ბლოგი

12:48 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრობლემები სკოლაში, სპორტში და ცხოვრებაში..

საქართველოს საჯარო სკოლებში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კონკრეტულ სასწავლო დისციპლინად ფიზიკური კულტურა ისწავლებოდა, ეს საგანი ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად პრესტიჟულად ითვლებოდა და მოსწავლისთვის “ნიშნის გამფუჭებელ” ფიზკულტურის მასწავლებელსაც იშვიათად ნახავდით. მას შემდეგ, რაც ფიზკულტურა სპორტის სწავლებამ ჩაანაცვლა და სპორტის მასწავლებელების გადამზადებაც ეტაპობრივად დაიწყო, სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა. მოსწავლეებისა და მშობლების დიდი ნაწილი დღესაც მიიჩნევს, რომ სპორტი, სხვა სასკოლო საგნებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი დისციპლინაა და მას ყურადღება მხოლოდ მაშინ შეიძლება მიექცეს, თუკი კონკრეტული მოსწავლე, რომელიმე სპორტის სახეობისადმი ტალანტსა და ინტერესს გამოამჟღავნებს.

მეექვსეკლასელი გეგას დედის აზრით, სპორტი, განსაკუთრებით ბიჭებისთვის, მნიშვნელოვანი და აუცილებელი რამ არის. თუმცა უმჯობესია, მშობელმა ბავშვი სპორტის რომელიმე სახეობაზე სკოლის შემდეგ ატაროს, რადგან სკოლაში სპორტი სათანადოდ მაინც არ ისწავლება და სპორტის გაკვეთილებზე დროის კარგვას, ჯობია, ეს საქმე მთლიანად სახეობის მწვრთნელს დაეკისროს.

სკოლის მოწავლეებსა და მათ მშობლებს შორის მცირე კამოკითხვამ აჩვენა, რომ თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 4 საჯარო სკოლაში გამოკითხული 40 ბავშვიდან, მხოლოდ 11 მოსწავლე აღმოჩნდა ისეთი, რომლებიც ამბობენ, რომ ფიზკულტურის გაკვეთილებს არასოდეს აცდენენ და სპორტის მასწავლებელმა რომც გააცდინოს გაკვეთილი, თვითონ მაინც თამაშობენ ფეხბურთს, ან კალათბუირთს. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ყველა მოსწავლე ვაჟია და მე-9-მე-12 კლასების მოსწავლეები არიან. გამოკითხული ბავშვებიდან, 18 გოგონა იყო. მათგან უმეტესობამ აღიარა, რომ სპორტის გაკვეთილზე, სპორტული ფორმა ერთხელაც კი არ სცმიათ და მასწავლებლებიც დიდად არ სთხოვდნენ სკოლაში სპორტული ტანსაცმლის მიტანას. გარდა ამისა, თითქმის ყველა გოგონამ გვითხრა, რომ მათი აზრით სპორტი, უფრო მეტად, “ბიჭების საქმეა” და ვერ ხვდებიან, რატომ ავალდებულებს განათლების სისტემა მათ, ბიჭებთან ერთად სპორტის გაკვეთილებზე დასწრებას. 40 მოსწავლიდან, მხოლოდ ერთი მიიჩნევს, რომ  სპორტის სწავლება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ გონებრივი მონაცემების ამაღლებასაც უწყობს ხელს. პაატა, სკოლის დამთავრების შემდეგ, აპირებს რაგბის მწვრთნელი გახდეს. თუმცა გული იმაზე სწყდება, რომ თავად, რაგბს არცთუ ისე კარგად თამაშობს.

მოსწავლეების დედების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სპორტის სწავლების ერთადერთი დანიშნულება ისაა, რომ ვარჯიში ბავშვის ჯანმრთელობისთვისაა კარგი და ეს, სხვადასხვა სპორტულ კლუბებში და სექციებში უფრო მიიღწევა, ვიდრე სპორტის გაკვეთილებზე. მოსწავლეების მამების ერთი ნაწილი მხარს უჭერს სპორტის სწავლების დონის ამაღლებას. თუმცა დიდი იმედი არც მათ აქვთ, რომ სკოლაში მიღებული სპორტთან დაკავშირებული ცოდნით, მათი შვილები რაიმე განსაკუთრებულს მიაღწევენ.

ასეთი არცთუ სახერბიელო სიტუაციის ფონზე, მართლაც გასაკვირია ჩვენი სპორტსმენების ბოლოდროინდელი წარმატებები სპორტის მთელ რიგ სახეობებში. თუმცა, მაინც ყველა აღიარებს, რომ დღეს საქართველოში, ისეთ ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობებშიც კი, როგორიც რაგბი, ფეხბურთი და კალათბურთია, მაინც ვერ მოდის ისეთი კარგი თაობა, რომელთაც ვეტერანების სრულფასოვნად შეცვლა შეუძლიათ. ეს, განსაკუთრებით ფეხბურთზე უნდა ითქვას.

საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეების დიდი ნაწილი და მათი მშობლებიც, სკოლებში სპორტის სწავლების მიმართ ერთგვარი ნიჰილიზმით არიან განმსჭვალულნი. ზოგიერთები, სპორტის გაკვეთილების საერთოდ გაუქმებასაც კი მოითხოვენ. აშკარაა, რომ ამ სფეროში, გასაკეთებელი მართლაც ძალიან ბევრია და იმედია, ეს დამოკიდებულებებიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეიცვლება.

0.117584