2 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო – ესაა საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების გუშინდელი მონაგარი. ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის “ოქროს გრან-პრის” სამდღიანი გათამაშების პირველ დღეს მედლების 5 კომპლექტი გათამაშდა და 4 წონაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად მასპინძლები იბრძოდნენ.
იმის მიუხედავად, რომ თბილისის საერთაშორისო ტურნირს აქამდე არნახული სტატუსი მიენიჭა და რაც მთავარია, დასწრებაც უფასო იყო, სპორტის სასახლის ტრიბუნების ერთი მეოთხედიც კი არ შეივსო. დილის პროგრამას სულაც, 500-მდე მაყურებელი დაესწრო და მათგან თანამემამულე მოჭიდავეთა გამხნევება მხოლოდ ირანელ გულშემატკივრებს გაახსენდათ. ამ ქვეყნის ნაკრები თბილისში უძლიერესი შემადგენლობითაა ჩამოსული, ამასთან ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაციითაც – 31 კაცით. ქომაგები კი საქართველოში მცხოვრები ირანელები არიან და თუ ქართულ-ირანულ ფინალებს არ ჩავთვლით, გუშინ სტუმარმა ქომაგებმა მასპინძლები აშკარად დაჩაგრეს.
რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ მხარეს, აქ უპირატესობა მასპინძელთა მხარესაა. ბეგი დარჩიასა და ზაზა თურმანიძის გუნდების ერთობლივი მონაგარი ზემოთ მოგახსენეთ. ირანელმა კლასიკოსებმა და თავისუფლებმა კი ჯამში 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
პირველი, რამაც ჩვენი ყურადღება მიიქცია და არც თუ სასიამოვნოდ გაგვაოცა, მონაწილეთა მცირე რაოდენობა იყო. შეგახსენებთ, 16-18 ივლისს ბაქოში ჩასატარებელ “ოქროს გრან-პრის” ფინალური ეტაპის საგზურს თბილისურ ტურნირზე თითოეული წონითი კატეგორიის 8 საუკეთესო მოჭიდავე იღებს. ბერძნულ-რომაულ სტილში, 55 კილოგრამში 8 მონაწილე მთლიანად მოგროვდა. თავისუფალთა მძიმე წონაში 9 მოჭიდავე გადანაწილდა სატურნირო ბადეში და ამათგან უმეტესობა ქართველები იყვნენ. სულ გუშინ ლეიბზე 65 მოჭიდავე გავიდა მათგან 38 მასპინძელი.
ქართულ შემადგენლობებს რამდენიმე ტიტულოვანი წევრი გამოაკლდა. ძირითადად ტრავმების გამო. თავისუფალი სტილის მიმდევრებმა მძიმეწონოსნები – ალექსი მოდებაძე, დავით ოთიაშვილი, გიორგი ნიკურაძე და გიორგი საკანდელიძე მოისაკლისეს. ბერძენ-რომაელებმა – რამაზ ნოზაძე (96 კგ).
თავისუფალთა 60 კილოგრამში საქართველოს ნაკრების 2 უმთავრესი კანდიდატი: მალხაზ ზარქუა და მალხაზ ქურდიანი ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა. ფინალის საგზური ქურდიანმა მოიპოვა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი საოცარი შემართებით იჭიდავა და მსოფლიოს ჩემპიონსა და პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ საედ მოჰამადის შანსი არ დაუტოვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ქართველის მიერ მეორე სეტის ბოლო წამებზე აღებული ქულა იყო, რომლითაც ქურდიანმა ჩემპიონობა გაინაღდა. ზარქუამ კი ყაზახი აბლაი ტელტაევი დაამარცხა და მე-3 ადგილი დაიკავა.
ქართულ-ირანული ფინალი შედგა თავისუფალი სტილის მძიმე წონაშიც. ლევან ბერიანიძე მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორს, ფარიდ მასუმი ვალადს დაუპირისპირდა და შეძლებისდაგვარად შეებრძოლა კიდეც, მაგრამ ვერაფერს გახდა. თუმცა პირველი სეტი ირანელმა კენჭისყრით მოიგო. ფინალამდე ბერიანიძემ კიდევ ერთი ირანელი, დავუდ აჰმადი ჩამოიცილა, მასუმი ვალადიმ კი ნახევარფინალში დავით მოძმანაშვილს აჯობა.
