ფეხბურთი

14:27 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ქართული” გოლები ფინეთის იუკონენლიგაში

 

ფინეთის საფეხბურთო იუკონენლიგაში (პირველი ლიგა), თავი “კოოტეპეს” მცველმა გიორგი ოსიტაშვილმა გამოიჩინა. მისმა გუნდმა, 26-ე ტურში “ოულუნ პალოსეურას” უმასპინძლა და 5:0 გაიმარჯვა. ქართველმა მცველმა ორი ტაიმი ითამაშა და 85-ე წუთზე ანგარიში 4:0 გახადა. “კოოტეპეს” 44 ქულა აქვს და 10 გუნდში მესამეა. 28 წლის ოსიტაშვილმა, მიმდინარე სეზონში 23 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ამავე ტურში, იუკონენლიგაში  კიდევ ერთი “ქართული” გოლი გავიდა, რომლის ავტორი კახა სამსონია აღმოჩნდა. გათამაშების აუტსაიდერმა “კაიაანიმ”, შინაურ კედლებში იიპპო-ს 4:0 სძლია და სამსონიამ მოწინააღმდეგის კარი მე-80 წუთზე აიღო, რის შემდეგ, “კაიაანი” ორი ბურთით დაწინაურდა. სამსონიას გუნდს 17 ქულა აქვს და ბოლო, მე-10 პოზიციაზეა. 27 წლის ქართველმა  ნახევარმცველმა, ამ სეზონში “კაიაანიში” 23-ჯერ ითამაშა და 5 გოლი მიითვალა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში, დაუგავპილსის “დაუგავამ”, სადაც სამი ქართველი ლეგიონერი გამოდის, საკუთარ მოედანზე ლიეპაიას “მეტალურგსს” 1:0 აჯობა.

განვლილი მატჩი, მამუკა ღონღაძემ და გიორგი ჩიხრაძემ სრულად ჩაატარეს, ხოლო მათ მსგავსად სასტარტოში მყოფი ბიძინა ცინცაძე 86-ე წუთზე შეცვალეს. ღონღაძემ 76-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. დაუგავპილსელებს 42 ქულა აქვთ და 10 გუნდში მე-3 ადგილზე იმყოფებიან.

ლიტვის A ლიგის 31-ე ტურში, გარგჟდაის “ბანგა” სტუმრად პანევეჟისის “ეკრანასთან” 0:2 დამარცხდა. გარგჟდაელთა ქართველი ლეგიონერებიდან, ვაჟა ბედოიძემ თავიდან ბოლომდე იასპარეზა, თამაზ ჩარგეიშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო ირაკლი ღერკენაშვილი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო, ბექა კობიაშვილი კი 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ბანგას” 30 ქულა აქვს და 9 გუნდში მეექვსეა.

“ტაურასი” თავის მოედანზე “ჟალგირისთან” 0:3 დამარცხდა. მასპინძლებში ირაკლი თვალავაძე შეუცვლელად გაისარჯა, ხოლო გიორგი ჩარგაზია 58-ე წუთზე შეცვალეს. “ტაურასს” მხოლოდ 5 ქულა აქვს და გასაკვირი არაა, რომ ბოლო ადგილზეა.

უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) მე-12 ტურში, “მიკოლაევი”, რომლის ღირსებასაც გიორგი ჯგერენაია იცავს, გასვლაზე ალჩევსკის “სტალთან” 0:1 დამარცხდა. ქართველი მარცხენა მცველი შეუცვლელად გაისარჯა. “მიკოლაევს” 12 ქულა აქვს და 16 გუნდში მეთორმეტეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-20 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა” საკუთარ მოედანზე “სოგდიანას” 4:3 აჯობა. გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ იყო გუნდის კაპიტანი კახა მახარაძე. “ფახთაქორს” 38 ქულა აქვს და 14 გუნდში მეოთხეა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა “ატირაუმ”, შინ “ტობოლს” ვერ მოუგო – 0:0. მასპინძლებში გიორგი ფეიქრიშვილი 90 წუთი გაისარჯა. “ატირაუს” 21 ქულა აქვს და 12 გუნდში მერვეა.

“ჟეტისუმ”, რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის, სტუმრად “ტარაზი” 1:0 დაამარცხა და 16 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე თავკაცობს, შინაურ კედლებში იური სიომინის მიერ დამოძღვრილ “გაბალას” ვერ აჯობა – 0:0. “სიმურგს” 12 ქულა აქვს და 10 გუნდში მეექვსეა.

0.118489