19 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ქართული ჭიდაობის ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართა.
ყრილობაზე დღის წესრიგის ძირითადი საკითხი ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები იყო.
ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობისათვის 5 კანდიდატი იბრძოდა - გელა ბერუაშვილი, უშანგი ყურაშვილი, კაკო ბორცვაძე, ნოდარ სირბილაშვილი და პაატა ურიათმყოფელი.
საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის უფლების მქონე მოწვეული 49 დელეგატიდან მონაწილეობა 47-მა მიიღო.
არჩევნების მსვლელობისას უშანგი ყურაშვილმა, კაკო ბორცვაძემ და პაატა ურიათმყოფელმა კანდიდატურები მოხსნეს. ფარულ კენჭისყრაში გელა ბერუაშვილმა 28 ხმა მიიღო, ნოდარ სირბილაშვილმა კი 19. შედეგად, გელა ბერუაშვილი ქართული ჭიდაობის ფედერაციის ახალ პრეზიდენტად დამტკიცდა. ფედერაციის ახალი შემადგენლობის ასარჩევად ბერუაშვილმა 1-კვირიანი ვადა მოითხოვა.
ქართული ჭიდაობის საარჩევნო ყრილობას მოწვეული სტუმრების სტატუსით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - თამაზ თევზაძე და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.
ქართული ჭიდაობის ფედერაციას 2012 წლის აპრილიდან რამაზ ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.
სამინისტროს პრესსამსახური
http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=149&info_id=7991