2-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ხალიჩაზე დაბრუნებული მოძმანაშვილისგან პირველ “საერთაშორისო ოქროს” გულშემატკივარი სწორედ გუშინ ელოდა, მაგრამ მძიმეწონოსანს ჩვეულ ფორმამდე ჯერაც საკმაოდ ბევრი რომ აკლია, კარგად გამოჩნდა. მოძმანაშვილმა სულ 3 შეხვედრა ჩაატარა და უშუალოდ ჭიდაობისას ქულის აღება ერთადერთხელ შეძლო – რეპეშაჟის ფინალში, კანადელ არიან ბულართან.
მოულოდნელობა იყო მანუჩარ ცხადაიას (66 კგ) უტიტულოდ დარჩენაც. საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ტრავმიანობის შემდეგ პირველ ტურნირზე იჭიდავა და როგორც გამოჩნდა, ჯერ სასურველი კონდიციებისგან შორს დგას – ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა და ტარიელ ებრალიძესთან ორ სეტში დამარცხდა. ფინალამდე მისვლა ვერც ებრალიძემ შეძლო და ცხადაიას რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტა. ამ წონაში მასპინძელთაგან მხოლოდ ანტონ მამაგეიშვილი ავიდა კვარცხლბეკზე და ისიც მესამე საფეხურზე.
96 კილოგრამში ქართული ფინალი შედგა, ოღონდ ერთი სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობდა და ჩემპიონიც სწორედ ის გახდა. დავით სალდაძემ, რომელიც წლების განმავლობაში უკრაინის სახელით იხვეჭდა მედლებს, ამჯერად უზბეკები გაახარა. გადამწყვეტი გამარჯვება მან თავისზე ორჯერ უმცროს და გამოუცდელ ვასილი იმერლიშვილთან მოიპოვა. იქამდე კი ფინალის გზა იოსებ ჯაბიძესა და სერგო ნინუასაც გადაუღობა. რეპეშაჟის ფინალში სწორედ ჯაბიძე და ნინუა დაეჭიდნენ ერთმანეთს და ჯაბიძემ იმარჯვა.
უმსუბუქეს ბერძნულ-რომაე¬ლებს შორის კიდევ ერთი ქართულ-ირანული ფინალი გაიმართა და მასპინძელთათვის სასურველი შედეგით დასრულდა. ლაშა გოგიტაძემ მოუსენ ჰაჯიპური 2 სეტში დაჩაგრა. ბრინჯაოს მედალს ზურაბ კეკელიძე დაეუფლა, მინდია წულუკიძის ძლევით.
“ოქროს გრან-პრის” ჩემპიონებმა ოქროს მედლებთან ერთად 1500-1500 დოლარი მიიღეს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებმა – 800 და 500 დოლარი.
დღეს მედლები ბერძნულ-რომაულში 74 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო თავისუფალში – 55, 66 და 96 კილოგრამებში. წინასწარი შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება. ფინალები კი წინასწარი ინფორმაციის თანახმად, 18 საათიდან გაიმართება. გუშინ ფინალური ბრძოლები 17 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პირველ არხზე დაგეგმილი პირდაპირი ტელერეპორტაჟის გამო, ბოლო მომენტში 1 საათით გვიან გადაიწია.
ჭიდაობა. "ოქროს გრან-პრი".
თბილისი. 5 ივნისი
თავისუფალი
60 კგ
1 მალხაზ ქურდიანი (საქართველო)
2 საედ მოჰამადი (ირანი)
3 მალხაზ ზარქუა (საქართველო)
3 იოგეშვარ დუტი (ინდოეთი)
120 კგ
1 ფარიდ მასუმი ვალადი (ირანი)
2 ლევან ბერიანიძე (საქართველო)
3 დავით მოძმანაშვილი (საქართველო)
3 დავუდ აჰმადი (ირანი)
ბერძნულ-რომაული
55 კგ
1 ლაშა გოგიტაძე (საქართველო)
2 მოუსენ ჰაჯიპური (ირანი)
3 ზურაბ კეკელიძე (საქართველო)
3 აკბარ კუზიევი (უზბეკეთი)
66 კგ
1 აიბეკ იენსეხანოვი (ყაზახეთი)
2 ომიდ ნოროზი (ირანი)
3 ანტონ მამაგეიშვილი (საქართველო)
3 დარხან ბაიახმეტოვი (ყაზახეთი)
96 კგ
1 დავით სალდაძე (უზბეკეთი)
2 ვასილ იმერლიშვილი (საქართველო)
3 იოსებ ჯაბიძე (საქართველო)
3 მოჰამად აკბარი (ირანი)
ოთარ მაღლაკელიძე