საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიტვაში, მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი ვერ დაძლია.
თეიმურაზ სვანაძის შეგირდები ბოლო ტურში ფარერების კუნძულების ნაკრებს ხვდებოდნენ და B ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდში მოსახვედრად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. თუმცა, ქართველი ქალები 1:2 დამარცხდნენ და მხოლოდ 3 ქულა დააგროვეს, რაც მომდევნო ეტაპზე გასავლელად არასაკმარისი აღმოჩნდა.
მატჩის 38-ე წუთზე ანგარიში ჰეიდი სევდალმა გახსნა, ხოლო ლელა ჭიჭინაძემ თანაფარდობა 47-ე წუთზე აღადგინა. 73-ე წუთზე სევდალმა ქართველთა კარი მეორედ აიღო და ფარერებს ჯგუფიდან გასვლა გაუნაღდა.
საქართველო: ჭკუასელი, პასიკაშვილი, სუთიძე, ქველიძე, ტატუაშვილი, სხირტლაძე, თოდაძე, მატვეევა, ჭიჭინაძე, მალიძე (კვალიაშვილი, 82), ბაქრაძე (ჩემინავა, 68).
68-ე წუთზე, მალიძემ ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 72-ზე თოდაძე გააფრთხილეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფარერების გარდა, ხსენებულ ჯგუფში ჩერნოგორია და ლიტვაც არიან, რომლებიც მოგვიანებით ითამაშებენ. ჩერნოგორიას 4 ქულა აქვს, ლიტვას - 0, შედეგად ბალკანელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის პრობლემა არ აქვთ. უბრალოდ, გასარკვევია, ჯგუფში პირველ ადგილზე გავლენ თუ მეორეზე.