“იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ კატეგორიულად უარყო იტალიური გამოცემების მიერ გავრცელებული ცნობა, თითქოს მასსა და “ბებერი ქალბატონის” დამრიგებელ ანტონიო კონტეს შორის უთანხმოებაა და საქმე ხშირად სკანდალამდეც მიდის.
“არ მესმის, რატომ უნდა მქონდეს ცუდი დამოკიდებულება მთავარ მწვრთნელთან. ჭორი გაზეთებმა ააგორეს და გულშემატკივრებსაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. სინიორ ანტონიოსთან მშვენიერი საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ცხადია, სხვადასხვა წმინდა სათამაშო მომენტებზე ხანდახან ვკამათობთ. ამასთან, ნებისმიერ ამგვარ საუბარს ორივენი მალევე ვივიწყებთ. კონტეზე კი ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. სინიორ ანტონიო დიდი მწვრთნელია, მისი ტაქტიკური განსწავლულობა კი მაოცებს. ამასთან, როგორც მწვრთნელები, ასევე ფეხბურთელები მაქსიმალისტები ვართ, დამრიგებლები ჩვენგან სრულყოფისკენ სწრაფვას ითხოვენ, მოთამაშეებს რაც შეეხება, ჩემ პარტნიორებსა და მოწინააღმდეგეებს შორის არ მეგულება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც შეცვლით ან სათადარიგოთა სკამზე ჯდომით კმაყოფილი იყოს”, - პირლოს ეს სიტყვები Gazzetta dello Sport-ს მოჰყავს.