საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ლევან გუგავამ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შარშანდელ ევროპირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ვერცხლით გააუმჯობესა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელის გიორგი რევაზიშვილის ვაჟი გადაეღობა, რომელიც საბერძნეთისა და რომან მასტოპულოსის სახელით ჭიდაობს.
გუგავა საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო სომეხ არტავაზდ ჰოვსეპიანთან შეხვედრით და მესამე წუთის ბოლოს შესრულებული სუფთა გდებით იმარჯვა. მერვედფინალში აზერბაიჯანელ აფიგ საფარლის ერთით ნაკლები შიდოს ხარჯზე აჯობა (ილეთებით ვაზარი ვაზარზე იყო). მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტი რუმინელ ვლად ვისანს ორ წუთში გაუსწორდა, ნახევარფინალში ჩეხ ჯაკუბ ჯეკმინეკს სულაც ერთი წუთი აკმარა. საჩემპიონო ბრძოლაში უკვე თავად წააგო სუფთად.
დღესვე მედლები 81 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა. საქართველოს დროშის ქვეშ უშანგი მარგიანმა იჭიდავა და შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა. დაუძლეველი ზღუდე მარგიანისთვისაც საბერძნეთის ნაკრების წევრი აღმოჩნდა – ევროპის 2012 წლის ჩემპიონ ალექსიოს ნტანაციდისთან ვაზარ-იუკოთი დამარცხდა. ამ შეხვედრამდე უშანგი მარგიანმა ორი მეტოქე ჩამოიშორა. პირველსავე წრეში რთული მოწინააღმდეგე ერგო, რუსეთის ნაკრების წევრ ალან ხუბეცოვის სახით, მაგრამ საქმე საფინალო სირენამდე 36 წამით ადრე იპონით მოამთავრა. ჰოლანდიელ რიკო ჰარდერს კი წუთი და 20 წამი აკმარა ორი ვაზარის შესასრულებლად.
81 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი რუსი ასლან ლაპინაგოვი გახდა. ფინალში მან პოლონელ ტომაშ სზეპანიაკს სძლია.
ხვალ მედლები ვაჟთა შორის 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს ამ წონებში ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე 90 კგ), გურამ თუშიშვილი, თორნიკე ოთინაშვილი (ორივე 100 კგ), ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (ორივე +100 კგ) წარმოადგენენ. მატიაშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ღვინიაშვილი ვერცხლის, ხოლო თუშიშვილი ბრინჯაოს პრიზიორი.