ძიუდო

17:53 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ჩემპიონი კლუბი ხვალ გამოვლინდება

14 დეკემბერს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემია საქართველოს პირველ საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს. სადებიუტო შეჯიბრება 1998-1999 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის გაიმართება. ეს, ის ასაკობრივი ჯგუფია, რომელიც თბილისის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უნდა ჩაერთოს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა რეგიონის თერთმეტმა კლუბმა გამოთქვა. ეს კლუბებია: „შევარდენი-2005“ (თბილისი), „ჯორჯია“ (თბილისი), „ლიდერი“ (თბილისი), „ოლიმპი“ (თბილისი), „ვიპ ძიუდო“ (გორი), „ხაბარელი“ (ქარელი), თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს კლუბი (მარნეული), „ფალავანი“ (ზესტაფონი), „დურმიშხანი“ (ქარელი), „ავიატორი“ (თბილისი) და ლევან თედიაშვილის სახელობის სპორტული კლუბი „მოჭიდავე“ (თბილისი).

საკლუბო ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით, რეპეშაჟის გარეშე ჩატარდება. ნახევარფინალში წაგებული გუნდები, მესამე ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და შესაბამისად, მხოლოდ ერთი ბრინჯაო გათამაშდება.

შეჯიბრების ხელშემწყობი „ძიუდოს განვითარების ფონდი“, საქართველოს ჩემპიონ კლუბს 3 ათასი ლარით დააჯილდოვებს, ვერცხლისმედალოსანს 2 ათასი ერგება, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 1000.

საკლუბო ჩემპიონატი 11 საათზე დაიწყება.

0.11158