საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახლო მომავალში მწვრთნელთა განათლების ახალ სტადიაზე გადასვლას გეგმავს. 2012 წლის გაზაფხულიდან, აქ მსურველს PRO-კურსების გავლის შემდეგ, შესაბამისი სამწვრთნელო ლიცენზიის მიღება შეეძლება. მართალია, ლიცენზიის მიღების საფასური (მინიმუმ 8000 ევრო) ევროპულ მასშტაბებთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უეფას მოთხოვნებით, 2012-2013 საფეხბურთო სეზონიდან, საკლუბო ლიცენზიის მიღება PRO-ლიცენზიის არმქონე მწვრთნელის გარეშე შეუძლებელი იქნება, კლუბის მესვეურებს ჯიბეზე ხელის გაკვრა მართებთ.
ბუნებრივია, მწვრთნელი უმაღლეს კატეგორიას ვერ მიიღებს, თუ ყველა წინა საფეხური არ გაიარა. ამ მხრივ კი, ფედერაციაში სათანადო მუშაობა უკვე კარგა ხანია მიდის. არსებული მდგომარეობის შესახებ, ”მსოფლიო სპორტი” სფფ-ის მწვრთნელთა განათლების დირექტორს და ამავდროულად, უეფას ინსტრუქტორს, გაიოზ დარსაძეს ესაუბრა.
გაიოზ დარსაძე: ”ზესტაფონში, გასული სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონის მწვრთნელებს, 2010 წელს გავლილი B-კურსების შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. წლეულს კი, ქვეყნის სამ რეგიონში უკვე 4 საგანმანათლებლო კურსი ჩავატარეთ”.
- კურსები ბოლოს კახეთშიც ჩაატარეთ...
- თელავში 26 ადგილობრივი და თბილისელი მწვრთნელი გადიოდა სამწვრთნელო B კატეგორიის კურსებს. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ მსმენელებმა გამოცდებიც ჩააბარეს. სამწუხაროდ, თერთმეტმა მათგანმა ამ ჯერზე ვერ შეძლო ლიცენზიის მიღება. მათ უახლოესი 1 წლის განმავლობაში მოუწევთ გადაბარება და დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი კატეგორია მიენიჭებათ.
მინდა, განსაკუთრებული მადლიერებით მოვიხსენიო კახეთის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელი გოჩა როსტომაშვილი. მან, ისევე როგორც იმერეთისა და აჭარის ფედერაციის მესვეურებმა - ვალერი მანაგაძემ და ლევან ქორიძემ, თანადგომა გაგვიწიეს და კურსების სათანადო დონეზე ჩატარებას ხელი შეუწყვეს.
- ეს B კატეგორია, მაგრამ როგორც ვიცით, უმაღლესი ლიგის არაერთ მწვრთნელს პრობლემები შეექმნა იმის გამო, რომ A კატეგორიის კურსების ჩატარება გვიანდებოდა.
- ამ საკითხის დადებითად გადაჭრით, ყველაზე მეტად ფედერაციაში არიან დაინტერესებულნი. მოგეხსენებათ, მალე გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგებიან. სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებითაა, რომ A-კურსებს სავარაუდოდ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩავატარებთ.
- საუბარია საქართველოში PRO-ლიცენზიის კურსების ჩატარების თაობაზეც.
- საამისოდ, ჩვენთან ყველა წინაპირობა არსებობს. გადაჭრით ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, შესაძლოა, 2012 წლის გაზაფხულზე PRO-ლიცენზია საქართველოშიც გაიცეს.
- თუ შეიძლება, იმ თანხებზეც გვითხარით, რაც მწვრთნელს ამა თუ იმ კატეგორიის მიღება უჯდება.
- აქ საუბარია იმ თანხაზე, რომელიც მწვრთნელმა უნდა გადაიხადოს თეორიული და პრაქტიკული კურსების გავლისათვის. მოგეხსენებათ, ლექციებს ადგილობრივ კადრებთან ერთად, უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტებიც ატარებენ, რომელთა მგზავრობასა და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მატერიალური დანახარჯები აქვს. ყველაფრის გათვალისწინებით, B-კურსებში - 800, ხოლო A-კურსებში - 3000 ლარია გადასახდელი. რაც შეეხება PRO-ლიცენზიას, მწვრთნელმა დაახლოებით 8000 ევროს ექვივალენტი ლარი უნდა გადაიხადოს.
- ქართველ მწვრთნელებს SGS-ის პროგრამით საგანმანათლებლო კურსებზეც უწევთ უცხოეთში გამგზავრება...
- ეს გახლავთ უეფას პროექტი, რომლის ეგიდით სხვადასხვა რანგის 11-11 ქართველმა მწვრთნელმა 2010 წლის შემოდგომიდან თურქეთში, ბელგიასა და იტალიაში მეტად სასარგებლო კურსები გაიარა. პროგრამის დამთავრებამდე, 2012 წლის გაზაფხულის ჩათვლით, ანალოგიური ხასიათის კურსების გავლა ჰოლანდიაში, ესპანეთში, ავსტრიასა და მოლდოვაშია დაგეგმილი.
- ბოლოს, უახლოეს გეგმებზეც გვითხარით.
- 15 ივნისიდან უეფას ინსტრუქტორის რანგში მონღოლეთში მივემგზავრები. უეფას შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ფრანგ კოლეგასთან ერთად, ერთი თვის განმავლობაში მწვრთნელთა განათლების საკითხებში კონსულტაციების გაწევა მოგვიწევს.
ფრიდონ კერვალიშვილი