თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლები დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში - 66, 74 და 84 კილოგრამში - თამაშდება. დილის პროგრამაში შეტანილი შეხვედრები უკვე დასრულდა და ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება საქართველოს ნაკრების სამივე წევრმა მოიპოვა.
ზურაბ დათუნაშვილსა (74 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძეს (84 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. ფინალში ორივე რუსეთის ნაკრების წევრს შეხვდება. დათუნაშვილი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, რომან ვლასოვს დაუპირისპირდება, გეგეშიძე კი ასევე ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსეი მიშინს.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, რუს ადამ კურაკთან წაგებით. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი მოლდოველ იონ ლუჩიტას სამრაუნდიან დაძაბულ შეხვედრაში 1:0 0:1 1:0 სძლია და “ბრინჯაოს ფინალში” ევროპის ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ჰასან ალიევს დაეჭიდება.
გადამწყვეტი ორთაბრძოლები 18.00 საათიდან დაიწყება.