ჭადრაკი

20:35 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქალებმა მეოთხეზე დაასრულეს, კაცებმა – მეექვსეზე

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს როგორც კაცთა, ასევე ქალთა ნაკრებები მედლების გარეშე დარჩნენ. საბოლოოდ, ქალებმა მე-4 ადგილი დაიკავეს, კაცებმა კი – მე-6, თუმცა, უფრო წარმატებულად ამ უკანასკნელთა თამაში უნდა მივიჩნიოთ.

საქმე ის გახლავთ, რომ კაცთა გუნდს მხოლოდ მე-14 განთესვა გააჩნდა, ჩვენმა ნაკრებმა კი 9 ტურში ერთადერთი მარცხი განიცადა და უკან ისეთი ძლიერ გუნდები მოიტოვა, როგორებიც უკრაინა (მე-4 განთესვა), ინგლისი (5), ჰოლანდია (8) და ჩეხეთი (9) არიან.

აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ, ბოლოსწინა ტურში ვაჟების მიერ 2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული უკრაინის ძლევა (2.5:1.5), უკანასკნელ ტურში კი ქართველები ჩეხებს დაუზავდნენ და უნგრელების დარად 12 ქულა მოაგროვეს, თუმცა, მათ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩნენ.

შეგახსენებთ, რომ კაცთა ნაკრების ღირსებას ბაადურ ჯობავა (2695), მიხეილ მჭედლიშვილი (2631), მერაბ გაგუნაშვილი (2556), ლევან ფანცულაია (2595) და გაიოზ ნიგალიძე (2494) იცავდნენ.

ვაჟებში 14 ქულით ჩემპიონობა აზერბაიჯანმა იზეიმა, საფრანგეთმა, რუსეთმა და სომხეთმა კი 13-13 ქულა მოაგროვეს. საბოლოოდ, ვერცხლი ფრანგებს ერგოთ, ბრინჯაო კი – რუსებს.

სამწუხაროდ, საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა საქართველოს ქალთა ნაკრებიც, რომელსაც რუსეთთან ერთად მეორე-მესამე განთესვა გააჩნდა, თუმცა ტურნირი მე-4 ადგილზე დაასრულა.

გადამწყვეტი სწორედ რუსებთან მარცხი (1:3) აღმოჩნდა ევროპირველობის ბოლოსწინა ტურში და მართალია, უკანასკნელ დღეს ქართველმა მოჭადრაკეებმა ჰოლანდია 4:0 გაანადგურეს, ამას ბევრი აღარაფერი შეუცვლია.

15 ქულით ევროპის ჩემპიონის ტიტული უკრაინამ მოიპოვა, რუსეთმა და პოლონეთმა კი 14-14 ქულით მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედლები რუსებს ერგოთ.

საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ნანა ძაგნიძე (2556), მერი არაბიძე (2374), ნინო ხურციძე (2462), ბელა ხოტენაშვილი (2524) და ლელა ჯავახიშვილი (2423) იცავდნენ, საბოლოო, 9 ტურში 12 ქულა მოაგროვა.

 

ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე

1. ბაადურ ჯობავა (2695) – 6 ქულა (9 შესაძლებლობიდან)

2. მიხეილ მჭედლიშვილი (2631) – 6 (9)

3. მერაბ გაგუნაშვილი (2556) – 1 (5)

4. ლევან ფანცულაია (2595) – 5.5 (9)

5. გაიოზ ნიგალიძე  (2494) – 1.5 (4)

6. ნანა ძაგნიძე (2556) – 5 (9)

7. მერი არაბიძე (2374) – 4 (8)

8. ნინო ხურციძე (2462) – 2.5 (5)

9. ბელა ხოტენაშვილი (2524) – 7 (9)

10. ლელა  ჯავახიშვილი (2423) – 3.5 (5)

0.106503