მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატს კრიტიკოსები მთელს მსოფლიოში ბლომად ჰყავს, ფაქტია, რომ პრიმერა დივიზიონი ინგლისის ჩემპიონატთან ერთად ევროპაში და მთელს ჩვენს პლანეტაზე უდავოდ გამორჩეული ტურნირია და მოგვწონს თუ არა, აუცილებელია იმის აღირება, რომ დღეს თანამედროვე ფეხბურთის ფილოსოფია და მიდგომები დიდწილად სწორედ პირინეის ნახევარკუნძულზე იჭედება.
“სევილიას” მიერ ევროპა ლიგის მოგების შემდეგ გაირკვა, რომ წელს ევროპის ორივე საკლუბო თასი ესპანეთში მიემაგზავრება. უკვე ქალაქებიც ცნობილია – სევილია და მადრიდი. ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი იმით, რომ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებებიც პირველ ყოვლისა პრიმერა დივიზიონის სიძლიერეზეა დაფუძნებული და ესპანეთში არსებული ბასკურ-კატალონიური სეპარატიზმის მიუხედავად, “ფურია როხო” მაინც აგრძელებს იმ თამაშს, რამაც ეს გუნდი უკვე სამ დიდ გამარჯვებამდე მიიყვანა და არავინ იცის ესპანელები რას იზამენ ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე. მუნდიალის წინ კი ყველა იძახის ბოლოს და ბოლოს დასრულდება ესპანელთა ჰეგემონობა სანაკრებო ფეხბურთშიო, მაგრამ ულვაშა დელ ბოსკეს კითხეთ აბა ერთი უნდა თუ არა სასწაულის გახერხება და ბრაზილიაში პირველობა?!...
კვლავ ესპანეთის საკლუბო ფეხბურთს რომ დავუბრუნდეთ, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ის ფაქტი, რომ პრიმერას კლუბების ევროპული წარმატებები თითქოს მხოლოდ ორ კლუბზე – “რეალსა” და “ბარსელონაზე” დგას. მაგრამ განა “ატლეტიკო” და “სევილიას” არსებობა (ან თუნდაც “ვალენსია”) არ ამტკიცებს იმას, რომ პრიმერა წლიდან-წლამდე ვითარდება და ორგუნდიანობის სინდრომიც თანდათან დავიწყებას ეძლევა. არავინ დავობს იმაზე, რომ ”რეალი” დაB”ბარსელონა” ამ ქვეყანაში ყოველთვის უპირველესი კლუბები იქნებან და ყველაზე მეტი ქომაგიც ყოველთვის მათ ეყოლებათ, მაგრამ თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას "ფეხბურთი ყველამ ისწავლაო", ეს პირველ ყოვლისა პატარა ესპანურ კლუბებზე უნდა ვთქვათ, რომლებიც აღარ ეპუებიან დიდ სახელებს და ტალიკ-ტალიკ გრანდებს ისე მშვენივრად დასცემენ ხოლმე ძირს – თქვენი მოწონებული. კონკურენცია რომ ჩემპიონატის ხარისხის განმსაზღვრელია ესეც ალბათ ჩემზე უკეთ იცით.
შეიძლება არ მოგწონდეს დასახელებული ორი ესპანური გრანდის ფინანსური პოლიტიკა და არ გეპიტნავებოდეს, რომ ეს კლებები (უმეტესად კი “რეალი”) ფეხბურთელების ხელფასებსა და ტრანსფერებში უზარმაზარ ფულს ხარჯავენ, მაგრამ დიდი წერმატებები ხომ ყველაფერს ფარავს? როდის აქილიკებენ ფულის ზედმეტად მხარჯველ ადამიანს? აქილიკებენ მაშინ, როდესაც დახარჯულ ფულს შედეგი არ მოაქვს. მაგრამ თუკი დიდი ფულით დიდი სპორტული წარმატებები მოდის, მერე აღარავის ახსოვს ის ნულები, რომლებიც დახარჯული თანხების ციფრებზეა მიწერილი. ფეხბურთის იდეა ალბათ მაინც წარმატებისაკენ სწრაფვაა. ხერხებსა და მეთოდებზე კი დაუსრულებლად შეგვიძლია ვიკამათოთ.
ესპანელებს ხასიათში და ბუნებაში ნამდვილად აქვთ რაღაც იდუმალი და გამორჩეული, რომელიც ფეხბურთის გარეთაც აშკარად მოსჩანს. ეს ყველაფერი რასაკვირველია ესპანურ ფეხბურთზეც აისახება. ამასწინათ ერთმა კარგმა კაცმა ესპანური ფეხბურთი გარსია ლორკას ლექსებს შეადარა. მე თუ მკითხავთ არ იყო ცუდი შედარება...