ჭიდაობა

10:47 | 14.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ჭიდაობით, ამჯერად მარტყოფმა და მეტეხმა გაიხარეს

ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ,  რიგით 19-ე, ახალი,  ღია ტიპის საჭიდაო არენა, ამჯერად სოფელ მარტყოფში გახსნა (ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ ხელშეწყობით, პირველ ეტაპზე, სრულიად საქართველოს მასშტაბით, 70 ახალი არენის აგებაა განსაზღვრული). ახალ არენებზე წვრთნა, ყმაწვილებისთვის უფასო გახლავთ, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე კი, ქართული ჭიდაობის თავკაცობა ამთავითვე ზრუნავს.

მარტყოფში გამართული შეიჯბრების მომდევნო დღეს, კასპის რაიონის სოფელ მეტეხში კი, იოსებ მაღალაშვილის სახელობის ტრადიციულ ტურნირს დიდძალი ხალხი დაესწრო. ორივე ხსენებულ შეჯიბრებაზე გამოირჩა 60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქარელელი ლაშა გიუნაშვილი. მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად მოასპარეზე შიდა ქართლელმა მოჭიდავემ, სატიტულო ორთაბრძოლებში, შესაბამისად,  თანაქალაქელი იოსებ ცერცვაძე და კასპელი რამაზ გუგულაშვილი დამაჯერებლად დაამარცხა და ორი დღის მანძილზე, პირად კოლექციას ერთბაშად ორი ტიტული შემატა. ასევე ორივე შეჯიბრი მოიგო ლაგოდეხელმა ჯაბა ბიწაძემ. ჰერელმა მოჭიდავემ, გადამწყვეტ ორთაბრძოლებში (80 კგ და 87 კგ წონებში) რუსთაველ ზაურ გაგნიძესა და გორელ გიორგი პაპუნაშვილს სძლია.

მიმდინარე სეზონის აღმოჩენამ, 18 წლის კასპელმა გიორგი კაციაშვილმა, მართალია, მარტყოფში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა მშობლიურ რეგიონში,  ფინალურ შეხვედრაში, გამოცდილი ლაგოდეხელი ალიკ ნანიევის დამარცხება და ტიტულის მოპოვება მოახერხა.

პრესტიჟულ მძიმე წონაში მოჭიდავეთა შჯიბრება, ტრადიციულად, უკომპრომისო ორთაბრძოლებითა და სენსაციური შედეგებით გამოირჩა. ახალციხელმა  ბექა ბერძენიშვილმა, მარტყოფში გამართული საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი დამაჯერებლად მოიგო და მეტეხში, ნახევარფინალში, საქართველოს მოქმედი ფალავნის, ქარელელ პაატა ღვინიაშვილის სენსაციური  დამარცხებაც მოახერხა(მიმდინარე სეზონში პირველი წაგება), თუმცა სატიტულო შეხვედრაში, საჩხერელ ონისე ბუღაძესთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მედლებთან, სამახსოვრო თასებთან და საპატიო სიგელებთან ერთად, ჩემპიონ–პრიზიორებს, ქართული ჭიდაობის ხელმძღვანელობამ,  ფულადი ჯილდოს სახით, გამარჯვებულს 250, ვერცხლის მედალოსანს 150,  მესამეადგილოსანს კი 100 ლარი გადასცა.

 ქართულ ჭიდაობაში მორიგი მნიშვნელოვანი შეჯიბრი ზესტაფონში გაიმართება. 25–27 ივნისს, მარგვეთი ჭაბუკთა შორის 2014 წლის ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლებს.

0.160678