ინგლისური პრესის ცნობით, უეინ რუნის შეძენით “პარი სენ ჟერმენია” დაინტერესებული, რომელიც 27 წლის ინგლისელ თავდამსხმელს მიმზიდველ შეთავაზებას უკეთებს.
უეინ რუნის “მანჩესტერიდან” შესაძლო წასვლის საკითხმა აქტუალურობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ცნობილი გახდა, რომ “წითელ ეშმაკებს” სერ ალექს ფერგიუსონი ტოვებს. შოტლანდიელმა სპეციალისტმა დაადასტურა კიდეც, რომ ინგლისელმა ტრანსფერზე დაყენება ითხოვა.
აწ უკვე დასრულებულ სეზონში, პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატი კი მოიგო, მაგრამ მომდევნო გათამაშებაში, “მონაკოს” სახით, პარიზელებს სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ. შესაბამისად, დედაქალაქელებს გაძლიერება დასჭირდებათ. Daily Express-ის ცნობით, კატარელი შეიხების ერთ-ერთი სამიზნე სწორედ უეინ რუნია. ინგლისური წყაროს ცნობით, ფრანგები რუნის 4-წლიან კონტრაქტს და კვირაში 300 ათას ფუნტს სთავაზობენ, რაც ფეხბურთელის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე 50 ათასი ფუნტით მეტია.
როგორც ცნობილია, პსჟ-ს გარდა, რუნის შეძენით “ჩელსი”, “არსენალი” და “სიტი” არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ფრანგები ფეხბურთელში ყველაზე მეტს, 30 მილიონ ფუნტს იხდიან.