ძიუდო

18:54 | 22.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ჰიმნის დღე ბოსნია ჰერცეგოვინაში

 

სარაევოში, ძიუდოისტთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე დღე, საქართველოს ნაკრებისთვის პირველ-მეორე დღეზე გაცილებით წარმატებული გამოდგა. გია გუგავას გაწვრთნილმა გუნდმა, ორი ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო გამოიმუშავა.

დღეს, ვაჟებში სამ უმძიმეს წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები და ორში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველი ძიუდოისტები ავიდნენ. ევროპის ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (100 კგ) გახდნენ. ევროპის შარშანდელ ჩემპიონს, მძიმეწონოსან ლევან მატიაშვილს კი, ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა.

ბექა ღვინიაშვილი ევროპირველობაზე კონტინენტის ვერცხლის პრიზიორის რანგში ჩავიდა, ოღონდ, შარშანდელ ჩემპიონატზე ერთი წონითი კატეგორიით დაბლა, 81 კილოგრამში იჭიდავა, ამჯერად კი 90-ში.

შეჯიბრება პოლონელ პატრიკ ციეჩომსკისთან შეხვედრით გახსნა - მეტოქეს სამ წუთში ორი ვაზარი შეუსრულა. ჰოლანდიელ მაქს დე ვრეეზეს, ასევე ორი ვაზარისთვის, წუთით ნაკლები აკმარა. ავსტრიელ ლორინ ბოელერთან პირველ ვაზარს შებოჭვა მიაყოლა. ნახევარფინალში პორტუგალიელ სელიო დიასს ისევ ორი ვაზარით გასცდა. საჩემპიონო ბრძოლაში კი, ჰოლანდიელი მიხაელ კორელი ორ წუთში შებოჭა.

გურამ თუშიშვილმა პირველ მეტოქესთან, ავსტრიელ მაქსიმილიან ჰაგენედერთან, 11 წამში, ვაზარად შეფასებული გდებაც მოასწრო და ხელის მტკივნეულიც. ბელარუსი მიკიტა ჟოლუზეუ ორ წუთში ორჯერ დააგდო ვაზარზე. ნახევარფინალში გერმანელ ლეონ შტრობერსაც ორი წუთი აკმარა ორი ვაზარის ასაღებად. ფინალში კი ფრანგ ნაბილ მაჩტრუსთან შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა: მეორე წუთზე ვაზარზე დავარდა, ნახევარ წუთში ანგარიში გაათანაბრა, კიდევ ნახევარ წუთში კი, მოწინააღმდეგეს სუფთა გდებაც შეუსრულა.

ლევან მატიაშვილს შეეძლო, სარაევოს საჭიდაო დარბაზში შეკრებილთათვის საქართველოს ჰიმნი მესამედ მოესმენინებინა, მაგრამ ამაში ხელი რუსმა ანტონ კრივობოკოვმა შეუშალა. გადამწყვეტი, სწორედ მის მიერ შესრულებული ერთადერთი იუკო აღმოჩნდა.

ფინალამდე, მატიაშვილმა სამი შეხვედრა მოიგო და სამივე ძალიან ადვილად. უნგრელი ბენდეგუზ დემეტერი პირველი წუთის მიწურულს ვაზარზე დააგდო და უმალ შებოჭა. ესტონელ ჰენრიხ სილდვეერს წუთნახევარში შეუსრულა ულამაზესი კისრული. ნახევარფინალში კი, უკრაინელ ანტონ რუდნიკს ერთი წუთი აკმარა ბეჭებზე გასაკრავად.

მატიაშვილის ძლევამდე, ანტონ კრივობოკოვმა ოქრო-ვერცხლის შანსი საქართველოს ნაკრების სახელით მოჭიდავე გიორგი ზაქარიაძეს დააკარგვინა. ეს ნახევარფინალი უილეთოდ ჩამთავრდა. ქართველი მძიმეწონოსანი მსაჯმა ოთხჯერ გააფრთხილა, რუსს კი რატომღაც, მხოლოდ ორი შიდო აკმარა. არადა, კრივობოკოვი ზაქარიაძეზე აქტიური ნამდვილად არ ყოფილა.

