გულშემატკივრის სვეტი

10:59 | 13.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი და დეტექტორი

ძალიან უცნაური კაცია ეს მიშელ პლატინი. რომ ჰკითხო, ევროპულ ფეხბურთში სიახლეების დანერგვის პირველი ინიციატორი და წამახალისებელია, მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდგება, მასზე ძველმოდურ და “დროში ჩარჩენილ” ადამიანს იშვიათად თუ ნახავთ. ჯერ კიდევ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ, მიშელ პლატინიმ საჯაროდ დადო პირობა, რომ ტექნიკური საშუალებებით გოლების დაფიქსირების იდეის პირველი მებაირაღე იქნებოდა. ახლა კი ამბობს, რომ კარის ხაზზე დასაყენებელი დეტექტორები უეფას ძალიან ძვირი დაუჯდება და ამ საქმეში “გადაყრილი” 50 მილიონი ევრო, უმჯობესი იქნება, ფეხბურთის განვითარებას თუ მოხმარდება.
საინტერესოა, მაინც რას ეძახის “ფეხბურთის განვითარებას” ეს კაცი. ჩვენ პლანეტაზე მცხოვრები ფეხბურთის ალბათ ყველა გულშემატკივარი თანხმდება იმაზე, რომ მსოფლიო ფეხბურთის განვითარებას რაც ხელს უშლის, ეს პირველ რიგში მსაჯების შეცდომებია. მე შეგნებულად ვამბობ სიტყვა “შეცდომებს”, რადგან სხვაგვარად, მსაჯის მიერ მიღებული არალოგიკური გადაწყვეტლებები მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულად შეიძლება შეფასდეს. გაუგებარია, როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი, თუკი ყოველ დიდ ტურნირზე გაუთავებლად იქნება ჩასათვლელ-არჩასათვლელ გოლებზე მოთქმა და წუწუნი?! არადა, ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთ შეცდომით ჩათვლილ ან არჩათვლილ გოლს, არამხოლოდ კონკრეტული მატჩის შედეგის, არამედ მსოფლიოს ჩემპიონის შეცვლაც კი შეუძლია. არის რამე უფრო პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, ვიდრე სიმართლის დადგენაა?
რაც მართალია მართალია - პლატინი მონდომებული კაცია და მას შემდეგ რაც მან, მოხუცი ლენარტ იუჰანსონი უეფას პრეზიდენტის სავარძელში ჩაანაცვლა, უეფადან მრავალი საინტერესო წინადადება წამოვიდა. უეფას თასის ევროპა ლიგად გარდაქმნა, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდის პროექტი, ევროპის ჩემპიონატის ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ჩატარების იდეა... ეს ის იდეები და წინადადებებია, რომელთა შესახებ მსჯელობას აზრი ყოველთვის აქვს და მიშელ პლატინს გარკვეულ თემებში ნოვატორობა არ უნდა დავუკარგოთ. მაგრამ, როდესაც საქმე ფუნდამენტთა-ფუნდამენტს – სამართლიანობის დადგენას შეეხო, ფრანგმა ჩინოსანმა (რაოდენ სამწუხაროა, რომ ეს დიდი ფრანგი ფეხბურთელი ახლა მხოლოდ საფეხბურთო ჩინოსნად მოიაზრება) მორცხვი ბუტბუტი დაიწყო, აქაოდა 50 მილიონ ევროს გოლის დამაფიქსირებელ დეტექტორებში ვერ გადავიხდითო...
შე კაი კაცო, თუკი პეტერბურგის “ზენიტი” ორ ახალ ფეხბურთელში ერთბაშად 100 მილიონ ევროს იხდის, უეფას განა რა გაუჭირდა ასეთი, რომ 50 მილიონიანი ინვესტიციის მოძიება ვერ მოახერხოს? ბოლოს და ბოლოს, დღენიადაგ რომ გაჰყვირიან, ფეხბურთის პოპულარობა მთელს მსოფლიოში იზრდება და ფიფა-უეფა მსოფლიოში ერი-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაციები გახდაო, იმის  შესაძლებლობა როგორ არა აქვთ, რომ აასრულინ მილიონობით გულემატკივრის დიდი ოცნება და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვათ წერტილი ჩასათვლელ-არჩასათველელი გოლების ყბადარებულ თემას.
რა თქმა უნდა არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ როდესაც საფეხბურთო მატჩის დროს, კარის ხაზზე დეტექტორები იქნება დამონტაჟებული და ბურთის ზუსტ ტრაექტორიას დააფიქსირებენ, ამით ფეხბურთში არსებული ყველა პრობლემა მოგვარდება. რა თქმა უნდა არავის გვაქვს ამის ილუზია! მაგრამ, სიმართლის დადგენის კუთხით, ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ცოტაა განა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბათ არც ერთ თავმოყვარე გუნდს არ სურს, რომ მისი გამარჯვება წლებისა და ათწლეულების მანძილზე სათუოდ ითვლებოდეს და ყველგან იმაზე მსჯელობდნენ, იყო თუ არა მათი გამარჯვება დამსახურებულად მოპოვებული. მერე ცალკე ეს გულშემატკივრებია მისახედი და საპატრონო. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთი ხომ სწორედ გულშემატკივრებისათვის არსებობს და ამ ადამიანების აზრი თუ არავინ გაითვალისწინა, გამოდის, რომ მსოფლიო ფეხბურთს მართლა მაფია მართავს, რომელიც ისე “ჭრის და კერავს”, როგორც მოეხასაითება.
ახლა მიშელ პლატინიზე მართლაც ბევრი რამაა დამოკიდებული. მან ან უნდა აასრულოს პირობა და სამართლიანობის გვერდით დადგეს, ან არ იზამს ამ საქმეს და  მერე ნუღარ გაუკვირდება, მსოფლიოს ბობოლა კლუბები და ნაკრებები, ფიფა-უეფას ალტერნატიული ორგანოზაციების შექმნაზე თუ დაიწყებენ ფიქრს...
 

 

ლევან სეფისკვერაძე  


 

0.506755