კალათბურთი

21:25 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პულენი “ბარსელონადან” ჩინეთში წავიდა

ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა კალათბურთელმა ჯეიკობ პულენმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ესპანური “ბარსელონადან”... ჩინურ “ლიაონინგში” გადაბარგდა.

24 წლის ამერიკელი უკანახაზელი გასულ სეზონში კატალონიელთა სათადარიგო გახლდათ და 39 მატჩში საშუალოდ 6.6 ქულას და 1.4 პასს აგროვებდა, თუმცა, მის აზიაში წასვლას არავინ ელოდა.

კატალონიელთა რიგებში ჯეიკობმა თავი განსაკუთრებით “ვალიადოლიდთან” მატჩში გამოიჩინა, როდესაც 15-დან 12 სამქულიანი ჩააგდო და 42 ქულა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ პულენი საქართველოს ნაკრების ღირსებას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იცავდა, ქართველ გულშემატკივარს კი იგი ყველაზე მეტად ლატვიასთან საშინაო მატჩით უნდა ახსოვდეს.

იმ თამაშის ბოლო წამებზე ჯეიკობმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და საქართველოს ეროვნულ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

სულ, ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯეიკობმა ქართველთა მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მონაგარი 16.4 ქულა, 1.8 მოხსნა, 3.2 პასი და 1.8 ჩაჭრა იყო.

ისიც ვთქვათ, რომ პულენის ახალმა კლუბმა “ლიაონინგ ჯიებაო ჰანთერსმა” გასული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა და ჩინური პლეი-ოფის პირველივე რაუნდში მარცხი განიცადა.

0.120324