ნახევარფინალამდე, გიორგი ზაქარიაძემ ძირითად ბადეში სამი შეხვედრა ჩაატარა. სერბ ზარკო ცულუმს მეოთხე წუთზე შესრულებული ეფექტური გდებით მოუმთავრა საქმე. მეორე წრეში სლოვენიელი ვიტო დრაგიჩი პირველივე შეტევით, 20 წამში დასცა ბეჭებზე. უკრაინელ იაკივ ხამოს ორი გაფრთხილებით გასცდა. რეპეშაჟის ფინალში კი, კრივობოკოვისა და მსაჯების ჯავრი ფრანგ ნაბილ ზალაგზე იყარა – 18 წამში გააკრა ტატამს.

100 კილოგრამში, თუშიშვილის გარდა, კიმონო თორნიკე ოთინაშვილმაც მოირგო და კვარცხლბეკამდე ერთი მოგება დააკლდა. ძირითად ბადეშიმ ოთინაშვილმა ლიტველი როკას სიმონისისა და ჰოლანდიელი სოერედ მიერლოს ძლევის შემდეგმ ბელარუს ვიკტარ ლარჩანკასთან ერთით მეტი გაფრთხილების გამო წააგო და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო. გერმანელ მარიუს პეპკეს ვაზარით აჯობა, მაგრამ კიდევ ერთ გერმანელთან, თუშიშვილისგან ძლეულ შტრობერთან ვეღარას გახდა.

დღესვე, სარაევოს ტატამზე ლაშა ტაველურიც (90 კგ) გავიდა. კარგადაც დაიწყო - სლოვენიელ ტადეჟ მულეცს იუკოთი გასცდა, მაგრამ მერვედფინალში უნგრელ გერგო ფოგასისთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, პირველი კვარცხლბეკზე ლევან გუგავა ავიდა, რომელმაც 73 კილოგრამში მეორე ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლით, ქართულმა ათეულმა, საერთო გუნდურ ჩათვლაში, 41 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.

 

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი

ახალგაზრდები

სარაევო

20-22 სექტემბერი

ვაჟები

 

55 კგ

1 დავუდ მამადოვი (აზერბაიჯანი)

2 ვინსენტ მანქე (საფრანგეთი)

3 აკოშ ბარტა (უნგრეთი)

3 მეჰმან სადიგოვი (აზერბაიჯანი)

 

60 კგ

1 რაშად რუფულაიევი (აზერბაიჯანი)

2 აჰმეთ შაჰინ კაბა (თურქეთი)

3 ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

3 ორუჟ ვალიზადა (აზერბაიჯანი)

5 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

 

66 კგ

1 გეორგიოს აზოიდისი (საბერძნეთი)

2 ენტონი ზინგი (გერმანია)

3 ილია ციგანოვიჩი (სერბეთი)

3 მარტინ ვეგვარი (უნგრეთი)

 

73 კგ

1 რომან მუსტოპულოსი (საბერძნეთი)

2 ლევან გუგავა (საქართველო)

3 სამი ჩოუჩი (ბელგია)

3 ნუნო სარაივა (პორტუგალია)

 

81 კგ

1 ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)

2 ტომაშ სზეპანიაკი (პოლონეთი)

3 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)

3 მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი)

 

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

2 მიხაელ კორელი (ჰოლანდია)

3 გერგო ფოგასი (უნგრეთი)

3 დავიდ ტეკიჩი (გერმანია)

 

100 კგ

1 გურამ თუშიშვილი (საქართველო)

2 ნაბილ მაჩტრუ (საფრანგეთი)

3 ლეონ შტრობერი (გერმანია)

3 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)

5 თორნიკე ოთინაშვილი (საქართველო)

 

+100 კგ

1 ანტონ კრივობოკოვი (რუსეთი)

2 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

3 გიორგი ზაქარიაძე (საქართველო)

3 იაკივ ხამო (უკრაინა)

 

გუნდური ჩათვლა. ვაჟები

                                       ო     ვ     ბ     V     VII

1 საქართველო             2     2     1     2        0

2 აზერბაიჯანი             2      0      3      0      1

3 საბერძნეთი              2      0      0      1      0

4 რუსეთი                     2      0      0      0      2

5 საფრანგეთი              0      2      0      1      0

 


 


0.117362