ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-15 ტურში, ტურკუს “ინტერი”, რომელშიც ირაკლი სირბილაძე ირჯება, საკუთარ მოედანზე “მარიეჰამნთან” 0:2 დამარცხდა. ქართველ თავდამსხმელს არ უთამაშია, რადგან წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო და ორი მატჩითაა დისკვალიფიცირებული. “ინტერს” 17 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-10 ადგილზეა.
იუკონენლიგის (პირველი ლიგა) მე-11 ტურში, “კოოტეეპეემ” იიპო-სთან სტუმრად 0:1 წააგო. დამარცხებულთა რიგებში გიორგი ოსიტაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. “კოოტეეპეე” 19 ქულით 10-გუნდიან პირველობაზე მესამეა.
“კაიაანიმ” გასვლაზე “ჰაკასთან” 0:1 წააგო. სტუმართა სასტარტოში იყო კახა სამსონია, რომელიც 84-ე წუთზე შეცვალეს. 73-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო. “კაიაანი” 8 ქულით მერვეა.
სლოვენიაში შეკრებაზე მყოფი ლუგანსკის “ზორია”, რომლის ღირსებასაც ჯაბა ლიპარტია იცავს, ადგილობრივ “ცელიეს” დაუზავდა – 2:2. ქართველმა ნახევარმცველმა მეორე ტაიმი ითამაშა.
ბაქოს “ინტერში” თბილისის “დინამოს” ექსნახევარმცველის, ესპანელი მიკელ ალვაროს დებიუტი შედგა. ავსტრიულ შეკრებაზე კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ჩეხურ “სლავიასთან” ამხანაგური მატჩი 1:1 დაასრულა. ალვარო სასტარტო შემადგენლობაში იყო. შესვენების შემდეგ “ინტერის” შემადგენლობაში გამოჩნდნენ გიორგი ლომაია, ბაჩანა ცხადაძე და ალექსანდრე იაშვილი.
რუსეთის პირველი დივიზიონის სარანსკის “მორდოვიამ”, სადაც აკაკი ხუბუტია ასპარეზობს, თურქულ შეკრებაზე 3:1 აჯობა აზერბაიჯანულ აგდამის “ყარაბაღს”, რომელსაც ცოტა ხნის წინ ნიკა გელაშვილი შეუერთდა. ხუბუტიამ პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო გელაშვილი სასტარტოში არ ყოფილა და საინფორმაციო საშუალებები არ იტყობინებიან, უთამაშია თუ არა ქართველ ფორვარდს.