საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს, მე-4 ტურის პარტიები გათამაშდა.
გამორჩეულ ინტერესს იწვევდა შეხვედრები ლიდერების, სალომე მელიასა და მაკა ფურცელაძის მონაწილეობით. მელია მიმდინარე ჩემპიონატზე მე-2 რეიტინგის მქონე სოფიკო გურამიშვილს ხვდებოდა, ხოლო ფურცელაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრს, საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულ სოფო ხუხაშვილს ეთამაშებოდა. ორივე შეხვედრა ყაიმით დასრულდა. ლიდერთა წაფორხილებით ისარგებლა გამოცდილმა, მიმდინარე ჩემპიონატზე ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ნინო ხურციძემ, რომელმაც შავებით ჩემპიონატის დებიუტანტ ანა კუჭავას მოუგო და ლიდერებს შეუამხანაგდა.
დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: ნინო ბაციაშვილი – მერი არაბიძე 0,5-0,5. მაია ლომინეიშვილი – ინგა ხურცილავა 1-0, სოფო გვეტაძე – ლიკა კობეშავიძე 1-0.
სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ: I-III – ხურციძე, ფურცელაძე, მელია, 3-3 ქულა; IV-V – გურამიშვილი, ლომინეიშვილი 2,5-2,5; VI-VIII – ხურცილავა, ბაციაშვილი, ხუხაშვილი 2,0-2,0; IX – გვეტაძე – 1,5; X-XI – არაბიძე, კუჭავა – 1,0-1,0; XII – კობეშავიძე – 0,5.