35 წლის კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ, რომელიც “ბარსელონას” 25 წლის მცველის, ხერარდ პიკეს მეგობარი გოგონაა, ფეხბურთის სიყვარულზე ისაუბრა. შაკირამ განაცხადა, რომ ხსენებული სპორტის სახეობის შესახებ უფრო მეტი გაეგება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. “ერთხელაც გონება გამინათდა და მივხვდი, რომ ფეხბურთი უბრალოდ ბურთის დევნა კი არა, არამედ ინტელექტუალური სპორტია, სადაც ტაქტიკასა და სტრატეგიას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება” – აღიარა მომღერალმა.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შაკირას ამგვარი აზრები ესპანელ შეყვარებულთან, პიკესთან ურთიერთობის შემდეგ დაებადა. საინტერესოა, გახდებოდა თუ არა შაკირა ფეხბურთის ტრფიალი, პიკე “ბარსელონაზე” სუსტი გუნდიდან რომ ყოფილიყო. ალბათ არა, რადგან შაკირას ახლობლებს ცნობილ ფეხბურთელებთან შეხება არ აქვთ და ვერც ფეხბურთში ერკვევიან. “ჩემი ძმები ფეხბურთის ფანები არიან, მამაჩემი კი ხსენებულ სპორტის სახეობაში არც ისე კარგად ერკვევა. თუმცა ახლა, როცა ასეთი დიდი ფეხბურთელის შეყვარებული ვარ, ბურთის გორებაში გარკვევა უწევს, რათა პიკესთან არ შერცხვეს – აცხადებს მომღერალი”.
აღსანიშნავია, რომ სანამ შაკირა “ბარსელონას” ერთ-ერთ ვარსკვლავთან გააბამდა რომანს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის, ფერნანდო დე ლა რუას უფროსი ვაჟის, ანტონიო დე ლა რუას შეყვარებული იყო.
რუსუდან ჭუმბურიძე