ჭიდაობა

23:40 | 11.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ბრინჯაო - გიორგი გოგშელიძემ მოსკოვში ქართული ანგარიში გახსნა

მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღით ადრეღა შეძლეს ქართველმა მოჭიდავეებმა პირველი მედლის მოპოვება. თავისუფალი სტილის მიმდევართა შვიდეულიდან ხალიჩაზე ჯერ ნაკრების 4 წევრი გავიდა და ბერძენ-რომაელთა შედეგი (უფრო ზუსტად კი უშედეგობა) უკვე გაუმჯობესებულია. 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გუშინ, ხალიჩაზე მალხაზ ქურდიანი (60 კგ) და დავით მარსაგიშვილიც (84 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამეულს ვერ შეწვდნენ.
96 კილოგრამში ყველაფერი ისე დაიწყო, ქართველი გულშემატკივრები რომ ელოდნენ, მაგრამ ყველაზე ცუდი და ვფიქრობთ, არც თუ მოულოდნელი დასასრულით დასრულდა. ბერძენი იოანის პაპადოპულოსისა და პოლონელი რადოსლავ ბარანის მომგებ გიორგი გოგშელიძეს წინ მრისხანე მეტოქე – რუსეთის სახელით მოჭიდავე ჰაჯიმურატ გაცალოვი გადაეღობა და პირადი შეხვედრების ისედაც უარყოფითი ბალანსის კიდევ უფრო გაუუარესა. ცნობისთვის, პირველი სეტი გოგშელიძემ მოიგო, მაგრამ შემდეგ დაღლა დაეტყო, ნელ-ნელა გაპასიურდა და უპირატესობა გაცალოვს გაატანა.
რუსი რა თქმა უნდა ფინალშიც გავიდა და მეოთხედფინალში ძლეულ მეტოქეს რეპეშაჟში გაუხსნა გზა. ბრინჯაოს გზაზე გოგშელიძემ ჯერ სომეხი ედგარ ენუქიანი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი, ირანელ არფალ მორადალი ამირს აჯობა და კვარცხლბეკზე ავიდა.
მალხაზ ქურდიანმა (60 კგ) ძირითად ბადეში მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა. პუერტორიკოელი ფრანკლინ გომეს მატოსის ძლევის შემდეგ, უკრაინელ მოწინააღმდეგესთან - მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ ვასილი ფედორიშინთან წააგო და მას შემდეგ, რაც ფედორიშინი ფინალში გავიდა ქართველი დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. უზბეკეთის სახელით მოჭიდავე დილშოდ მანსუროვს კი აჯობა, მაგრამ თურქ ერსინ ჩეტინთან აღარაფერი გამოუვიდა და კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.
დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, უკრაინის სახელით მოჭიდავე იბრაგიმ ალდატოვთან ორ სეტში წაგებით, მაგრამ იმის გამო, რომ ფედორიშინისგან განსხვავებით, ალდატოვი ფინალს ვერ შეწვდა, მარსაგიშვილი რუსულ ხალიჩაზე მეტჯერ აღარ გასულა. ალდატოვთან წაგებამდე კი, ქართველმა უნგრელი იშტვან ვერები და ყაზახი კანატ ბერდიევი უპრობლემოდ ჩამოიცილა.
ჩემპიონატის ბოლო დღეს – 12 სექტემბერს მედლები დარჩენილ სამ წონაში – 66, 74 და 120 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით ოთარ თუშიშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ) და ლევან ბერიანიძე (120 კგ) იჭიდავებენ.

თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
მოსკოვი. 11 სექტემბერი
60 კგ
1 ბესიკ კუდუხოვი (რუსეთი)
2 ვასილი ფედორიშინი (უკრაინა)
3 ზელიმხან ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
3 სეიედ მორად მოჰამადი (ირანი)
84 კგ
1 მიხაილ პეტროვ განევი (ბულგარეთი)
2 ზაურბეკ სოხიევი (უზბეკეთი)
3 რეინერის სალას პერესი (კუბა)
3 სოსლან ხცოევი (რუსეთი)
96 კგ
1 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)
2 ჰაჯიმურატ გაცალოვი (რუსეთი)
3 გიორგი გოგშელიძე (საქართველო)
3 ალექსეი კრუპნიკოვი (ყირგიზეთი)
ოთარ მაღლაკელიძე
0.114121