ფეხბურთი

22:40 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი: გოლი მხოლოდ ლატვიაში

დანიაში გორის “დილასთვის” სასიამოვნოდ გასახსენებელი გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს: “ორჰუსი” სტუმრად ფრეზე გაეყარა “ოლბორგს” - 0:0. ქართველთაგან მხოლოდ მათე ვაწაძემ ითამაშა, ისიც ბოლო 19 წუთი. დავით სხირტლაძე და დავით დევდარიანი განაცხადში არ იყვნენ ტრავმების გამო. “ორჰუსი” მეხუთე ადგილზეა.

კვიპროსზე “ანორთოსისმა” მოულოდნელად შინ 1:2 წააგო “დოქსასთან”, არადა, განვლილ 3 ტურში ქულათა მაქსიმუმი ჰქონდა. “ანორთოსისის” 10 ნომერი შოთა გრიგალაშვილი 35-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, როცა მისი გუნდი უკვე 0:2-ს აგებდა.

პოლონურ ექსტრაკლასას ნიკა ძალამიძე დაუბრუნდა: მან პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ. “იაგელონიამ” გასვლაზე 1:1 ითამაშა “ზაგლებიესთან” და ძალამიძე 74-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ხოლო გიორგი ფოფხაძე სასტარტოში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. “იაგელონია” მეხუთე ადგილზეა.

რუსეთში “რუბინმა” “კრასნოდართან” გასვლაზე 0:1 წააგო. ყაზანელთა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა საბა კვირკველია შეუცვლელად ათამაშა. “რუბინი” მეცხრე ადგილზეა.

მახაჩყალის “ანჟიმ” კი, რომელიც ძველი “ანჟის” აჩრდილიღაა, კვლავ ვერ მოიგო -  “ამკართან” შინ 2:2. გია გრიგალავამ 90 წუთი ითამაშა. “ანჟი” ბოლოდან მესამე საფეხურზეა.

თურქეთში შოთა არველაძის გაწვრთნილ “ქასიმფაშას” ჰქონდა ცუდი ტური - შინ 0:2 წააგეს “ესკიშეჰირსფორთან” და 6 ტურის შემდეგ, მერვე ადგილზეა.

უკრაინულ პრემიერლიგაში “ილიჩივეცმა” შინ 0:1 წააგო უჟგოროდის ‘ჰოვერლასთან” და მეცხრე ადგილზეა. თორნიკე ოქრიაშვილი სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. აქტიური იყო ქართველი, თუმცა ორ მომენტში მეკარეს ვერ აჯობა. ყვითელი ბარათიც მიიღო. რაც შეეხება დავით თარგამაძეს, ის სათადარიგო იყო და არ უთამაშია. 

ქართული გოლი გავიდა ლატვიაში, სადაც “ილუკშტესის” მცველმა გიორგი ხუმარაშვილმა გაუტანა “იელგავას”. მან 51-ე წუთზე გამოიჩინა თავი, საბოლოოდ კი, “ილუკშტესმა” 1:3 წააგო. ხუმარაშვილმა და მისმა ქართველმა თანაგუნდელებმა, ლევან ჯალიაშვილმა და გიორგი ტუხაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. “ილუკშტესი” ბოლო ადგილზეა.

0.112846