ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, სტადიონ "ვორქერს სთედიუმზე", საფრანგეთის სუპერთასის მატჩი გაიმართა და გამარჯვებული "პარი სენ ჟერმენი" გახდა. საფრანგეთის გასული სეზონის ჩემპიონი, თასის მფლობელ "გენგამს" დაუპირისპირდა და შეიძლება ითქვას, მოგება არ გასჭირვებია. წინა სუპერთასისგან განსხვავებით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ჯერსიში გაიმართა, ამჯერად ფრანგებმა პეკინი არჩიეს და იქაური გულშემატკივრების გულიც გაახარეს.
აღნიშნულ შეხვედრაში ბრაზილიელ მცველებს ტიაგო სილვას და დავიდ ლუისს მონაწილეობა არ მიუღიათ. მატჩი კი მთლიანად პსჟ-ს კარნახით დაიწყო და პარიზელებმა "გენგამს" საქმე პირველივე ტაიმში მოუგვარეს.
მე-9 წუთზე იბრაჰიმოვიჩმა ჩვეული, შორეული, ლამაზი დარტყმით მატჩში ანგარიში გახსნა - 1:0. მე-20 წუთზე, შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ბეიბეკის წაქცევისთვის დანიშნული პენალტის რეალიზება უპრობლემოდ შეძლო და როგორც შემდგომში გაირკვა, მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
"გენგამს" შეხვედრის 32-ე წუთზე ანგარიშის შემცირების შანსი ჰქონდა, თუმცა იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარემ სირიგუმ, მალელი თავდამსხმელის იატაბარეს დარტყმული აიღო.
აქვე აღსანიშნავია, რომ "პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის სუპერთასი ისტორიაში მესამედ მოიპოვა.
პეკინი. "ვორქერს სთედიუმი".
პსჟ _ გენგამი 2:0 (2:0)
პსჟ: სირიგუ, კამარა, ვან დერ ვილი, დინე, მარკინიოსი, მოტა, პასტორე (მოურა 85), ვერატი, იბრაჰიმოვიჩი, ბეიბეკი, ონგენდა (კავანი 61).
მწვრთნელი: ლორან ბლანი
გენგამი: სამასა, იაკობსენი, სორბონი, ბაკა, კერბრატი, მატისი, ქარდი (ალიოუ 12), ჟირესი, ბეავუე, შვარცი, იატაბარე.
მწვრთნელი: ჟოსლენ გურვენეკი
გოლი: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (9), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (20, პენ.)
გაფრთხილება: კერბრატი (46)
კარში დარტყმა: 11 (4) - 8 (1) ჯარიმა: 7 - 12 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 1 - 2
გიორგი ბალახაძე