კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე მადრიდის “ატლეტიკოსთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში (1:1) დაშავდა. უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, 27 წლის ესპანელი ლაზარეთში თვეს გაატარებს.
მადრიდელთა ფორვარდ დიეგო კოსტასთან შეჯახებისას, პიკე მინდორზე უხერხულად დაეცა და ბარძაყი დაიზიანა. კატალონიელი ექიმების თქმით, მცველის გამოჯანმრთელებას, სულ ცოტა, 4 კვირა დასჭირდება.
ამგვარად, ესპანელს “ატლეტიკოსთან” საპასუხო მატჩის გამოტოვება მოუწევს. გარდა ამისა, პიკე მადრიდის “რეალთან” კოპა დელ რეის ფინალურ შეხვედრას დააკლდება და ვერც პრიმერა დივიზიონის უახლოეს ტურებში ითამაშებს.