ბრინჯაო

რამაზ ზოიძე (58 კგ)                    ბრინჯაო

 

მსოფლიოს ჩემპიონატი

ზრენიანინი. 24-25 აგვისტო

 

რამაზ ზოიძე (58 კგ)                    ვერცხლი

ირაკლი მხეიძე (50 კგ)                  ბრინჯაო

გივი მაჭარაშვილი (100 კგ)           ბრინჯაო

 

ახალგაზრდები

 

ევროპის ჩემპიონატი

სკოპიე. 6-7 ივლისი

 

გენო პეტრიაშვილი (120 კგ)        ოქრო

დავით ბუზიაშვილი (66 კგ)         ბრინჯაო

ლაშა გიგაშვილი (74 კგ)               ბრინჯაო

 

მსოფლიოს ჩემპიონატი

სოფია. 17-18 აგვისტო

 

გენო პეტრიაშვილი (120 კგ)          ოქრო

დავით ბუზიაშვილი (66 კგ)           ვერცხლი

ბექა ბუჯიაშვილი (55 კგ)               ბრინჯაო

შოთა ფარტენაძე (60 კგ)                ბრინჯაო

 

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

 

ჭაბუკები

 

ევროპის ჩემპიონატი

ბარი. 22-23 ივნისი

 

გიორგი კურტანიძე (54 კგ)          ვერცხლი

ლევან ქავჟარაძე (58 კგ)                ვერცხლი

თემურ შავაძე (46 კგ)                      ბრინჯაო

ზვიად პატარიძე (100 კგ)                ბრინჯაო

 

მსოფლიოს ჩემპიონატი

ზრენიანინი. 20-21 აგვისტო

 

ზვიად პატარიძე (100 კგ)                ოქრო

ლევან ქავჟარაძე (58 კგ)                ბრინჯაო

 

ახალგაზრდები

 

ევროპის ჩემპიონატი

სკოპიე. 2-3 ივლისი

 

იაკობ ქაჯაია (120 კგ)                      ოქრო

ირაკლი შავაძე (50 კგ)                    ვერცხლი

ლაშა გობაძე (74 კგ)                         ბრინჯაო

რობერტ ქობლიაშვილი (84 კგ)     ბრინჯაო

კუკური კირცხალია (96 კგ)            ბრინჯაო

 

მსოფლიოს ჩემპიონატი

სოფია. 13-14 აგვისტო

 

შმაგი ბოლქვაძე (66 კგ)                ვერცხლი

0.116305