ფეხბურთი

23:08 | 27.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრესკონფერენცია “რედისონში”: მოსკოვთან შეხვედრამდე ერთი თვით ადრე

ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის წილისყრის შემდეგ, სასტუმრო “რედისონში” პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია უძღვებოდა. პრესკონფერენციაზე ოთხივე გუნდის წარმომადგენელმა ისაუბრა.

შეხსენებისთვის, ნახევარფინალში “იბერია სტარი” მოსკოვის “დინამოს” შეხვდება, “ბარსელონა” კი – ალმათის “კაირათს”.

ადილ შარიპკულოვი (კაირათი): “მადლობა ყურადღებისთვის. “კაირათს” გვერგო “ბარსელონა”, არადა, “იბერია სტარის” პრეზიდენტს სურდა, რომ “ბარსელონა” მათ შეხვედროდა. “ბარსა” თასის მოქმედი მფლობელია და თქმა რად უნდა, ძალიან ძლიერი კლუბია. საერთოდ, ყველაზე ღირსეული ოთხეული წლეულს შეიკრიბა. ვფიქრობ, “იბერია სტარი” იმსახურებდა ფინალური ოთხეულის მატჩების მასპინძლობას. ეს ერთადერთი კლუბია ოთხეულში, რომელმაც ყველა გასავლელი ეტაპი გაიარა.

რაც შეეხება “კაირათს”, კარგად მოვემზადეთ და ამ პერიოდსაც ნაყოფიერად გამოვიყენებთ. მწვრთნელი შეგვეცვალა, ბარბოსა რუსეთში წავიდა და 5-6 დღეში ახალი მოვიწვიეთ”.  

კლაუდია ლაუსენი (ბარსელონა): “ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტიტული შევინარჩუნოთ. კარგ ფორმაშია გუნდი. ისევე, როგორც სხვა სახეობებში, “ბარსელონა” ფუტსალშიც უმაღლეს მიზნებს ისახავს”.

გალინა დანილკინა (დინამო): “კარგია, რომ ქართულ გუნდს შევხვდებით და საქართველოში ვითამაშებთ. ვიცი, ბევრი ფიქრობს, აი, რუსეთის გუნდი ხვდება ქართულს და როგორ იქნება საქმე... პირიქით, კარგია და მივესალმები. სპორტი ერთადერთია, რომელშიც ქართველებსა და რუსებს გაჯიბრება შეგვიძლია. ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი. მადლობა უეფას, რომ ფინალური ოთხეულის მასპინძლობა თბილისს არგუნა”.

ვახტანგ წერეთელი (“იბერია სტარის” პრეზიდენტი): “მადლობა ყურადღებისთვის. მადლობას ვუხდი ზვიად სიჭინავას იმისთვის, რომ ბევრი გააკეთა, რათა ასეთი დიდი თამაშების მასპინძლობა გვრგებოდა. დიდი პლუსია, რომ სპორტის სასახლეში 10000 გულშემატკივრის თვალწინ ჩატარდება თამაშები. შემადგენლობას რაც შეეხება, კარგა ხანია, ჩამოყალიბებულია”.    

0.193447