ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი ნახევარფინალისტები დღეს გაირკვევა. ერთი კვირის წინანდელის მსგავსად, დღის მთავარი დაპირისპირება კვლავ “ჩელსისა” და პსჟ-ს მატჩია, რადგან “რეალისა” და “დორტმუნდის” წყვილში ბევრი რამ უკვე გარკვეულია.
ჩელსი-პსჟ (პირველი მატჩი 1:3)
პირველი მატჩის ბოლო წამებზე, ხავიერ პასტორეს მიერ გატანილი გოლის წყალობით, პსჟ-მ წყვილის ფავორიტის სტატუსი მოიპოვა. დღეს, “ჩელსის”, მეტოქის კარში 2 გოლის გატანაზე და თავად არგაშვებაზე თამაში მოუწევს. სტუმართა რიგებში ზლატან იბრაჰიმოვიჩის არყოფნის მიუხედავად, მოურინიოს გუნდის ამოცანა მაინც ძნელად შესასრულებელი ჩანს.
პსჟ თამაშს შესანიშნავ ფორმაში ხვდება, რასაც “ჩელსიზე” ვერ ვიტყვით. ლონდონელებმა, გასულ უქმეებზე, იოლად კი მოიგეს, მაგრამ პრემიერლიგის ბოლო 4 მატჩში 2 მარცხის გამო, “არისტოკრატებმა ლიდერობა დათმეს. თუმცა, საკუთარ კედლებში, “ჩელსი” კარგად გამოიყურება – ლონდონელებმა პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე “სტემფორდ ბრიჯზე” ჩატარებული ბოლო 6 თამაში მშრალად მოიგეს, აქედან ხუთის ანგარიში მოურინიოს გუნდს დღეს ხელს აძლევს.
მეტოქისგან განსხვავებით, პსჟ-მ საკუთარი და მეტოქის მოედნების გარჩევა არ იცის. ლორან ბლანის გუნდი, უკვე 11 თამაშია, ყველა ტურნირზე ნებისმიერ სტადიონზე იგებს. შედეგად, პარიზელები ლიგა ერთს 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.
ერთი კვირის წინათ გამართული დაპირისპირების გარდა, გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ. 2004 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ჩელსიმ” სტუმრად 3:0 მოიგო, ხოლო ლონდონში გუნდებმა ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს.
“ჩელსის” ფრანგულ კლუბებთან სულ 11-ჯერ უთამაშია. ინგლისელებმა ოთხ-ოთხჯერ მოიგეს და წააგეს, ხოლო 3-ჯერ ფრედ ითამაშეს. ლონდონში ჩატარებული 5 დაპირისპირებიდან “არისტოკრატებმა” მეტოქეს 3-ჯერ სძლიეს, ხოლო ორმა თამაშმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ფრანგულ გუნდთან საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 2 თამაში “ჩელსიმ” იმ ანგარიშით მოიგო, რომლის გამეორების შემთხვევაშიც ლონდონელები ნახევარფინალში გადიან.
პსჟ-ს, ინგლისის წარმომადგენლებთან გამართულ 8 შეხვედრაში 2 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი აქვს. მეტოქის მოედანზე ჩატარებული 4 დაპირისპირებიდან პარიზელებმა 2 ფრედ დაასრულეს და ორიც დათმეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, “პარი სენ ჟერმენი” ლონდონს გუნდის ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე ეწვია. უდანაკარგოდ არც “ჩელსია” ლონდონელებს ტრავმირებული ობი მიკელი და დისკვალიფიცირებული რამირესი არ ეყოლებათ. საეჭვოა ეტოოსა და შიურლეს თამაშიც.
UEFA-მ, შეხვედრის განსასჯელად პორტუგალიელი პედრო პროენსა მიავლინა, რომლის მონაწილეობით გამართული ორივე თამაში “ჩელსიმ” ფრედ დაასრულა. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ლონდონელებმა “ბაიერნთან” 1:1 ითამაშეს, რასაც თერთმეტმეტრიანების სერიაში მათი გამარჯვება მოჰყვა. მომდევნო გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, “ჩელსიმ” “იუვენეტუსს” უმასპინძლა და თამაში 2:2 დასრულდა.
რაც შეეხება “პარი სენ ჟერმენს”, ამ გუნდის მატჩში პროენსა პირველად იმსაჯებს.
