ჭადრაკი

1:05 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქალების გამარჯვება, ვაჟების ყაიმი

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა რიგით 41-ე ოლიმპიადაზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და იმ 12 გუნდს შორის იმყოფება, რომლებიც ჯერჯერობით, უდანაკარგოდ ასპარეზობენ.

მე-3 ტურში ქართველები იტალიას დაუპირისპირდნენ და 3.5:0.5 იმარჯვეს. ნანა ძაგნიძემ (2550) ოლგა ზიმინა (2327) დაამარცხა, ბელა ხოტენაშვილმა (2494) – მარინა ბრუნელო (2281), სალომე მელიამ (2475) – ელენა სედინა (2291), ნინო ბაციაშვილი (2435) კი ტეა გუეჩის (2074) დაუზავდა.

საქართველოს ქალთა ნაკრებს 6.0 ქულა მოუგროვდა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-9 ადგილზეა, ლიდერებში კი ირანი, ჩინეთი, სომხეთი, რუსეთი, ინდონეზია, ჰოლანდია, უნგრეთი, კუბა სლოვაკეთი, აზერბაიჯანი და გერმანიაც იმყოფებიან.

მე-4 ტურში ქართველ ქალბატონთა მეტოქე ასევე 6.0 ქულის მქონე ჰოლანდია იქნება, რომლის რიგებში თეა ლანჩავაც (2276) თამაშობს. ცნობისთვის, მიმდინარე ტურნირზე მან 2 პარტია ჩაატარა და ორივეში იმარჯვა.

ვაჟთა ოლიმპიადაზე პირველი დანაკარგი განიცადა საქართველოს ნაკრებმა. ქართველები თურქეთს დაუპირისპირდნენ და 2:2 ითამაშეს. ოთხივე პარტია ყაიმით დასრულდა. ბაადურ ჯობავა (2713) დრაგან სოლაკს (2632) დაუზავდა, მიხეილ მჭედლიშვილი (2618) – ემრე ჩანს (2529), ლევან ფანცულაია (2581) – მუსტაფა ილმაზს (2569), კონსტანტინე შანავა (2563) კი – ალექსანდერ იპატოვს (2614).

შედეგად, საქართველოს ნაკრები 5.0 ქულით მე-13 ადგილამდე დაქვეითდა, 6.0 ქულით კი 11 გუნდი ლიდერობს: საფრანგეთი, სერბეთი, რუსეთი, უზბეკეთი, ჰოლანდია, რუმინეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, ბულგარეთი და ჩეხეთი.

მომდევნო ტურში ქართველ მოჭადრაკეებს წესით იოლი გასიერნება ელით, რადგანაც 46-ე განთესვის მქონე მექსიკის ნაკრებს გაეჯიბრებიან.

0.116647