საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ ჯოზეფ ლიბამ მიიღეს.
საქართველოს მთავრობის მეთაური თბილისში ჩამოსული საკოორდინაციო კომისიის წევრების შეფასებებსა და რეკომენდაციებს გაეცნო, სტუმრებს მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
“ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი ჩამობრძანება. ძალიან მაინტერესებს შეფასებები, რეკომენდაციები და შენიშვნები თბილისი 2015-ის საორგანიზაციო სამუშაოების შესახებ. ასევე მსურს, მოვისმინო ამ სამზადისის თაობაზე ქართული მხარის ანგარიში. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი პატივია” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ კი თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის მისამართით არ დაიშურა სამადლობელი სიტყვები ოლიმპიადის მზადების პროცესში აქტიური ჩართულობისა და საკოორდინაციო კომისიასთან სტაბილური თანამშრომლობისთვის.
ჯოზეფ ლიბამ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო კომისიის დამკვირვებლები თბილისს უკვე მეოთხედ ესტუმრნენ და საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობის მხრივ პროგრესი ყოველ ჩამოსვლაზე უფრო აშკარად ჩანს.
ბოლო ვიზიტი უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. კომისიის წევრებმა და ტექნიკურმა დელეგატებმა თბილისი 2015-ის ყველა მშენებარე სპორტული ნაგებობა მოინახულეს. ამასთან, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე მიმდინარე საამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერეს.
“ჩვენ გვექნება საუკეთესო ოლიმპიური სოფელი საქართველოში” – უთხრა ჯოზეფ ლიბამ ირაკლი ღარიბაშვილს და კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უმაღლეს დონეზე ჩაივლის.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფოტო