ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში 4 ტური მიილია, ქართული დელეგაცია კი ერთადერთია, რომელსაც როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა ტურნირში მარცხი არ განუცდია. შესაბამისად, საქართველოს ორივე გუნდი მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს.
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ტურნირის მე-4 ტური უფრო წარმატებული მე-3 ნომრად განთესილი ქალთა ნაკრებისთვის გამოდგა, რომელმაც სერბეთი (მე-12) 3.5:0.5 გაანადგურა.
საკუთარი პარტიები მერი არაბიძემ (2374), ბელა ხოტენაშვილმა (2524) და ლელა ჯავახიშვილმა (2423) მოიგეს, პირველ დაფაზე კი ნანა ძაგნიძემ (2556) ყაიმი დააფიქსირა.
შედეგად, ქართველმა ქალებმა 7.0 ქულა მოაგროვეს და მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს, ლიდერობა კი ხელთ პოლონეთის და უკრაინის ნაკრებებს უპყრიათ, რომელთა აქტივშიც 8.0-8.0 ქულაა.
დიდი ბრძოლაა გამართული ვაჟთა ტურნირშიც, რომელსაც ქულათა მაქსიმუმით საფრანგეთის ნაკრები ლიდერობს, შემდეგ კი 6.0-6.0 ქულით ერთბაშად 8 გუნდი, მათ შორის საქართველოც მოდის.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებს მხოლოდ მე-14 განთესვა გააჩნდა, თუმცა, ჯერჯერობით, ტოლს არავის უდებს. ამჯერად, ქართველები საბერძნეთის გუნდს (მე-15) დაუპირსპირდნენ და ყაიმს გამორჩნენ.
გამარჯვება იზეიმა ქართველთა ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2695), მარცხი შეემთხვა მერაბ გაგუნაშვილს (2556), ხოლო მიხეილ მჭედლიშვილმა (2631) და ლევან ფანცულაიამ (2595) ყაიმები დააფიქსირეს.