ინტერვიუები

10:57 | 10.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

პრაღის რინგზე ქართველი ქალებიც ავლენ

10-13 მარტს პრაღა სამოყვარულო კრივში A კატეგორიის ტურნირს უმასპინძლებს. რინგზე საქართველოს ნაკრების წევრებიც ავლენ. რამაზ ფალიანის შეგირდებმა ორიოდ დღის წინ, დუშეთის შეკრება მოილიეს და უმალ ჩეხეთს მიაშურეს. ტურნირში მონაწილეობას 6 ქართველი კაცი და 2 ქალი მიიღებს. მას შემდეგ, რაც ქალ მოკრივეებს ოლიმპიური გზა გაეხსნათ, საქართველოს სამოყვარულო კრივის ფედერაციამ გოგონებიც ჩართო სატურნირო განაცხადში. მიმდინარე სეზონის უმთავრესი ტურნირის – ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრების მოსამზადებელ გეგმასა და ზოგადად ქართულ კრივში არსებულ მდგომარეობაზე “მსოფლიო სპორტი” კრივის ფედერაციის გენერალურ მდივანს, ვლადიმერ ახალკაცს ესაუბრა.
- პრაღის ტურნირზე, ჩვენი მოკრივეებისთვის, შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი სატურნირო გამოცდილების გახსენება იქნება. მოგეხსენებათ, ეს შეჯიბრი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის შემადგენელი ნაწილია.
- წლეულს ევროპირველობა უჩვეულოდ ადრიანად – ივნისში იმართება. ეს საქართველოს ნაკრებისთვის სასურველი სიახლეა?
- პირდაპირ გეტყვით, ძალიან ცუდი კალენდარია. ჯერ კიდევ შარშან, მილანში ჩატარებულ კონგრესზე გავაპროტესტეთ ევროპის ჩემპიონატის ვადის გადმოწევა, მაგრამ ცვლილება მაინც განხორციელდა და შიდა გეგმის გადახედვაც დაგვჭირდა. საერთაშორისო კალენდარში თარიღების შეცვლის უმთავრესი მიზეზი მსოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია, რომელიც ოქტომბერში, სამხრეთ კორეაში უნდა გაიმართოს.
- სეზონის დასაწყისში ჩასატარებელი საქართველოს ჩემპიონატის თარიღი როდემდე გადასწიეთ?
- სავარაუდოდ, ოქტომბერ-ნოემბერში ჩავატარებთ. ესეც იძულებითი ცვლილებაა. ევროპირველობისთვის მოსამზადებლად ნაკრებს ისედაც ცოტა დრო რჩება და საქართველოს ჩემპიონატი ამ დროს კიდევ უფრო შეამცირებდა.
- ჩეხეთში გამგზავრებამდე მოკრივეებმა დუშეთის შეკრება გაიარეს. ახალი ბაზით და სავარჯიშო პირობებით კმაყოფილი დარჩით?
- შესანიშნავი ბაზაა. ბიჭებს ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი, მხოლოდ ვარჯიშზე რომ ეფიქრათ. დუშეთის ბაზაზე თავისუფლად შეგვიძლია რომელიმე უცხოურ ნაკრებიც მოვიწვიოთ და ერთობლივი წვრთნა გავმართოთ. 15 თებერვლიდან 8 მარტამდე 50-მდე მოკრივემ გაიარა შეკრება, რაც ბოლო წლების სარეკორდო მაჩვენებელია. 15-28 თებერვალს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებმა ივარჯიშეს და შემდეგ ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე გამოვიდნენ. ძირითადი გუნდის გაფართოებული შემადგენლობა კი დუშეთში 23 თებერვალს დაბანაკდა.
- პრაღის ტურნირის შემდეგ როგორ გააგრძელებს ნაკრები ევროსამზადისს?
- 22 მარტს რამაზ ფალიანი ერევანში ჩაიყვანს გაფართოებულ შემადგენლობას და სომხეთის ნაკრებთან ერთად ავარჯიშებს. ერთობლივი შეკრება 4 აპრილამდე გაგრძელდება. 5-დან კი ტურნირი დაიწყება, რომელზეც ძალიან ძლიერი შემადგენლობა მოიყრის თავს. სომხებმა საპრიზო ფონდი დააწესეს: ჩემპიონებისთვის - 5 ათასი დოლარი, ხოლო ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებისთვის – 3 და 2 ათასი. ამ გადაწყვეტილებამ შედეგად იმხელა დაინტერესება მოიტანა, რომ მასპინძლებმა ლიმიტი დააწესეს. უცხოელები ერევანში მაქსიმუმ 6-6 მოკრივეს ჩაიყვანენ. საქართველოს კი მონაწილე ყველა წონაში ეყოლება, რაც ჩვენი და სომხეთის ფედერაციების მეგობრული ურთიერთობის შედეგია. ერევანიდან დაბრუნების შემდეგ შესაძლოა ერთობლივი წვრთნა უკვე უკრაინის ნაკრებთან ერთად ჩატარდეს, მაგრამ ეს საკითხი ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არაა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება.
- დასასრულ ქალთა კრივზეც გკითხავთ. ქართველებს თუ აქვთ ოლიმპიური პერსპექტივა?
- ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. პრაღის ტურნირზე ვაჟებთან ერთად, საქართველოს დროშის ქვეშ 2 გოგონაც გამოვა. თუ შევატყობთ, რომ საერთაშორისო დონეზე ბრძოლა შეეძლებათ, ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ. ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს ნოემბერში, ბარბადოსი უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები

კაცები

60 კგ – კობა ფხაკაძე
64 კგ – ლევან ღვამიჩავა
69 კგ – კახაბერ ჟვანია
81 კგ – რევაზ ქარელიშვილი
91 კგ – დავით გოგიშვილი
+91 კგ – ბექა ლობჟანიძე

ქალები
48 კგ – თამარ ჩხუბიანიშვილი
60 კგ – მარიამ ქველაძე
 

ოთარ მაღლაკელიძე

0.115017