ჭიდაობა

0:16 | 15.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართული გუნდი დაღესტანში სამეულს ვერ შეწვდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ხასავიურტში გამართულ საკონტინენტთაშორისო თასზე სამეულს მიღმა დარჩა. ქართული გუნდი დაღესტანში დავით ხურციამ ჩაიყვანა. შემადგენლობა კი ძირითადად ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული. ქართველები ქვეჯგუფში ბელარუსთან, რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სამხრეთ კორეასთან და არმიის სპორტულ კლუბთან ერთად მოხვდა. მეორე ჯგუფში კი აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი, ბულგარეთი და დაღესტნის ნაკრები განთავსდნენ.
შეჯიბრი გუნდური პრინციპით გაიმართა და ფინალში ერთმანეთს ჯგუფების პირველადგილოსნები დაუპირისპირდნენ, ხოლო მეორე ადგილზე გასულებმა ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს. საქართველო საუკეთესო ორეულში ვერ მოხვდა და შესაბამისად, საპრიზო სამეულსაც ვეღარ შეწვდა.
ჩემპიონი დაღესტანი გახდა. ტურნირის მასპინძლებმა გადამწყვეტი გამარჯვება რუსეთთან მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი არმიის სპორტულმა კლუბმა აზერბაიჯანს აჯობა.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მიერ ნაჩვენები კონკრეტული შედეგები რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემამ სხვადასხვაგვარად გამოამზეურა. ერთადერთი, რაც ყველა წყაროში დაემთხვა, ისაა, რომ დავით ხურციას გუნდმა ხუთიდან სამი შეხვედრა მოიგო – ბელარუსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სამხრეთ კორეასთან. არმიის სპორტულ კლუბთან და რუსეთთან კი დამარცხდა.

ოთარ მაღლაკელიძე

0.119415