მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი პიმ ვერბეეკის მიერ გაწვრთნილმა ავსტრალიის ნაკრებმა შესანიშნავად ჩაატარა და იაპონიასთან ერთად გახდა პირველი გუნდი, რომელიც მუნდიალზე სამხრეთ აფრიკას შეუერთდა. ჰოლანდიელი სპეციალისტის მიერ დარიგებულ ავსტრალიელებს სამხრეთ აფრიკაში D ჯგუფში მოუწევთ ასპარეზობა, სადაც მათი მეტოქეები გერმანია, განა და სერბეთი იქნებიან. მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში ვიზიტის დროს ვერბეეკს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის წარმომადგენელი ეწვია და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
- როგორ მიმდინარებს მუნდიალისთვის მზადება? არის რაიმე სახის პრობლემა, რომელზეც განსაკუთრებულად გმართებთ მუშაობა?
- არა, ჩვენი მოედნები ძალზე კარგ მდგომარეობაშია და ვფიქრობ სავარჯიშო მოედნებიც ასე იქნება. ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ამხანაგური მატჩები უკვე დანიშნული გვაქვს. ასე რომ, ამჟამად ჩემი ერთადერთი საზრუნავი არის 23 ფეხბურთელის შერჩევა.
- ჩემპიონატს გერმანიასთან მატჩით იწყებთ. რას გვეტყვით ამ შეხვედრაზე?
- ჩემთვის, როგორც გერმანელისთვის, ყოველთვის განსაკუთრებულია გერმანელებთან დაპირისპირება. ვფიქრობ, გერმანია არა მხოლოდ ჯგუფის, არამედ როგორც ყოველთვის, მთელი ჩემპიონატის ფავორიტია. ფავორიტთან მატჩით დაწყება კარგია, რადგან დამარცხებული მხარის პოზიციით იწყებ და მეტოქისთვის სიურპრიზის შეთავაზება შეგიძლია. ჩემს ფეხბურთელებს უყვართ გამოცდები და გერმანიასთან მატჩი მათთვის სწორედ ამ ტიპის შეხვედრა იქნება..
- შემდეგ მოდის განა, რომელთანაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება გექნებათ. არ არის საჭირო აფრიკელთა დასამარცხებლად?
- ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სერბეთთან გვექნება. გადამწყვეტი სწორედ ბოლო შეხვედრა იქნება. გერმანიას, განას და სერბეთს ერთმანეთისგან განსხვავებული თამაშის სტილი აქვთ. ამჟამად სრულად ფოკუსირებულნი ვართ გერმანიასთან გასამართ მატჩზე, შემდეგ კი, განასთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად 6 დღე გვექნება. აფრიკის ერთა თასმა გვიჩვენა, რომ განა იოლი მეტოქე არ იქნება. რაც შეეხება სერბეთს, მას დასაკარგი არაფერი აქვს, რის გამოც იგი ჩვენთვის ძალზე სახიფათოა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სერბებს არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავთ.
- ზოგჯერ გაკრიტიკებენ დაცვითი ფეხბურთის თამაშის გამო...
- როდესაც გუნდის მოსამზადებლად დიდი დრო არ გაქვს, უნდა დაიწყო საორგანიზაციო საკითხებით და სწორედ ასე მოვიქეცით. ჩვენ ყოველთვის ერთი სისტემით ვთამაშობთ. დაცვაში ჩემი გუნდი კარგად გამოიყურება, ჩვენს კარში გოლის გატანა ძალზე რთულია. რაც შეეხება თავდასხმას, შესარჩევ ეტაპზე ჩვენ იმაზე მეტი გოლი გავიტანეთ, ვიდრე რომელიმე აზიურმა გუნდმა. ვფიქრობ, ეს ეს კარგი შედეგია. როდესაც კარს მშრალად ბევრჯერ შეინახავ, ხალხი ლაპარაკობს, რომ დაცვით ფეხბურთს თამაშობ. ალბათ უმჯობესია 4:3 მოვიგოთ, ვიდრე 3:0.
- საკვალიფიკაციო ეტაპის მიმდინარეობისას მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ავსტრალია არის კონკრეტულ მიზანზე ფოკუსირებული და კარგად მოტივირებული გუნდი. როგორ მიაღწიეთ ამას?
- პირველ რიგში, ამის მიზეზად მიმაჩნია ის, რომ ავსტრალიაში ამაყი ხალხი ცხოვრობს. ფეხბურთელებს სურთ ითამაშონ თავიანთი ქვეყნისთვის და არ ავიწყდებათ ავსტრალიელთა მენტალიტეტი. ისინი თამაშობენ პირველიდან უკანასკნელ წუთამდე. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული. ბევრი ფეხბურთელი ერთად ჯერ კიდევ 2000 წლის ოლიმპიური თამაშებიდან თამაშობს. გარდა ამისა, გუნდში გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი. ფეხბურთელები ერთმანეთს პატივს სცემენ. მართალია გუნდის ლიდერები ვეტერანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ისინი ტოლსწორად აღიქვამენ ახალგაზრდა თანაგუნდელებს. ავსტრალიის ნაკრებში მოთამაშე ბევრი ფეხბურთელისთვის 2010 წლის ჩემპიონატი ბოლო მუნდიალი იქნება.
- თქვენ უკვე მოინახულეთ სამხრეთ აფრიკა. რას უნდა ელოდნონ ამ ქვეყნისგან მსოფლიოს ჩემპიონატის სტუმრები?
- სამხრეთ აფრიკაში მეშვიდედ, თუ მერვედ ვარ და ყოველ ჯერზე აქ სტუმრობით სიამოვნებას ვიღებ. დარწმუნებული ვარ, რომ აქ შესანიშნავი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა