ინტერვიუები

14:43 | 28.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული კრივის სამყაროში დავა გრძელდება

რამდენიმე დღის წინ, ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელ რამაზ ფალიანთან, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ქართული კრივის სამყაროში. ფალიანმა ინტერვიუში ისაუბრა იმ არასასურველ და არაჯანსაღ გარემოზე, რამაც მას ხელი შეუშალა მუშაობაში. კრივის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ზეწოლაში პირდაპირ დაადანაშაულა ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი. ასევე, მისი კრიტიკის ობიექტი გახდა ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი კუკური შავგულიძე, რომელიც ფალიანის აზრით, დისკვალიფიცირებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ დააწინაურეს და ჭაბუკებიდან ახალგაზრდებში გადაიყვანეს. ბუნებრივია, ფალიანის ბრალდებებზე პასუხის გაცემა საჭირო გახლდათ. ჩვენ დაგვიკავშირდა ახალგაზრდული ნაკრების მოქმედი მწვრთნელი კუკური შავგულიძე, რომელმაც თავისი პოზიცია გამოხატა - საკმაოდ მძიმედ უპასუხა ფალიანის ბრალდებებს და ბუნებრივია, მასთან ინტერვიუც შედგა:
- ბ-ნო კუკური, რამაზ ფალიანის ინტერვიუმ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გააჩინა. თქვენ რას გვეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?
- დავიწყებ იმით, რომ კრივის ფედერაციის ყრილობაზე, ახალმა პრეზიდენტმა დავით კვაჭაძემ, სხდომის მონაწილეებს თავისი პროგრამა და გეგმები გაგვაცნო. გავეცანით მის მოსაზრებას, თუ როგორ აპირებს სპორტის ამ სახეობის განვითარებას. შემდეგ დასახელდა ის მწვრთნელები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში იმუშავებდნენ. მანამდე, ბ-ნი დავითი გაესაუბრა სპორტსმენებს და მწვრთნელებს. ერთი რამ ფაქტია, რამაზ ფალიანი ნაკრების მთავარ მწვრთნელად არავის სურდა. ბუნებრივია, დავით კვაჭაძემ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო და ფალიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როცა ფალიანმა გაიგო მისი გათავისუფლების შესახებ, პირდაპირ ლანძღვაზე გადმოვიდა. ჯერ ვლადიმერ ახალკაცს დაუწყო ლანძღვა, ხოლო შემდეგ ჩემზე გადმოვიდა. იძახდა, ეგ როგორ დანიშნეთ ახალგაზრდებში მთავარ მწვრთნელად, ოლიმპიადაზე კაცი სასწორამდე ვერ მიიყვანაო. კატეგორიული ტონით, ნაკრების თავკაცი ჩემს დისკვალიფიკაციასაც მოითხოვდა. მე, აღნიშნულ თემაზე ჩემ წილ პასუხიმგებლობას არსად გავურბივარ, მაგრამ ჩემზე და თურქაძეზე მეტად, ეს ამბავი არავის განუცდია. თუმცა, აქ ეს არ არის მთავარი... მე ვიცი რა აწუხებს ფალიანს და გავაგებინებ მთელ ქვეყანას, თუ ვინ არის რამაზ ფალიანი, რა ბინძური გზებით გაიკაფა გზა მწვრთნელობისაკენ და ახლაც იმავე გზებით ცდილობს შეინარჩუნოს თანამდებობა.
- ისე, ბ-ნო კუკური, კრივის ქომაგებს მართლაც აინტერესებთ, თუ რა მოხდა ლონდონში?  
- ბრიტანეთში ჩასვლა გვიან, ბრძოლის წინა დღეს მოგვიწია. მე ათი წელიწადია ასეთი დონის შეჯიბრებაზე არ ვყოფილვარ. სამწუხაროდ, ჩვენთვის არ გადმოუციათ პროგრამა, თორემ ასეთი რამ არ დაგვემართებოდა. ჩასვლის დღეს მერაბმა წონა ჩააბარა და ყველაფერი წესრიგში იყო. თურმე აწონვა მეორე დილითაც უნდა მომხდარიყო... ეს ყველაფერი იმ პროგრამაში იყო ნაჩვენები... მოკლედ, მოგვივიდა ძალიან მძიმე შეცდომა, მოხდა ცუდი ფაქტი, რომელმაც მეც და თურქაძეც უმძიმეს სტრესში ჩაგვაგდო. ხუთი დღე ვიყავით ჩაკეტილები ოთახში და საჭმელი საერთოდ არ მიგვიღია. სპორტის სამინისტროს და კრივის ფედერაციის წარმომადგენლები ჩვენს მდგომარეობაში შევიდნენ და შეეცადნენ, მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგვხმარებოდნენ, რათა ძველებურად გაგვეგრძელებინა მუშაობა. რატომ არის ამ ფაქტით ახლა ყველაზე მეტად ფალიანი დაინტერესებული? მას ვერ მოუნელებია, რომ თურქაძე ოლიმპიადაზე მისი ხელმძღვანელობით ვერ მოხვდა.
