ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგი დროება დაუდგათ. უმოკლეს პერიოდში, ესპანეთის ცნობილი დერბის - “ბარსელონასა” და “რეალის” ოთხი საინტერესო დაპირისპირება ელით. ეს გუნდები ჯერ ესპანეთის პრიმერადივიზიონის ეგიდით გაეჯიბრებიან ერთმანეთს, ოთხ დღეში “სამეფო თასისთვის” იბრძოლებენ, ხოლო მოგვიანებით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ფინალისტის გამოვლენას ეცდებიან.
კატალონიელთა მცველი ხერარდ პიკე El Mundo Deportivo-ს ჟურნალისტს ესაუბრა და აღინშნა, რომ მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მადრიდელებთან მეორე თამაშის მოგებაა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სერხიო ბუსკეტსთან კარგად შეთამაშდა და მათი წყალობით “ბარსელონას” დაცვის ცენტრი გაუვალი გახდა.
- “სამეფო კლუბთან” გასამართი დაძაბული მატჩების სერიას მზადყოფნაში ხვდებით?
- არჩევანის საშუალება არც გვაქვს, უნდა ვითამაშოთ და ესე იგი, მზადყოფნაში ვიყოთ. აქამდე “რეალის” წინააღმდეგ ზედიზედ ოთხჯერ არასდროს გვითამაშია, მაგრამ ეს ძალიან საინტერესოა.
- წამყვანი ფეხბურთელების ტრავმის ფონზე, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა სამივე ტურნირის მოგება?
- მკითხაობას არ დავიწყებ. საქმეები ძალიან კარგად მიგვდის. ესპანეთის პრიმერა დივიზიონში პირველი ადგილი გვიჭირავს და “რეალს” მთელი რვა ქულით ვუსწრებთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ და ესპანეთის თასისთვისაც ვიბრძვით. ჩემს მიერ ნახსენებ ბოლო ორ ტურნირში, წარმატების მისაღწევად დიდი ძალისხმევა გვმართებს. მიუხედავად ამისა, საკუთარი გუნდის შესაძლებლობების მწამს. მერე რა, რომ კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი და ბოიან კრკიჩი ვერ ითამაშებენ, მათ სერხიო ბუსკეტსი, დიეგო მილიტო და ხავიერ მასკერანო შეცვლიან.
- რას იტყვით მადრიდულ პრესაში გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე, რომ თქვენ “დოპინგით სულდგმულობთ”?
- ყველამ, თვით ფეხბურთში სრულიად ჩაუხედავმა ადამიანმაც კარგად იცის, რომ ეს სრული ბოდვაა. ასეთი რამ წარმოუდგენელია, ჩვენ ყველანი “სუფთები” და ჯანმრთელები ვართ.
- ეროვნულ ნაკრებში თქვენს თანაგუნდელ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებს მსგავს ბრალდებაზე რა რეაქცია აქვთ?
- მსგავს სისულელეს არც განვიხილავთ. ეროვნულ გუნდში ყველა ერთად ქვეყნის ღირსებას ვიცავთ და საკლუბო საქმეებისთვის არც გვცალია.
- “რეალთან” პირველ წრეში 5:0 მოგებული მატჩი თქვენთვის ეტალონია?
- უწინარესად, “ბარსელონასა” და “რეალის” ყველა დაპირისპირებას თავისი ისტორია აქვს და სულაც არ ვფიქრობ, რომ 5:0 ძალთა თანაფარდობას სრულად ასახავს. უბრალოდ, არის თამაში, სადაც ერთ გუნდს ყველაფერი გამოსდის, მეორეს კი - არაფერი. ასეთი რამ იშვიათად ხდება და ამიტომ, მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებულნი გავალთ.
- აი, თქვენი კლუბის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მსგავსი შედეგი კიდევ გამეორდება...
- მან ეს ხუმრობით თქვა.
- პრიმერა დივიზიონის მატჩის შედეგი სათასო შეხვედრის შედეგზე იმოქმედებს?
- არა მგონია. ერთი საქმეა, როცა მხოლოდ მორიგ სამ ქულაზე თამაშობ და მეორე, როცა მატჩის შედეგი თასის მფლობელის ვინაობას წყვეტს. თუ შემადგენლობები გაინტერესებთ, დარწმუნებული ვარ, ორი მწვრთნელი ნებისმიერ შეხვედრაში უძლიერეს შემადგენლობას დააყენებს.
- პირადად თქვენთვის, მიმდინარე სეზონს იოლი არ ეთქმის.
- ახლა თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. მსოფლიოს ჩემპიონატის გათვალისწინებით, სეზონი გრძელი გამოდგა და შიგადაშიგ დაღლილობას ვგრძნობ. პუიოლის ტრავმის და აბიდალის ავადმყოფობის გათვალისწინებით, საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად მაქვს გათვითცნობიერებული და ყველაფრისთვის მზად ვარ.
- ამ ფეხბურთელების ტრავმები გუნდზე როგორ აისახა?
- არცთუ საუკეთესოდ. როდესაც უყურებ, რომ ფეხბურთელი მაქსიმუმს აკეთებს, რათა ტრავმა მოიშუშოს, კარგ ხასიათზე ვერ დადგები. ამას პუიოლზე ვამბობ, თორემ აბიდალის ავადმყოფობა მთელი გუნდისთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო.
- გაგიადვილდათ ამ სიტუაციაში ბუსკეტსთან შეთამაშება?
- სისწრაფეში ის პუიოლს ჩამორჩება და გარკვეულწილად გადაწყობა მომიხდა. ამას დიდი დრო არ წაუღია და ერთმანეთის კარგად გვესმის. იგივე შემიძლია ვთქვა მასკერანოზეც.
- ბოლო დროს თქვენს “ანგარიშზე” რამდენიმე გაშვებული გოლია.
- როგორც ჩანს, ვიღაცამ დამთარსა. სექტემბრიდან მოყოლებული, მხოლოდ ერთ გოლში იყო ჩემი დანაშაული, ამ კვირაში კი, ორი გოლი მივიღეთ....
მოამზადა ზურა ქსოვრელმა