უკვე წლებია, ქართული სამოყვარულო კრივი სავალალო დღეშია. თუ შიგადაშიგ ეს სახეობა სასაუბრო თემად იქცევა ხოლმე, მხოლოდ იმ სკანდალების გამო, რომლებიც არც შიდა სამზარეულოში აკლიათ და არც საერთაშორისო არენაზე. ამჯერად საქართველოს კრივის ფედერაციამ წმინდა სპორტული ხასიათის პრესკონფერენცია გამართა – დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს ნაკრების მიერ ორ საერთაშორისო ტურნირზე ნაჩვენები შედეგები შეაჯამეს. პრესკონფერენციას “მსოფლიო სპორტის” გარდა არც ერთი სპორტული და არასპორტული გამოცემის, სპორტული ვებ-გვერდის, რადიოს თუ ტელევიზიის ჟურნალისტი არ დასწრებია. მოკრივეების გვერდით არც სამინისტროს ხელმძღვანელობიდან მჯდარა ვინმე. ფედერაციის პრეზიდენტმა დავით კვაჭაძემ, გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა და ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დავით წიკლაურმა სოფიისა და ბაქოს რინგზე ქართველი მოკრივეების გამოსვლის შესახებ ფედერაციისვე წარმომადგენლებთან, მწვრთნელებთან და რამდენიმე მოკრივესთან ისაუბრეს.
შეგახსენებთ, 25 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, სოფიაში “ა” კლასის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრები 4-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა და ერთი მედალი მოიპოვა - ზაალ კვაჭატაძე (69 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
5-9 მარტს კი ბაქოში, ასევე “ა” კატეგორიის საერთაშორისო ტურნირზე – “აბრეშუმის გზაზე” რინგზე შვიდი ქართველი ავიდა და შვიდივემ მედალი აიღო. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი მე-2 ადგილი დაიკავა. მიხეილ ბახტიძე (+91 კგ) ჩემპიონი გახდა, ირაკლი მელიქიშვილი (64 კგ) და გელა აბაშიძე (69 კგ) მხოლოდ ფინალში დამარცხდნენ, გოგა გელაშვილი (60 კგ), გოჩა ბადურაშვილი (75 კგ), რომან თავაძე (81 კგ) და ირაკლი გვენეტაძე (91 კგ) კი ბრინჯაოებს დასჯერდნენ.
დავით კვაჭაძემ საუბარი აზერბაიჯანული ტურნირით დაიწყო და აღნიშნა, რომ ამ შეჯიბრებიდან, იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე ელოდა. წარმატების უმთავრეს მიზეზად ფედერაციის პრეზიდენტმა შიდა სიტუაციის დალაგება, მწვრთნელთა კონტინგენტის სწორად შერჩევა და ნაკრების მოსამზადებელი ციკლის პროფესიულად დაგეგმვა დაასახელა. კვაჭაძემ მონდომებულ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ერთად მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსაც გადაუხადა, კრივის ყოველწლიური დაფინანსების საგრძნობლად გაზრდისთვის. ფინანსური მხარდამჭერი ქართუ ჯგუფიც ახსენა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ქართული კრივი მაინც უმძიმეს დღეშია.
“ნაკრები გასულ ტურნირებზე საკმაოდ კარგად გამოვიდა, რაც პირველ ყოვლისა სპორტსმენების და მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომის და მონდომების დამსახურებაა. კარგი იქნებოდა, მათი ფინანსური წახალისებაც შეგვეძლოს, მაგრამ სამწუხაროდ ამის საშუალება არ გვაქვს. დღეს ვილნიუსში იწყება პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის. მასში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც ჩაერთვება. მინდა ბიჭებს წარმატებასთან ერთად ჯანმრთელობა ვუსურვო, რადგან თუ რომელიმე მათგანი ტრავმას მიიღებს, ჩვენ დახმარებას ვერ შევძლებთ. სპორტსმენებისა და მწვრთნელების სტიპენდიებისთვის 8 ათასი ლარი გამოგვიყვეს. ვეცადეთ ეს თანხა მაქსიმალურად სამართლიანად გადაგვენაწილებინა. ასეც მოვიქეცით, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 100 და 200-ლარიანი სტიპენდიებით მოგვიხდა დაკმაყოფილება” – განაცხადა დავით კვაჭაძემ და იქვე დასძინა, რომ სამწუხაროდ, კრივის ფედერაციამ სპონსორების მოძებნა ვერ შეძლო.
ვლადიმერ ახალკაცმაც, პირველ ყოვლისა, ბაქოს ტურნირზე გაამახვილა ყურადღება, აღნიშნა რა, რომ ამ რანგის შეჯიბრებაზე ასე ხვავრიელად გამოსვლა უდიდესი წარმატება იყო.
“ბოლო წლებში ჩვენი სპორტსმენების ერთ-ერთი უმთავრესი ხელისშემშლელი ნაკლი გამძლეობის პრობლემა იყო. ბოლო ტურნირებზე შედეგებზე არანაკლებ გამახარა იმან, რომ ეს პრობლემა ვეღარ შევნიშნე. სასიხარულოა, რომ გუნდი სწორი გზით მიდის. მადლობა სპორტის სამინისტროს, რომელმაც ბიუჯეტი თითქმის გაგვიორმაგა და რა თქმა უნდა, მადლობა “ქართუ ჯგუფს” – განაცხადა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა.
დასასრულ ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დავით წიკლაურის კომენტარიც:
“უმძიმეს დღეში მყოფი ნაკრები ჩავიბარე, მაგრამ საქმეს დიდი მონდომებით შევუდექი. ამაში პირველ ყოვლისა, ბიჭების შემართება დამეხმარა. მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა, მაგრამ ფინანსური საკითხი ჩვენთვის პირველ ადგილზე ნამდვილად არ დგას. ხელფასი შედეგებით უნდა დავიმსახუროთ. მადლობა სპორტის სამინისტროს, რომელმაც მეტი დაფინანსება გამოგვიყო და საშუალება მოგვცა, წელი დაგვეგეგმა. ბულგარეთსა და აზერბაიჯანში ნაკრების საერთო შედეგიანობით რა თქმა უნდა, კმაყოფილი დავრჩი. სიმართლე გითხრათ, ბაქოში სამ მედალს ვგეგმავდი. დარწმუნებული ვარ, ქართული კრივი გაცილებით კარგ დღეში იქნებოდა, 22-23 წლის სპორტსმენებისთვის საერთაშორისო არენაზე გასვლის და გამოცდილების მიღების შანსი აქამდეც რომ მიეცათ. ბევრ მათგანს სწორედ ახლა უწევს სადებიუტო ტურნირზე გამოსვლა. ჩემი მიზანი ევროპისა და მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატებისთვის ისეთი ნაკრების მომზადებაა, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის და ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის იბრძოლებს”.
http://msy.gov.ge-ს ფოტო