კალათბურთი

20:26 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ გაბრიჩიძე ვეტერანებს შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო

12 ნოემბერს, ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, სააქციო საზოგადოება “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ გაბრიჩიძე “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” ავტოსალონში ვეტერან კალათბურთელებს შეხვდა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების მიზნით სამოქმედო გეგმა გააცნო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 11 დეკემბერს დაინიშნა. გაბრიჩიძის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მიხეილ ახვლედიანმა, კახაბერ შენგელიამ და ვლადიმერ ბოისამ გამოთქვეს. გამორიცხული არაა, პრეზიდენტობის მსურველთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. პრეზიდენტობის კანდიდატებიდან გაბრიჩიძე პირველია, რომელმაც საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნო:

 “ქართული კალათბურთი აღმავლობის ნელ, მაგრამ მკაფიოდ გამოხატულ ეტაპზე იმყოფება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება, რომელმაც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის არსებობის პერიოდში 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია და დიდ წარმატებას მიაღწია.

ორი ქართველი კალათბურთელი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას NBA-ში, ხოლო რამდენიმე, ევროპის წამყვან კლუბში თამაშობს.

სახეზეა საკალათბურთო ბუმი და შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან მისდამი ინტერესისა და მოთხოვნის ზრდა. ნათლად ჩანს, რომ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის არსებულმა ხელმძღვანელობამ შეძლო დაღმავალი პერიოდის შეჩერება და ვითარების სასიკეთოდ შემოტრიალება. დგება დრო, როდესაც კალათბურთის ეროვნული ფედერაციას უნდა გადავუხადოთ მადლობა ჩატარებული სამუშაოსთვის და ავუხსნათ საზოგადოებას შემდეგი: იმისათვის, რომ განვითარების ახალ, კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდეთ, საჭიროა, მმართველობაში ახალი გუნდის მოხვლა, თავისი ახალი ხედვით და განვითარების თანამედროვე კონცეფციით, კალათბურთისა და თანამედროვე ბიზნესის მართვის დიდი გამოცდილებით.

ჩვენი გუნდის მიზანია დაინერგოს სისტემა, რომელიც მოგვცემს საშუალებას 10-15 წლიან პერსპექტივაში, ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კალათბურთი აქციოს ეკონომიკის ერთ-ერთ დარგად თავისი საკუთარი ინფრასტრუქტურით, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული სახელმწიფო დოტაციაზე თუ მეცენატების აქტივობაზე. ფიბა, სხვა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მსგავსად, ისწრაფვის სახეობის კომერციალიზაციისაკენ. ყველასთვის ნათელია, რომ თანამედროვე საკალათბურთო მოთხოვნებს დიდძალი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება. აუცილებელი პირობაა ფიბასთან და ფიბაევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია, მისი ყველა იდეისა და რეკომენდაციის გულმოდგინე ანალიზი.

საქართველოში კალათბურთი სპორტის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული სახეობაა. მისი ამჟამინდელი პოპულარობა პირდაპირაა დაკავშირებული თაობების სამაგალითო თავდადებასთან. ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის საპატიო მოვალეობა იქნება ვეტერანი ქალბატონებისა და ბატონების პატივისცემა, მათ გვერდში დგომა, ხოლო გარდაცვლილი, ლეგენდარული პიროვნებების უკვდავყოფა, მათი სახელობის ტურნირების მოწყობა, სკოლების შექმნა, დარბაზებისა და სპორტის სასახლეების აშენება.

არავისთვის ახალი არაა ქალთა კალათბურთის, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობა. ბოლო 20 წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა გოგონათა რაოდენობა ბავშვთა საკალათბურთო სკოლებში. ზოგიერთი გუნდი საერთოდ გაუქმდა. პრობლემის სასწრაფოდ გამოსასწორებლად საჭიროა აქტიური მუშაობა. აუცილებელია ვიცეპრეზიდენტი ქალბატონის პოსტის შემოღება, რომელიც უშუალოდ იქნება დაკავებული აღნიშნული პრობლემების სასწრაფოდ მოგვარებით. სამწუხაროა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ქალბატონი კალათურთელები არ იღებენ მონაწილეობას.

ბავშვთა კალათბურთთან ურთიერთობა საჭიროა ადრეული ასაკიდან დაიწყოს. საჭიროა ბავშვს საკალათბურთო სკოლაში მისვლამდე ჩამოუყალიბდეს სპორტისადმი ლოიალობის და ნდობის ფაქიზი მექანიზმი.

ყურადღება უნდა დაეთმოს 3X3 კალათბურთს, რომელიც მთელ მსოფლიოში სწრაფად ვითარდება. იგი სწორი დაგეგმვის პირობებში შეიძლება ძალზედ მიმზიდველი და მასობრივი სახეობა გახდეს.

სასწრაფოდ არის დასაწყები მჭიდრო თანამშრომლობა სტუდენტური სპორტის ფედერაციასთან. სტუდენტები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან საზოგადოების ყველაზე აქტიური წევრები.

აუცილებელია სამოყვარულო ლიგის მაქსიმალური ხელშეწყობა. სამოყვარულო თუ ქუჩის კალათბურთიდან პროფესიონალურ სპორტში გადასვლის უამრავი მაგალითი არსებობს. ჩვენი ვალია ეს პროცესი წავახალისოთ”...

პრეზიდენტობის კანდიდატის სამოქმედო გეგმის სრულ ტექსტს “მსოფლიო სპორტი” უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

გაბრიჩიძის გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ვეტერანმა კალათბურთელმა აზრი გამოთქვა:

ილია მირიანაშვილი: “ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს საქართველოს კალათბურთელთა მე-2 ნაკრები, რომელსაც პირველი ნაკრების მთავარი მწვრთნელი დააკვირდება და მისთვის სასურველ კალათბურთელებს შეარჩევს. ევრო-2013-ის ფინალურ ტურნირზე მოასპარეზე საქართველოს ორმა წამყვანმა კალათბურთელმა (ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია) ტრავმის გამო ვერ ითამაშა. რადგან მათი სრულფასოვანი შემცვლელები არ იყვნენ, თამაშების მთელმა სიმძიმემ 5-6 კალათბურთელზე გადაიარა”.

ვაჟა ჟღენტი: “ასეთი კარგი მოხსენება, წინა წლების საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც კი არ მახსოვს. სასურველია მწვრთნელთა და მსაჯთა სკოლების გახსნა. გუნდში მომუშავე ყველა სპეციალისტი პროფესიონალი უნდა იყოს. კარგი იქნება სხვა კანდიდატებიც თუ დაგვიძახებენ და პროგრამას გაგვაცნობენ”.

ვეტერანებმა კითხვით მიმართეს გაბრიჩიძეს თუ რამდენად შესაძლებელია დღევანდელ პირობებში ეროვნული ნაკრები ქართველმა სპეციალისტმა ჩაიბაროს. ამ კითხვაზე გაბრიჩიძემ უპასუხა: “ქართველ მწვრთნელთა დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათ შორის ვერ ვხედავ იმ სპეციალისტს, რომელიც ნაკრებს გაუძღვება. სასურველია ისევ უცხოელი მოვიწვიოთ”.

ბოლოს გაიმართა შეჯიბრი საჯარიმოების სროლაში ვეტერანებსა და ჟურნალისტებს შორის. ვეტერანთა შორის ვაჟა ჟღენტმა, ხოლო ჟურნალისტთა შორის “მსოფლიო სპორტის” ფოტოკორესპონდენტმა ხატია ჯიჯეიშვილმა გაიმარჯვა, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცათ.

 

 

0.447082