ჩემპიონთა ლიგის 59-წლიანი ისტორიის განმავლობაში დღეს პირველად მოხდება, რომ ფინალურ მატჩში ერთმანეთის პირისპირ ერთი ქალაქის გუნდები წარსდგებიან. ლისაბონში გასამართ შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდული გუნდები, “რეალი” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან.
“რეალი” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდია. “სამეფო კლუბმა” ფინალში 12-ჯერ ითამაშა და აქედან 9-ჯერ მოიგო. თუმცა, საიუბილეო მე-10 თასის მოგებას მადრიდული გუნდი უკვე 12 წელია ელოდება.
“ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებებით განებივრებული ნამდვილად არაა. მადრიდელებს ფინალში ერთადერთხელ, 40 წლის წინათ აქვთ ნათამაშები. 1974 წელს, “ატლეტიკოსა” და “ბაიერნს” შორის გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა. 2 დღის შემდეგ, გადათამაშებაში, ესპანელებმა 0:4 წააგეს.
“რეალი” და “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს აქამდეც შეხვედრიან, მაგრამ ეს შორეულ 1959 წელს მოხდა. ნახევარფინალის 2 თამაშის შემდეგ ანგარიში 2:2 იყო. საჭირო გახდა დამატებითი შეხვედრის დანიშვნა, რომელიც “რეალმა” 2:1 მოიგო.
ესპანეთის მასშტაბით “რეალი” და “ატლეტიკო” ერთმანეთს 194-ჯერ შეხვედრიან. “რეალმა” 102-ჯერ მოიგო, “ატლეტიკომ” – 46-ჯერ, ხოლო 46 თამაში ფრედ დასრულდა.
ესპანეთის წარმომადგენლებს ევროტურნირებზე ორივე გუნდი 14-ჯერ შეხვედრია. “რეალს” 7 მოგება, 4 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა, ხოლო “ატლეტიკომ” 7-ჯერ მოიგო, 3-ჯერ ფრედ ითამაშა და 4-ჯერ წააგო.
ევროტურნირის ფინალში “რეალი” ესპანურ გუნდს აქამდე ერთხელ შეხვედრია. 2000 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდელებმა “ვალენსიას” 3:0 მოუგეს.
“ატლეტიკო” საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებს ევროთასის ფინალში მესამედ ხვდება. 2004 წელს, მადრიდელები “ვილიარეალთან” ინტერტოტოს თასზე დამარცხდნენ, ხოლო 2012 წელს, ევროპის ლიგაზე, მათ “ბილბაოს” მოუგეს.
დღევანდელ მატჩამდე გუნდებმა არცთუ კარგი ფორმით მოაღწიეს. “ატლეტიკომ” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 3 თამაშში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, თუმცა ეს ლა ლიგაში 1996 წლის შემდეგ პირველად გასაჩემპიონებლად საკმარისი გამოდგა. “რეალმა” კი, პრიმერას ბოლო 4 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო.
უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ლისაბონში გასამართ ფინალში გუნდები ერთმანეთს დანაკლისით შეხვდებიან. “რეალს” ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი ჩაბი ალონსო ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო არ ეყოლება. ტრავმის გამო გამორიცხულია ხესეს თამაში. გამოჯანმრთელების შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში შესვლა ჯერ ვერ მოახერხა სამი ხედირამ, რომელსაც დღეს მოედანზე არ უნდა ველოდოთ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კრიშრტიანუ რონალდუს, ქარიმ ბენზემასა და ალვარო მორატას საკითხი. თუმცა, დიდი ალბათობით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ დღეს სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
“ატლეტიკოს”, ბოლო დღეებში, არდა თურანი და გუნდის ლიდერი დიეგო კოსტა ჰყავდა ტრავმირებული. თურქმა ნახევარმცველმა გამოჯანმრთელება მოასწრო და მას ძირითად შემადგენლობაში ველით. ესპანელი თავდამსხმელის საკითხი გარკვეული ჯერ კიდევ არაა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის თამაშს, ყველაზე კარგ შემთხვევაში, სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.
შეხედრის მთავარი არბიტრი ბიორნ კუიპერსი იქნება, რომელსაც “რეალისთვის” იღბლიანი მსაჯი არ ეთქმის. “სამეფო კლუბმა” ჰოლანდიელის მონაწილეობით 2 თამაში გამართა. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “რეალი” მოსკოვის ცსკა-ს დაუზავდა, ანგარიშით 1:1. 2013 წელს, ნახევარფინალის პირველ მატჩში, მადრიდელებმა “დორტმუნდთან” 1:4 წააგეს.
კუიპერსს “ატლეტიკოს” შეხვედრაში აქამდე ერთხელ უმსაჯია. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდულმა გუნდმა “ჩელსისთან” 2:2 ითამაშა.
- ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, ფინალში ერთმანეთს ერთი ქალაქის 2 გუნდი დაუპირისპირდება;
- ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთი ქვეყნის 2 წარმომადგენელი ერთმანეთს მეხუთედ ხვდება. პირველად ეს 2000 წელს მოხდა, როცა “რეალმა” “ვალენსია” 3:0 გაანადგურა;
- “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეცამეტედ ითამაშებს. წინა 12 მცდელობიდან მადრიდელებმა ბოლო 3 მოიგეს. სულ, მათ აქტივში 9 მოგება და 3 წაგებაა;
- “ატლეტიკოს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთხელ უთამაშია. 1974 წელს, მადრიდელებმა მიუნხენის “ბაიერნთან” 1:1 ითამაშეს, ხოლო გადათამაშებაში 0:4 წააგეს;
- თუ დღეს დიეგო სიმეონეს გუნდმა მოიგო, “ატლეტიკო” ჩემპიონთა თასის მფლობელი 23-ე გუნდი გახდება;
- ორივე გუნდში თითო ისეთი ფეხბურთელები თამაშობს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა სხვა გუნდთან ერთად მოუგიათ. 2008 წელს, კრიშტიანუ რონალდუს “მანჩესტერმა” ფინალში “ჩელსი” დაამარცხა და პორტუგალიელმა იმ მატჩში გოლი გაიტანა. 2011 წელს, დავიდ ვილიას “ბარსელონამ” ფინალში “მანჩესტერს” სძლია. კატალონიელთა მხრიდან ერთი გოლი ვილიამ გაიტანა;
- ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა თავის ამჟამინდელ გუნდთან ერთად მოუგია, იკერ კასილიასია. ის მადრიდელთა კარს 2000 და 2002 წლების ტრიუმფების დროს იცავდა;
- გასულ კვირაში, ბარსელონაში ქულის მოპოვების წყალობით, “ატლეტიკო” ესპანეთის ჩემპიონი 1996 წლის შემდეგ პირველად გახდა. “რეალი” მიმდინარე სეზონში მე-3 ადგილს დასჯერდა;
- “რეალი” და “ატლეტიკო” ერთმანეთს ფინალში 5-ჯერ შეხვედრიან. ეს ხუთივეჯერ ესპანეთის თასზე მოხდა. “ატლეტიკომ” 4-ჯერ მოიგო, ხოლო “რეალმა” ერთხელ, თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვა;
- ევროტურნირის ფინალში ესპანურ გუნდთან მოგების გამოცდილება “რეალსაც” აქვს და “ატლეტიკოსაც”. 2000 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “სამეფო კლუბმა” “ვალენსია” 3:0 გაანადგურა. 2012 წელს, ევროპის ლიგის გადამწყვეტ მატჩში, “როხიბლანკომ” “ბილბაოს” იმავე ანგარიშით სძლია;
- “ატლეტიკო” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში წაგება არ აქვს. სიმეონეს შეგირდებმა 9-ჯერ მოიგეს და 3-ჯერ ფრედ ითამაშეს. “ატლეტიკოს” შანსი აქვს გახდეს მე-7 გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას დაუმარცხებლად მოიგებს;
- “ატლეტიკოს”, ესპანურ გუნდებთან ევროტურნირებზე გამართულ ბოლო 8 თამაშში წაგება არ აქვს;
- “რეალის” მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, თავისი კარიერის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუნდი 3-ჯერ გაუყვანია. მისმა “მილანმა” 2003 და 2007 წლებში მოიგო, ხოლო 2005 წელს წააგო. იტალიელ სპეციალისტს შანსი აქვს ლიგა მესამედ მოიგოს და ამ მხრივ რეკორდსმენს, ბო პეისლის გაუთანაბრდეს;
- დიეგო სიმეონეს შანსი აქვს გახდეს მე-3 არაევროპელი მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა თასს მოიგებს. პირველი ორი არგენტინელები იყვნენ – ლუის კარნილია და ელენიო ერერა;
- კარლო ანჩელოტისა და დიეგო სიმეონეს, ფეხბურთელობის დროს, ერთმანეთის წინააღმდეგ ერთხელ უთამაშიათ. 1991 წელს, ანჩელოტის “მილანმა” სიმეონეს “პიზა” 1:0 დაამარცხა;
- კრიშტიანუ რონალდუს, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩატარებულ 13 თამაშში 12 გოლი აქვს გატანილი;
- სერხიო რამოსი “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებების დროს მოედნიდან 2-ჯერ გააძევეს;
- მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 37 გოლი “რეალის” ფეხბურთელებმა გაიტანეს. ეს ამ ფორმატის (მაქსიმუმ 13 თამაში) ჩემპიონთა ლიგის რეკორდია;
- მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, 10 თამაშში მეტოქეთა კარი 16-ჯერ აიღო და ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა;
- კრიშტიანუ რონალდუს, ჩემპიონთა ლიგაზე სულ 66 გოლი აქვს გატანილი. ის ამ მაჩვენებლით მე-3 ადგილზეა. პორტუგალიელი მეორეადგილოსან მესის 1, ხოლო რეკორდსმენ რაულს 5 გოლით ჩამორჩება;
- კრიშტიანუ რონალდუმ, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 49 თამაშში 59 გოლი გაიტანა;
- ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, კრიშტიანუ რონალდუმ 31 გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა და “ოქროს ბუცი” ლუის სუარესთან გაიყო;
- სერხიო რამოსმა, ბოლო 6 თამაშში 5 გოლი გაიტანა. მანამდე მას მეტოქის კარი ზედიზედ 41 შეხვედრაში არ ჰქონდა აღებული.
რეალი-ატლეტიკო
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო, ილიარამენდი, დი მარია, მოდრიჩი, ბეილი, ბენზემა, რონალდუ.
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი, თურანი, ტიაგო, გაბი, კოკე, ვილია, გარსია.
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).