- როგორც ჩანს, თქვენს შორის კარგი ურთიერთობა არც ამ ინტერვიუმდე ყოფილა. თურქაძე, ძირითადად, თქვენი ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. რა იყო ამის მიზეზი?
- მერაბს ფალიანის სახელის გაგონება არ უნდოდა. მისი მხრიდან ვერ გრძნობდა ობიექტურობას. ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატზე, თურქაძის ნაცვლად ისეთი მოკრივე წაიყვანა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატიც კი არ ჰქონდა მოგებული. ნაკრების მწვრთნელმა თურქაძეს და თავაძეს ნაკრების შეკრება მიატოვებინა. ისინი ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, იქ ისეთი სიბინძურეა, გაჩერებას აზრი არ აქვსო. მსოფლიოზე წარუმატებლობის გამო, ფალიანი უნდა მოეხსნათ, მაგრამ იგი ფედერაციის მაშინდელმა თავკაცმა პეტრე ცისკარიშვილმა დაიცვა და მთავარ მწვრთნელად დატოვა. ახლა, თურმე “ოცნებაში” არის გადასული და იძახის ივანიშვილი დამიცავსო. მაგას “ყვარყვარე” კი არა, “თხა და გიგოც” კი არ აქვს წაკითხული და რა უნდა მოჰკითხო... ადამიანი უმადური არ უნდა იყო. ცისკარიშვილზე ცუდის თქმა არ შეგვიძლია, ყველანაირად გვერდით გვედგა. ნაკრებს არც შეკრება აკლდა და არც პირობები. კვაჭაძემ და მე შიმშილობის პერიოდში შევძელით 5 ოლიმპიელის მომზადება. გეუბნებით, ოლიმპიადის წინ ამ ბიჭებს ნორმალური მწვრთნელი რომ ჰყოლოდათ, იგივე შედეგის გამეორება თავისუფლად იყო შესაძლებელი. იძახიან, ფულებს გვართმევდნენ და წილში გვეჯდნენო... საოცარია, მაგათგან 20 თეთრი არ მინახავს დახარჯული და რა ფულის გადამხდელები იყვნენ. ამ პერიოდში ხელფასიც ავიღე და პრემიაც, მაგრამ წილში არავინ ჩამჯდომია....
- ოლიმპადის წინ, ტრაბზონის სალიცენზიო ტურნირის წინ, თურქაძე ნაკრებთან ერთად არ ვარჯიშობდა, რა იყო ამის მიზეზი?
- მსოფლიოს შემდეგ სალიცენზიო ტურნირისათვის მზადება დაიწყო და მე თურქაძეს უკრაინაში გამაყოლეს. შრომა და ჯაფა არ დაგვიკლია კარგად რომ მოვმზადებულიყავით. ფალიანს და მის მეგობრებს კი, უკრაინაში ლოთობის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ამას პირდაპირ ვაცხადებ! მივხვდი, რომ ესენი არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ. ამიტომაც, საქართველოში რომ დავბრუნდით, შეკრება თბილისში იყო დანიშნული, მაგრამ თურქაძე ქუთაისში წამოვიყვანე და მომზადება აქ გავაგრძელეთ. ტრაბზონში ცალ-ცალკე გავემგზავრეთ. იქ კი, ლიცენზია მხოლოდ თურქაძემ აიღო. ფალიანმა და მისმა დამქაშებმა სწორედ მაშინ მიიღეს პირველი შოკი. მერე მოინდომა ლონდონში გაჰყოლოდა თურქაძეს, მაგრამ სპორტსმენს მისი დანახვაც არ სურდა.
- ეს დაპირისპირება საიდან დაიწყო?
