კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა და დაცვის ბურჯმა, კარლეს პუიოლმა ესპანურ გამოცემა El Mundo Deportivo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მან, მძიმე ტრავმის გამო იძულებით უქმობაზე, “უემბლიზე” გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
- ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ, თასი ერიკ აბიდალმა აღმართა. ეს სურათი “ბარსელონას” მუზეუმში ინახება. როგორ დაგეგმეთ ეს ყველაფერი?
- მან ეს დაიმსახურა. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, იგივეს გავაკეთებდი. ეს იდეა ფინალამდე 2 კვირით ადრე მომივიდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება “უემბლიზე” მივიღე. თავდაპირველად, თასის აღმართვა ხავის ვთხოვე, მაგრამ მან მითხრა: “ეს შენ უნდა გააკეთო”. შემდეგ კი, ჩემი იდეა გამახსენდა და დანარჩენი თქვენც კარგად იცით...
- რა გითხრათ აბიდალმა?
- მე ვუთხარი: “აბი, თასი შენ უნდა აწიო”, მან მკითხა - “დარწმუნებული ხარ?”. ვუპასუხე, რომ გამარჯვება მას ეკუთვნოდა და კაპიტნის სამკლავური გავუკეთე.
- “ბარსელონას” წარუმატებელი სეზონების შესახებ ხავის თუ ესაუბრებით ხოლმე?
- დიახ, ხანდახან ვსაუბრობთ ამაზე. დიდ გამარჯვებებამდე 5 ურთულესი წელიწადი გავიარეთ. ახლა კარგი დრო გვიდგას და თამაშით სიამოვნებას ვიღებთ. შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთში წარმატებაც “გამისინჯავს” და უიღბლობაც.
- მოდით, ახალ სეზონზე ვისაუბროთ. თავს როგორ გრძნობთ?
- კარგად ვარ და ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. რაც მთავარია, ფეხბურთის თამაში ისევ შემიძლია.
- თქვენს არყოფნაში, დაცვის ცენტრში ხავიერ მასკერანო ასპარეზობდა. სავარაუდოდ, ხანდახან სათადარიგოთა სკამზე მოგიწევთ ჯდომა...
- არანაირი პრობლემა არაა. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მასკერანო ფანტასტიკურად თამაშობს. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ცენტრალური მცველის პოზიციაზე შესანიშნავად ითამაშა.
- ახალი 3-4-3 ტაქტიკური სქემა თქვენსა და პიკეს წყვილს დაშლის?
- არა მგონია. ჩვენ ორივეს ტრავმა გვქონდა და ეს სქემაც ამიტომ დამკვიდრდა. 3-4-3 კარგია, რაც მთავარია, შედეგი მოაქვს.
- ეს გუნდი შარშანდელზე უკეთესია?
- ნამდვილად კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ. წლეულს უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს. დრო ყველაფერს გვიჩვენებს. შარშან მნიშვნელოვანი ტიტულები მოვიგეთ. ამ სეზონში ახალი გამოცდა გველის.
- როგორ ფიქრობთ, მადრიდის “რეალი” თანდათან უმჯობესდება?
- ახლა ფეხბურთელები ერთმანეთს უკეთ იცნობენ. გასულ სეზონში არაერთი ახალწვეული ჰყავდათ. წლეულს მადრიდელებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ.
- ჟოზე მოურინიოს კარგად იცნობთ. როგორ ახსნით იმას, რაც მან ტიტო ვილიანოვას გაუკეთა? (მოურინიომ “ბარსას” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას თანაშემწეს თითი თვალში “ატაკა”. ი.ჯ)
- ასეთ შეხვედრებში განსაკუთრებული დაძაბულობაა. გამონაკლისი არც ეს მატჩი ყოფილა. უმჯობესი იქნება, თუ ამ ინციდენტს დავივიწყებთ და ჩვენს საქმეზე ვიფიქრებთ.
- რა უნდა მოხდეს, რომ მსაჯებმა ლიონელ მესის წაქცევისთვის პენალტი დანიშნონ?
- არ ვიცი, ერთი რამ ცხადია: ფეხბურთელი, რომელიც არასდროს სიმულირებს, სწორედ მესია. რას ვიზამთ, მსაჯების სამუშაო რთულია. გარკვეულწილად, მათ ფეხბურთელებმა ხელი უნდა შეუწყონ.
- რას იტყვით მესიზე?
- ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. მასზე უკეთესს ვერავის ვიხსენებ. ვიცი, რომ ბევრი არ დამეთანხმება. არიან ფეხბურთელები, რომელთა თამაშიც ნამდვილად არ მახსოვს. მიუხედავად ამისა, ლეოს ვერავინ შეედრება. ბანალური ფრაზაა, მაგრამ მესი მართლაც სხვა პლანეტიდანაა.
- მიუხედავად იმისა, რომ რონალდინიოს, რივალდოსა და ეტო’ოს გვერდით გითამაშიათ, ამ ყველაფერს ამბობთ...
- მესი ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებს. ასეთი ნიჭი არასდროს მინახავს. ის ყოველთვის ბურთისკენ ისწრაფვის, ამბიციურია. რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.
- რა ახასიათებს მას ყველაზე მეტად?
- თავმდაბლობა. ის ძალიან უბრალო ბიჭია, რომელიც ხანდახან მოწყენილია. მას ფეხბურთი ყველაფერზე მეტად უყვარს. იმის ფონზე, რასაც მან მიაღწია, შეუძლია სულ სხვანაირი იყოს, მაგრამ ლეო ჩვეულებრივ ადამიანად რჩება და ეს მის პიროვნებას კიდევ უფრო ადიდებს.
- მუხლი როგორ გაქვთ?
- ნორმალურად. ვფიქრობ, სრულად გამოვჯანმრთელდი. დღითიდღე თავს უკეთ ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს.
- ალბათ, უკანასკნელ თვეებში ძალიან გიჭირდათ...
- ურთულესი 8 თვე გავიარე. განსაკუთრებით პირველი 3 თვე გამიჭირდა. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ვითამაშე, მივხვდი, რომ ოპერაცია გარდაუვალი იყო.
- ამ დროის განმავლობაში მხარში ვინ გედგათ?
- კლუბის წევრები ყოველდღიურად მამხნევებდნენ. ხუანხო ბრაუ იყო ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მეხმარებოდა. გარდა ამისა, მეგობრების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი.
- ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდით... ეს ფაქტი როგორ მიიღეთ?
- სათამაშოდ მზად ვიყავი, მაგრამ ჩემი თანაგუნდელები უკეთეს სათამაშო კონდიციებში იყვნენ.
- ჩანს, რომ ზოგიერთ საკითხს ისეთი სერიოზულობით არ უდგებით, როგორ წარსულში. მაგალითად, წაგებას წყობილებიდან არ გამოჰყავხართ, ტრავმის გამო დეპრესიაში არ ვარდებით...
- დიახ, მართალია. ვცდილობ ასეთ მომენტებში ძალიან არ განვიცადო.
- ასე შეცვლა როგორ მოახერხეთ?
- ასეთია ცხოვრება. არაერთი რთული სიტუაცია გამომივლია, რამაც ბევრი რამ შემმატა. ვფიქრობ, მხოლოდ ფეხბურთზე. უნდა ვიფიქრო მომავალზე. ალბათ, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შემდეგ შევიცვალე.
- სერიოზული ტრავმის მიუხედავად, ეროვნულ ნაკრებში თამაშს განაგრძობთ... ეს როდემდე გაგრძელდება?
- არ ვიცი. როცა ტრავმირებული ვიყავი, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი. არ დაგიმალავთ, ფეხბურთიდან წასვლის აზრმაც არაერთხელ გამიელვა თავში. როგორც იქნა, გამოვჯანმრთელდი. 8-თვიანმა უქმობამ კიდევ უფრო გამაძლიერა.
- ფეხბურთის თამაშს როდემდე აპირებთ?
- ალბათ 40 ან 45 წლამდე (იცინის). ვნახოთ, ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით ენერგია მაქვს.
- კარიერას “ბარსაში” დაასრულებთ თუ ველოდოთ თქვენს ტრანსფერს?
- არ ვიცი. ვერ ვიტყვი, რომ კარიერის დასრულებამდე აქ ვითამაშებ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდს ვჭირდები. ეს დიდ სტიმულს მაძლევს. როცა ტრავმირებული ვიყავი, ვიჯექი და ჩემი თანაგუნდელების თამაშს ვუყურებდი. ეს ბრწყინვალე საყურებელია, მაგრამ ახლა ვიცი, რომ თამაში მეც მომიწევს. ვიცნობ მოთამაშეებს, რომლებიც მინდორს გარეთ თავიანთი გუნდებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ძირითადი შემადგენლობისთვის მინდა ვიბრძოლო, მაგრამ თუკი ოდესმე ვიგრძნობ, რომ საჭირო აღარ ვარ, წასვლაზე დავფიქრდები.
მოამზადა ირაკლი ჯაფარიძემ