თამაშგარე

11:36 | 9.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

პიტერ კრაუჩი გაქურდეს

ძალიან ცუდი შობა-ახალი წელი ჰქონდათ ”სტოკ სიტისა” და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელ პიტერ კრაუჩსა და მის ცნობილ მეუღლეს, ებიგეილ კრაუჩ-ქლენსის. მაშინ, როდესაც პიტერი და ები მეგობრებთან ერთად ლონდონის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ ვილაში ქეიფობდნენ, მათ სახლში ქურდები შევიდნენ და მთელი ბინა ძვირაფასულობისა და ფულისაგან პირწმინდად გაასუფთავეს.
როგორც ინგლისელი ფეხბურთელი ჟურნალისტებთან საუბარში ირწმუნება, მისი ბინიდან გატანილი ნივთებისა და თანხის ღირებულებამ საერთო ჯამში დაახლოებით 200 ათასი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ კრაუჩის ოჯახი უსახსრობას ნამდვილად არ უჩივის, ბინის გაძარცვის ფაქტი, რასაკვირველია, მათთვისაც დიდი უსიამოვნება იყო.
პიტერის მეუღლე ები კი ამბობს, რომ მას განსაკუთრებით გული დედის სახსოვარი ოქროს საყურეების დაკარგვამ დასწყვიტა და იმედი აქვს, რომ ინგლისის პოლიცია მინიმუმ ამ საყურეების დაბრუნებას მაინც შეძლებს. კრაუჩებმა მართალია გვიან, მაგრამ უკვე მიიღეს ზომები მომავალში ქურდებისაგან თავის დასაცავად. ამიერიდან ამ ოჯახს სპეციალური დაცვის სამსახური და გაწვრთნილი ძაღლები დაიცავენ.
 

0.142682