- ამ მოვლენებამდე, ფალიანი, ქუთაისელ მწვრთნელ ზაალ ჯავახაძესთან ერთად, თურქაძის გადაბირებას ცდილობდა. მერაბს ისინი ერთობლივად არწმუნებდნენ – ყველ შეჯიბრებაზე შენ უნდა წახვიდე, შენი პირადი მწვრთნელი ხელს რომ არ გიშლიდესო. ჩვენთან გადმოდი და გზაც ხსნილი გექნებაო. 30 წელიწადია მწვრთნელად ვმუშაობ და არ ყოფილა პერიოდი, ნაკრებისათვის მოკრივე არ მიმეწოდებინოს. ჩემს დისკვალიფიკაციაზე რომ საუბრობს, გაიხსენოს, თავად ერთი მოკრივე მაინც თუ ჰყავს გაზრდილი.... თუ ასე მაგარი მწვრთნელია, როგორც თავად ამტკიცებს, იმუშაოს დარბაზში და დაამტკიცოს მისი სიძლიერე. სხვებზე რომ ლაპარაკობს, გაიხსენოს როგორ წავიდა ბარსელონას ოლიმპიადაზე. რა ინტრიგების წყალობით მოხვდა იქ. ყველაფერი გააკეთეს ფალიანმა და მისმა მწვრთნელმა ალიოშა ჯაფარიძემ, რომ იქ მოხვედრილიყვნენ. დსთ-ს პირველობას მაშინ ვინც მოიგებდა, ოლიმპიადაზე ის უნდა წასულიყო. ფალიანი მაგ ტურნირზე დამარცხდა. ჩემპიონატი ერთადერთმა ქართველმა, თენგიზ მესხაძემ მოიგო, ერთობლივად “შავების”, “თეთრების” და კრიმინალური ავტორიტეტების წყალობით, მესხაძე ოლიმპიადის მიღმა დატოვეს. მის მაგივრად რუსი ჩასვეს, სანაცვლოდ, მწვანე შუქი ფალიანს აუნთეს და ის გაუშვეს ბარსელონაში. ეს ამბავი ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მოხდა. გავაპროტესტეთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ გვაგრძნობინეს, რომ პროტესტს აზრი არ ჰქონდა... ჩემზე რომ ამბობს შეარცხვინა საქართველოო, თუ ასეთი პატრიოტი იყო, ხან რუსებს რომ ეტმასნებოდა და ხან თურქებს, მაშინ რატომ არ ახსოვდა სამშობლო. აქ ჩვენ უმძიმეს პირობებში, კუპონებზე გვიწევდა მუშაობა, ეგ კი ეროვნულ ნაკრებში არ კადრულობდა ჩამოსვლას. თურქაძემ ლიცენზია რომ მოიპოვა და თავად ხელმოცარული დარჩა, ამას ვერ ინელებს. ფედერაციამ ჩემი დანიშვნისას იმ შედეგებით იხელმძღვანელა, რომელიც კადეტთა ნაკრებს ჰქონდა ბოლო დროს ნაჩვენები. ჩემი მწვრთნელობის დროს, ევროპის ჩემპიონი გახდა ალექსანდრე დოკვაძე, პრიზიორები გახდნენ ბერიკა მხეცაძე, ჯემალ შალამბერიძე, გიორგი გიორგაძე... თავს არც საერთაშორისო ტურნირებზე ვირცხვენდით. დეკემბერში ევროპის პირველობა ჩატარდა 19-22 წლის მოკრივეთა შორის. ნაკრების ხელმძღვანელობა მე დამავალეს. ტურნირამდე ორი კვირით ადრე დავიწყეთ მზადება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში უვარჯიშებელი ბიჭები, ფორმაში ჩავაყენე. ჩემპიონატზე თავი არ შევირცხვინეთ და ვერცხლის მედალიც მოვიპოვეთ. ჩემს დისკვალიფიკაციაზე რომ საუბრობს, კარგად გაიხსენოს ზუგდიდში როგორ დათვრა და მსაჯებს როგორ აგინა. ასევე ცუდად იქცეოდა უკრაინაში, სადაც ვაფრთხილებდი კიდეც... დერეფანში ნუ იხმაურებთ, სპორტსმენებს მოსვენება აცადეთ-თქო... ყველაფერს კარგად რომ გაიხსენებს, მერე აღარ გაუკვირდება, თუ რატომ არ აკარებენ ნაკრებს...
- თქვენ ფალიანს სერიოზულ ბრალდებებს უყენებთ...
- ეს, ბრალდებები კი არა, სიმართლეა და ამას სხვებიც დამიდასტურებენ. ფედერაციის ახალი პრეზიდენტი მოკრივეებს ესაუბრა და მას შემდეგ მიიღო ფალიანის ნაკრებიდან ჩამოშორების გადაწყვეტილება. ისე, ჭაბუკებში მუშაობა შესთავაზეს, მაგრამ არ შეიძლება ასეთ ადამიანს ახალგაზრდების ბედი მიანდო. სიმართლე გითხრათ, მრცხვენია, რომ იძულებული გავხდი ასეთი პასუხი გამეცა მისთვის, მაგრამ იმ სითავხედეს, რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდი.
- მერაბ თურქაძე სად არის ახლა და თუ ვარჯიშობს?
- სტრესი, რომ გადაელახა, მერაბმა ვარჯიში ლონდონშივე განაახლა. იგი ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. თურქაძე გაორმაგებული ენერგიით ვარჯიშობს, შედეგებსაც აჩვენებს და ჩასაფრებულ ხალხს ქირქილის საშუალებას არ მისცემს.
- კრივის ფედერაციაში მთლად ჯანსაღი სიტუაცია ვერ არის. თქვენი აზრით, მოვლენები როგორ განვითარდება?
- ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს, რომ სიტუაცია დაალაგოს და იმედი მაქვს, ყველაფერი რიგზე იქნება.
 

ზაზა ლეთოდიანი ქუთაისიდან                    
 

0.12504