ფეხბურთი

17:28 | 4.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონის ამბები

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგა “კოტბუსთან” საშინაო ფრით (0:0) განაახლა “ზანქტ პაულიმ”, სადაც აკაკი გოგია გამოდის.
გერმანული პასპორტის მქონე ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. “ზანქტ პაულის” 23 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-13 ადგილი უკავია.
ბერლინის “ჰერტამ” “რეგენსბურგი” სტუმრად 5:1 დაამარცხა, მაგრამ ლევან კობიაშვილი გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა.
კვიპროსის პირველ დივიზიონში (უმაღლესი ლიგა) ახნის “ეთნიკოსი”, რომელშიც ლევან მაღრაძე თამაშობს, გასვლაზე ლარანაკის აეკ-თან 1:2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. “ეთნიკოსს” 17 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-10 პოზიცია უკავია.
პორტუგალიის ლიგა დე ონრას (პირველი ლიგა) 26-ე ტურში, “ოლივეირენსემ”, რომლის ღირსებასაც ავთო ებრალიძე იცავს, “პორტო 2”-თან სტუმრად 1:3 დამარცხდა. განვლილ მატჩში ქართველი ფორვარდი სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. “ოლივეირენსეს” 37 ქულა აქვს და 22 გუნდში მე-10 ადგილი უკავია.
ლატვიის ლიგის თასის ფინალში ვერ გავიდა თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილი რიგის “სკონტო”, რომელიც 1/2-ფინალში დაუგავპილსის “დაუგავასთან” 2:3 დამარცხდა.
თურქეთში შეკრებაზე გამგზავრებამდე ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელშიც კახა მახარაძე ირჯება, ქვედალიგელ “სოგდიანას” 3:1 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა პირველ ტაიმში ითამაშა.
 

ლაშა თაბაგარი

 

0.131585