ქართული ჭიდაობის ფედერაციას თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი, თემურ გიორგაძე უხელმძღვანელებს.სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში დღეს ჩატარებულ რიგგარეშე ყრილობაზე დღის წესრიგში ერთადერთ საკითხად საპრეზიდენტო არჩევნები იყო შეატანილი. ყოფილმა პრეზიდენტმა, უშანგი ყურაშვილმა თანამდებობა ახლახან, საკუთარი სურვილით დატოვა.
ხმის უფლების მქონე 85 დელეგატიდან რეგისტრაცია 79-მა გაიარა და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი ყურაშვილის განცხადებას. ასევე ერთსულოვნად აირჩიეს ახალი პრეზიდენტიც. თემურ გიორგაძე ერთადერთი კანდიდატი იყო და ამიტომ, გადაწყდა, კენჭისყრა ღია წესით ჩატარებულიყო.
ახლაგაპრეზიდენტებულმა გიორგაძემ დელეგატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნდობის გამართლებას დაჰპირდა, შემდეგ კი ფედერაციის ახალი, 9-კაციანი პრეზიდიუმის შემადგენლობა გააცნო. ყრილობა ამ შემთხვევაშიც ერთსულოვანი იყო და დამტკიცდა, რომ ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ყურაშვილი იქნება, ასევე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს სიმონ მაისურაძეც. გენერალური მდივანი კი ვლადიმერ იაშვილი გახდა. პრეზიდიუმის მცირერიცხოვნობამ რამდენიმე დელეგატის უკმაყოფილება, რატომღაც, მხოლოდ კენჭისყრის ჩამთავრების შემდეგ გამოიწვია, მაგრამ სიტუაცია სწრაფადვე განიმუხტა, მას შემდეგ, რაც გიორგაძემ განაცხადა, სამუშაო პროცესში გამოჩნდება ამ საკითხის აუცილებლობა არსებობს თუ არა და თუ დავინახავთ, რომ უფრო მრავალრიცხოვანი პრეზიდიუმი იქნება საჭირო, გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთო.
დარბაზი ქართულ ჭიდაობაში მოტრიალე ხალხით იყო გადაჭედილი და აბა როგორ იქნებოდა, ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ პრობლემას - საჭიდაო ჩოხების საკითხს არ შეხებოდნენ. კამათი რამდენიმე წუთს გაგრძელდა და გადამწყვეტი სიტყვა აქაც ახალმა პრეზიდენტმა თქვა. თემურ გიორგაძე დელეგატებს დაჰპირდა, რომ ამ საკითხზე სპეციალისტებთან ერთად უახლოეს მომავალში იმსჯელებს. ყრილობა ამ განცხადებით დასრულდა. „მსოფლიო სპორტმა“ კი გიორგაძეს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.
- ფედერაციაში რა ცვლილებების გატარებას გეგმავთ?
- პირველყოვლისა, გავაუქმებთ საფინანსო კომისიას. ფინანსური საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდება. ასევე გაუქმდება მსაჯთა კოლეგია და უშუალოდ, ტურნირების წინ დაინიშნებიან მსაჯები. სამაგიეროდ, ჩამოვაყალიბებთ დისციპლინარულ კომისიას.
- ფედერაციის მუშაობის შეფასებისას ხარვეზები ახსენეთ. ამ კომისიებს გულისხმობდით?
- ძირითადად ამ საკითხებს.
- თუ საიდუმლო არაა, საჭიდაო ჩოხაზე თქვენი პირადი აზრი როგორია?
- სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ჩამოყალიბებული ჯერ არ ვარ. მკლავიან და უმკლავო ჩოხებს თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ და საბოლოო გადაწყვეტილებას უშუალოდ პროფესიონალებთან ერთად, უახლოეს მომავალში მივიღებ.
- სატურნირო კალენდარშიც ხომ არ აპირებთ ცვლილებების შეტანას?
- არსებულ კალენდარს არც ერთი ტურნირი არ მოაკლდება. პირიქით, მოემატება.
ოთარ მაღლაკელიძე