ბლოგი

10:49 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“პსჟ” გზაგასაყარზე

 

“პსჟ” ნამდვილად არ განეკუთვნება ისეთ ძველ და მრავალი ტიტულის მომგებ ევროპულ კლუბებს, მის წარსულზე დიდი რიხითა და თვალების ბრიალით რომ ვისაუბროთ. საფრანგეთს “პსჟზე” ბევრად ძველი კლუბები ჰყავს, რომლებიც ბოლო ათწლეულების მანძილზე საკუთარი წარსულის აჩრდილებად არიან ქცეულნი და გალიის მთავარი კლუბების ტვირთის ზიდვა დღეს სულ სხვა გუნდებს უწევთ.

ვისაც ფეხბურთში დინამიურობა  და მოვლენების ხშირი ცვალებადობა უყვარს, იგი წესით გულგრილი არ უნდა იყოს საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის მიმართ, სადაც ჩემპიონი ლამის ყოველ წელს იცვლება და კონკრეტულ თამაშებშიც ლიდერების აუტსაიდერებთან მარცხი ჩვეულებრივ და ბუნებრივ ამბად ითვლება. ბოლო ოცი წლის მანძილზე რომელი კლუბი არ იყი საფრანგეთის ჩემპიონი... ”ლილიდან” დაწყებული და “ნანტით” დამთავრებული”, მაგრამ “პსჟ” ვერა და ვერ სცდებოდა რიგითი სიმპათიური კლუბის იმიჯს და საკუთარ ქვეყანაშიც კი ჩემპიონობა მარადიულ ოცნებად ჰქონდა ქცეული. პარიზულ კლუბს შარშანაც სულ ცოტა დააკლდა ჩემპიონობამდე და მორიგი იმედგაცრუებით გულნატკენმა პარიზელებმა სწორედ შარშან დაარქვეს “პსჟს” მეტად საყურადღებო მეტსახელი – “გუნდი, რომლისგანაც არაფერს უნდა ელოდო.” ფრანგების ცვალებადი და რევოლუციური ბუნება ერთფეროვნებას არასოდეს იტანდა და ეს ყველაზე ნათლად ალბათ სწორედ ფეხბურთში გამოიხატა.

ბოლო სამი წელია, “პსჟში” ბლომად ფული ჩაიდო და ამ კლუბმაც “თვალებში გამოიხედა”. ხუთი წლის წინ, რიგითი პარიზელი ქომაგი ალბათ ვერც კი იოცნებებდა იმაზე, რომ მათ საყვარელ გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ეზეკიელ ლავეზის დონის ვარსკვლავები თუ “გარისკავდნენ” გადახვლას. განსაკუთრებით ეს ზლატანზე უნდა ითქვას, რომელიც დღეს მთელს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და მას ბობოლა კლუბებში გადასვლა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. ცალკე თემაა “პსჟს” იტალიელი მესაჭე – კარლო ანჩელოტი, რომელმაც იტალიაში მოღვაწეობის დროს ტიტულებისა და მოგებული ჯილდოების მთელი ზვინი დააყენა. ამას ისიც ემატება, რომ “პსჟ” ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატში დამსახურებულ პირველ ადგილზეა და ბევრი იმასაც ამბობს, რომ წელს პარიზულ კლუბს გალიაში პირველობა გარანტირებული აქვს.

მაგრამ,  “პსჟს” უმთავრესი და ურთულესი გამოცდა ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე აქვს ჩასაბარებელი. მთელი ევროპა გარინდული ელოდება “პსჟსა” და მრისხანე “ბარსელონას” შეხვედრას. შეხვედრას, სადაც მიუხედავად პარიზელების მოძლიერებისა, უმთავრესი ფავორიტი რასაკვირველია კატალინიელები იქნებიან. ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში გამოჩნდება პარიზული გუნდის რეალური ძალა და იმასაც ნათლად დავინახავთ, რამდენად მკვეთრია ანჩელოტის საწყმსოს მომავლის კონტურები.

ობიექტურად რომ შევხედოთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ალბათ ნამდვილად არ ექნება, პარიზელები მოახდენენ თუ არა ფურორს და გასცდებიან თუ არა ლეო მესისა და მის ”საძმოს.” უმთავრესი ის არის, “პსჟ” რამდენად ღირსეულად ეთამაშება “ბარსელონას” და დაამტკიცებს თუ არა, რომ ამ გუნდში ჩაყრილი აურაცხელი რაოდენობის თანხა ჰაერში არ გაფრენილა. ფულით დროებით გალაღებული ბევრი პატარა კლუბი გვინახავს, მაგრამ მათი წარუმატებლობებიც კარგად გვახსოვს. ახლა “პსჟ” გზაგასაყარზე დგას. ან ჩვენს თვალსა და ხელს შუა დიდ კლუბად გარდაისახება, ანდა მასზე ფრანები კვლავ ხელის ჩაქნევით ისაუბრებენ. ბედნიერებაზე მეტიც კია, რომ ამ ყველაფერს სულ მალე ვნახავთ. სხვა მეტი რა უნდა გინდოდეს ფეხბურთზე შეყვარებულ კაცს...

 

 

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.119206
სარეკლამო ადგილი - 99
X x X