ესპანური “ვალენსიას” პორტუგალიელი თავდამსხმელი ელდერ პოშტიგა საკუთარ გუნდს ათი დღის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
31 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ორი დღის წინ “გრანადასთან”, მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე მოგებულ მატჩში მიიღო. “ღამურების” მთავარი მწვრთნელი მიროსლავ ჯუკიჩი ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნებოდა, მაგრამ ლევანტიელთა ექიმების დასკვნა სხვაგვარი აღმოჩნდა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ პოშტიგას ბარძაყი აქვს დაზიანებული და აღდგენით პროცესს მინიმუმ კვირანახევარი დაჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი “რაიო ვალეკანოსთან” მატჩს გამოტოვებს და შესაძლოა, გუნდს ვერც ევროპის ლიგაზე, კრასნოდარის “ყუბანთან” დაეხმაროს.
პოშტიგა “ვალენსიაში” “სარაგოსადან” მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და პრიმერადივიზიონის 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა.