ბლოგი

10:12 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქალის ნათქვამი

ჩემი ქმარი გიჟია. თუმცა ნეტა ფეხბურთის რომელი გულშემატკივარია დალაგებული?! განსაკუთრებით ცუდი დღეები მსოფლიოს ჩემიონატის დროს მაქვს ხოლმე და ყოველთვის ვცდილობ ამ გადარეულს და მის მეგობრებს გავეცალო, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ ამას და მთელი უბედურებებიც ასე იწყება.

 ეს და თავისი ძმაკაცები ჯერ კიდევ დილიდან ემზადებიან ხოლმე თამაშებისთვის. შეიკრიბებიან, დაიდგამენ ლუდს და იკლებენ მთელს სახლს. საღამომდე ჩამესმის ფრაზები: ”მაგათი საბლატაო სადაა?!“, “ორიანში ვზივარ”, “უთავდამსხმელო გუნდის დედაც!...”, “ეგენი ბოლოში მაინც ვერ ქაჩავენ”, “წინაზეც ეგრე უაზროდ გაასხა” და მისთანანი... ჩემს თავს კიდევ რა უჭირს, მიჩვეული ვარ ამ გიჟებს და ბოლოს და ბოლოს ერთ თვეს კი გაუძლებდა ადამიანი, მაგრამ ბავშვებს რა ვუყო? წინა მუნდიალის დროს ჩემი გოგო 5 წლის იყო და როდესაც მამამისსა და მის მეგობრებს უყურა, მოვიდა და მეუბნება: ”დედა, მამიკო ვუვუზელას აგინებს და ვინ არი ეგ დამპალი ვუვუზელა ძიაო”.. აბა რა უნდა ელაპარაკო ამ გიჟებს?...

 თუკი ჩვენს სახლში არა და ჩემი ქმრის რომელიმე ძმაკაცთან უყურებენ ფეხბურთს, არც მაშინ ვარ ხოლმე ბედნიერი, რადგან იმათი ცოლებიც მეცოდება, რომლებიც მირეკავენ და მიყვებიან ამათი “გმირობების” ამბებს. მაგალითად შარშანწინ, ევროპის ჩემპიონატის დროს, (ხომ ხედავთ, ჩემი ქმრის ხელში ისიც კი მახსოვს როდის რა ჩემპიონატი იყო) ჩემს თავისმომჭრელ ქმარს მეგობრის ბროლის ჭაღი გაუტეხავს და სულ გააგიჟა იმისი ცოლი. როცა ერთ-ერთ გუნდს გოლი გაუტანია (გაუხმეს ფეხი გამტანს) ხელში დაჭერილი ლუდის ბოკალი შემთხვევით მაღლა აუსროლია და ეს ძვირადღირებული ჭაღი თავზე ჩამომხობიათ. ორი დღე სახლში არ ვუშვებდი ჩემს ქმარს, მაგრამ მერე ხელფასის დრო მოსდიოდა და შემოვუშვი, მაგრამ ლოჯიაში ეძინა მთელი თვე. როგორც ვხედავდი იქ უფრო ბედნიერი იყო. ედგა იმ ლოჯიაში თავისი ტელევიზორი და დილიდან-საღამომდე საფეხბურთი კომენტატორის ბღავილი მესმოდა.

 ჩვენი ბიჭი უკვე 12 წლისაა და თავიდან ვატყობდით, რომ დიდად არ აინტერესებდა ეს ოხერი ფეხბურთი, რაც მე ძალიან მახარებდა, ჩემს ქმარს კი გუნებას უშხამავდა. მაგრამ უკვე ერთი წელია მამამისმა ხან ნაყინით, ხან შოკოლადით და ხან რითი მიიტყუა ფეხბურთთან და კინაღამ გული შემიღონდა ამ სამი თვის წინ, როცა 12 წლის ღლაპმა გამომიცხადა, “დედა, მეგობართან უნდა ვუყურო “ბარსელონას” თამაშს და ცოტა დამაგვიანდებაო”. არადა რა კარგად ცეკვავდა და ძალიანაც მოსწონდა ცეკვაზე რომ დამყავდა, მაგრამ მამამისმა ეგეც გადაიბირა და ამ ჩემპიონატზე ალბათ ერთად მომიწამლავენ ცხოვრებას.

 გუშინ ჩემი ოთხი წლის უნახავი დაქალი შემხვდა, რომელიც ქმარს გაშორებია. ისე, რომ არ დავმალო დიდად არ მომწონდა მაგისი ქმარი. რაღაცნაირი, უჟმური და მყრალი გუნების კაცი იყო. თურმე ტოტალიზატორში უმუშავია და მთელი ღამე ”კუშებს”, “დვოიკას”, “ლაბავოი ერთიანს” და “ფრეზე გაყრას” იძახდა. წარმოგიდგენიათ რა დღეში იქნებოდა მაგისი უბედური ცოლი? კიდევ დიდხანს აიტანა ეგეთი კაცი. კიდევ კარგი ჩემი ქმარი ტოტალიზატორს იშვიათად თამაშობს, თორემ მაგისი სიშტერის ამბავი რომ ვიცი ხომ დაგვაქცევდა მთელს ოჯახს?

 ახლა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს, ერთი ვერაგული გეგმა მაქვს მოფიქრებული ჩემი ქმრის წინააღმდეგ და აუცილებლად განვახორციელებ. მეც მასთან და მის მეგობრებთან ერთად ვუყურებ ფეხბურთებს და შიგადაშიგ ჩემს მოსაზრებებსაც გამოვთქვამ (ეს კაცებს ძალიან აღიზიანებთ) და იქნებ ამ გზით მაინც წავუხდინო ფეხბურთის ცქერის ხალისი. ყოველ შემთხვევაში, მე იმითაც კმაყოფილი დავრჩები, თუ ჩემი ქმარი მიხვდება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროს ამქვეყნად ფეხბურთის გარდა სხვა რამეებიც არსებობს. მაგრამ ამის იმედი ნაკლებად მაქვს...

0.119679