- “ჩელსიმ”, ფრანგულ გუნდებთან საკუთარ მოედანზე გამართული 5 თამაშიდან გოლი მხოლოდ ერთში გაუშვა;
- პსჟ-ს, მიმდინარე გათამაშებაში, სტუმრად ჩატარებულ 4 მატჩში 14 გოლი გაიტანა;
- “ჩელსის”, ევროტურნირის პლეი ოფის პირველი მატჩი სტუმრად 12-ჯერ წაუგია. ლონდონელები მომდევნო ეტაპზე 7-ჯერ გავიდნენ. 1:3 წაგების შემდეგ, “ჩელსიმ” ორრაუნდიანი დაპირისპირების მოგება 2 შემთხვევიდან ერთხელ მოახერხა;
- ჟოზე მოურინიოს მიერ გაწვრთნილი გუნდი ევროტურნირის 1/4-ფინალიდან არასდროს გამოვარდნილა;
- პსჟ-ს ევროტურნირის პლეი ოფის პირველი თამაში საკუთარ მოედანზე 14-ჯერ მოუგია. პარიზელები შემდეგ ეტაპზე 11-ჯერ გავიდნენ. ორბურთიანი სხვაობით “პარი სენ ჟერმენმა” 4-ჯერ მოიგო, აქედან ერთხელ ფრანგები ტურნირს მაინც გამოეთიშნენ;
- ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 თამაშში, “პარი სენ ჟერმენმა”, თერთმეტმეტრიანი დარტყმით, 3 გოლი გაუშვა;
- “პარი სენ ჟერმენმა”, ყველა ტურნირზე, ბოლო 11 თამაში მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია;
- ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც დღეს ვერ ითამაშებს, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 37 მატჩში 41 გოლი გაიტანა;
- პსჟ-მ, ბოლო 110 თამაშიდან, ორბურთიანი სხვაობით მხოლოდ 1 წააგო;
- “ჩელსიმ”, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან 3 წააგო;
- “ჩელსის”, ყველა ტურნირზე, საკუთარ კედლებში ჩატარებულ ბოლო 8 თამაშში გოლი არ აქვს გაშვებული. ლონდონელებმა 7 შეხვედრა მოიგეს;
- “ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 საშინაო თამაში მშრალად მოიგო;
- “ჩელსიმ”, ერთი კვირის წინათ გამართულ მატჩში უფრო მეტი გოლი გაუშვა (3), ვიდრე ჩემპიონთა ლიგის წინა 7 თამაშში (2);
- პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
- პსჟ-მ გოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 თამაშში გაიტანა, აქედან 13-ში 2 ან მეტი;
- პსჟ-ს, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, ლემპარდი, ლუისი, ვილიანი, ოსკარი, აზარი, ტორესი.
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, სილვა, მაქსველი, ვერატი, მოტა, მატუიდი, მოურა, კავანი, ლავესი.
მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).
დორტმუნდი-რეალი (პირველი მატჩი 0:3)
ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ნახევარფინალიდან გამოგდების გამო, “რეალს” “დორტმუნდზე” რევანში აქვს ასაღები, რასთანაც მადრიდული გუნდი ძალიან ახლოსაა. ესპანელებმა პირველი თამაში 3:0 მოიგეს და გერმანელები, შეიძლება ითქვას, შეუსრულებელი მისიის წინაშე დგანან.
“დორტმუნდს” დისკვალიფიკაციამოხდილი რობერტ ლევანდოვსკი დაუბრუნდა, რომელმაც “რეალს”, 4 თამაშში, 5 გოლი გაუტანა. ამის მიუხედავად, ძნელი წარმოსადგენია, იურგენ კლოპის გუნდმა 1/2-ფინალისთვის იბრძოლოს. გასული გათამაშების ნახევარფინალში, დღევანდელზე ძლიერმა “დორტმუნდმა” “რეალს” 4:1 მოუგო, მაგრამ გერმანელებს ხელს არც ამ ანგარიშის გამეორება აძლევთ.
მასპინძლეთა ამოცანას ისიც ართულებს, რომ “რეალს” დასვენებული რონალდუ უბრუნდება. მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელს, ბოლო დროს, ტრავმა აწუხებდა, რაც მის თამაშზეც აისახეობდა. კარლო ანჩელოტიმ გუნდის ლიდერი ლა ლიგის გასულ ტურში დაასვენა და ახლა, ის სათამაშოდ მზადაა. რონალდუს მოტივაციას ისიც მატებს, რომ დღეს მეტოქის კარის აღების შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში გატანილი გოლების მხრივ, რეკორდსმენი გახდება. “რეალის” მე-7 ნომრის ეს დამატებითი მოტივაცია “დორტმუნდს” საქმეს კიდევ უფრო გაურთულებს.
გასულ უქმეებზე, შიდა ჩემპიონატში, ორივე გუნდმა მოიგო. “დორტმუნდმა”, ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-2 გამარჯვება “ვოლფსბურგთან” იზეიმა და მე-2 ადგილზე მყოფმა გუნდმა მდევართან სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა.
“რეალმა”, ლა ლიგაში, დიდი ანგარიშით ზედიზედ მეორედ მოიგო. გადახალისებული შემადგელობით მოთამაშე მადრიდელებმა “სოსიედადი” სან სებასტიანში 4:0 გაანადგურეს. მოგების მიუხედავად, კარლო ანჩელოტის გუნდი პრიმერაში კვლავ მე-3 ადგილზეა. “სამეფო კლუბი” ლიდერ “ატლეტიკოს” 3, ხოლო “ბარსელონას” 2 ქულით ჩამორჩება.
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 9 თამაშს ითვლის. “დორტმუნდმა” 2-ჯერ მოიგო, “რეალმა” – 4-ჯერ, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა. გერმანაიში ჩატარებული 4 დაპირისპირებიდან ორში მასპინძლებმა იმარჯვეს, ხოლო ორმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
“დორტმუნდს” ესპანეთის წარმომადგენლებთან გამართულ 23 თამაშში 7 მოგება, ამდენივე ფრე და 9 მარცხი დაუგროვდა. საკუთარ კედლებში გერმანელებმა 6-ჯერ მოიგეს, ხოლო ორ-ორჯერ ფრედ ითამაშეს და წააგეს. “დორტმუნდს” ესპანურ გუნდთან არასდროს მოუგია იმ ანგარიშით, რომლის გამეორებაც კლოპის გუნდს ნახევარფინალში გაიყვანს.
“რეალი” გერმანულ გუნდებს 55-ჯერ შეხვედრია. მადრიდელებს 26 მოგება, 10 ფრე და 20 წაგება აქვთ. მეტოქის მოედანზე ჩატარებული 25 მატჩიდან ესპანელებმა მხოლოდ 2 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 17 წააგეს. “სამეფო გუნდმა” გერმანელებთან 4-ჯერ წააგო იმ სხვაობით, რომელიც სტუმრებს დღეს არ აწყობთ.
“დორტმუნდი” “რეალს” კვლავ ტრავმირებული ფეხბურთელების დიდი სიით ხვდება. ამ მიზეზით მასპინძლებს გიუნდოგანი, ბენდერი, ბლაშჩიკოვსკი და სუბოტიჩი ვერ დაეხმარებიან, ხოლო ვაიდენფელერის, როისის, სოკრატისისა და შაჰინის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დისკვალიფიციკაიის გამო ვერ ითამაშებს კელი.
კარლო ანჩელოტი ტრავმირებულ მარსელოს, არბელოას, ხესესა და ხედირას მოისაკლისებს.
მატჩს დამირ სკომინა განსჯის. “დორტმუნდის” შეხვედრაში სლოვენიელ არბიტრს მონაწილეობა ერთხელ მიუღია. 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, გერმანელებმა “შახტარი” 3:0 გაანადგურეს.
“რეალის” თამაშში სკომინას 3-ჯერ უმსაჯია. მადრიდელებმა სამივე მატჩი საკუთარ მოედანზე ჩაატარეს და ყველა მათგანი მოიგეს. 2010 წელს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “რეალმა” “აიაქსს” 2:0 მოუგო. 2011 წელს, 1/8-ფინალში, მადრიდელებმა “ლიონს” 3:0 სძლიეს, ხოლო 2012 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, “სამეფო გუნდმა” უქულოდ “მანჩესტერ სიტი” დატოვა, როდესაც ინგლისელებს 3:2 მოუგო.
- “რეალი” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა. მადრიდელები, წინა სამ შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე გასვლას ახერხებდნენ;
- “რეალმა” გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 22 გასვლით თამაშში მოახერხა. ამ 22 თამაშიდან “რეალმა” 4 წააგო, აქედან 3 გერმანიაში;
- ევროტურნირის პლეი ოფის პირველი მატჩის საკუთარ კედლებში მოგება “რეალმა” აქამდე 55-ჯერ მოახერხა. ესპანელები შემდეგ ეტაპზე 42-ჯერ გავიდნენ. ანგარიშით 3:0 მადრიდელებმა 8-ჯერ მოიგეს და მათ ორრაუნდიანი დაპირისპირება ყველა შემთხვევაში მოიგეს;
- “დორტმუნდმა”, ევროტურნირის პლეი ოფის პირველი მატჩი გასვლაზე 13-ჯერ წააგო. გერმანელები მომდევნო ეტაპზე 8-ჯერ გავიდნენ. სამბურთიანი ჩამორჩენა “დორტმუნდს” არასდროს გაუბათილებია;
- “დორტმუნდმა”, ყველა ტურნირზე, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ 4 მოიგო;
- “რეალი” ერთ-ერთია იმ 2 გუნდიდან, რომლებსაც მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ წაუგიათ;
- “რეალი” მიმდინარე გათამაშების ყველაზე შედეგიანი გუნდია. მადრიდელებმა 32 გოლი გაიტანეს. აქედან 14 კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა, რომელიც საუკეთესო ბომბარდირია;
- კრიშტიანუ რონალდუმ, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 44 თამაშში 54 გოლი გაიტანა;
- “რეალს” გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 34 თამაშში აქვს გატანილი, რაც რეკორდია;
- იმ სხვაობით, რომელიც “რეალს” ნახევარფინალს მიღმა დატოვებს, მადრიდულ გუნდს 2010 წლის ნოემბრის შემდეგ არ წაუგია;
- “რეალი” დღევანდელ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე არსებული 10-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება. მადრიდელებმა ბოლოს “დორტმუნდთან” წააგეს;
- “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 თამაში მოიგო, რაც საუკეთესო მოქმედი სერიაა.
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, ჰუმელსი, სოკრატისი, გროსკროიტცი, შაჰინი, იოიჩი, ობამეიანგი, მხითარიანი, როისი, ლევანდოვსკი.
რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, დი მარია, რონალდუ, მოდრიჩი, ბეილი, ბენზემა, ისკო.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).