ჭიდაობა

22:29 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილი მსოფლიოში უკონკურენტოა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ერთადერთი მედლით, მაგრამ ამაღლებული განწყობით დაასრულა – გიორგი გოგშელიძის გაწვრთნილი გუნდის უმძიმესმა წევრმა გენო პეტრიაშვილმა (120 კგ) კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მძიმე წონაში ტოლ-სწორი არ ჰყავს.

20 წლის გორელი სპორტსმენი სეზონის უმთავრეს ტურნირზე მეტოქეებს ისე გაუსწორდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ მსოფლიოს უძლიერეს მოჭიდავეებთან ჰქონდა საქმე. ოქროს გზას პოლონელი კამილ კოსციოლეკის ერთი ამოსუნთქვით ძლევით (10:0) შეუყვა. ბულგარელ მარიან ტოდოროვს წუთსა და 20 წამში მოუმთავრა საქმე (11:0). ნახევარფინალში ირანელ ამირ ტაჰერის პირველ პერიოდში 8:0 აკმარა და მხოლოდ მეორეს დაწყებიდან 15 წამში ავიდა ათამდე. ფინალში კი კანადელ ამარ დესის 10 ქულა სულ რაღაც 40 წამში აუგროვა.

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ზედიზედ მეორედ გახდა. ამავე ასაკობრივ ჯგუფში შარშან და წლეულს ევროპის პირველობებზეც იმარჯვა. შარშანვე, უფროსებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაოს დუბლი შეასრულა. უფრო ადრე – 2011 წელს კი ჭაბუკთა ევროკონკურენციაში აჯობა ყველას.

დღესვე, ხორვატიულ ხალიჩაზე გიორგი ლეჟავა (55 კგ), ომარ გურჯიძე (66 კგ) და გიორგი ჩხარტიშვილიც (84 კგ) გავიდნენ, მაგრამ ჩემპიონატზე გამოსვლა სამივემ დილის პროგრამაშივე დაასრულა. 

გიორგი ლეჟავამ (55 კგ) ჩემპიონატი სომეხი ხორენ ტემურიანთან შეხვედრით გახსნა და 9:5 იმარჯვა. უკრაინის ნაკრების სახელით მოჭიდავე კიდევ ერთ სომეხს არმენ არაქელიანს უფრო ადვილად გაუსწორდა (10:4) და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ მიხალან ჰასან-ზადასთან ვერაფერი გააწყო (0:10). მალე დამამშვიდებელ ეტაპზეც გადაერთო და ყაზახ ვლადიმერ კურდინს პირველ პერიოდში მინიმალური ანგარიშით მოუგო, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა (1:2) და ტურნირს გამოეთიშა.

ომარ გურჯიძე ყირგიზ აშირბეკ სარდაროვს უპრობლემოდ გასცდა (12:1), მაგრამ მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ რასულ არსანალიევთან დამარცხდა (2:4) და რადგან ფინალს ვერც ამ უკანასკნელმა უწია, მალე ბრძოლის რეპეშაჟში გაგრძელების შანსიც დაკარგა.

გიორგი ჩხარტიშვილმაც ორჯერ იჭიდავა. უნგრელი რიჩარდ ლიგეტი ჩამოიცილა (9:2) და აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან წააგო (4:14).

 

თავისუფალი ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ახალგაზრდები

ზაგრები

9-10 აგვისტო

 

50 კგ

1 ჰასანჰუსეინ ბადრუდინოვი (რუსეთი)

2 მახუჯონ შავკატოვი (უზბეკეთი)

3 ემრე დემირჩანი (თურქეთი)

3 საბერ შარესტანი (ირანი)

 

55 კგ

1 აზამატ ტუსკაევი (რუსეთი)

2 მიხალან ჰასან-ზადა (აზერბაიჯანი)

3 კაია ბარისი (თურქეთი)

3 გილმარ თომასი (აშშ)

 

60 კგ

1 იმან სადეგიკოუკანდეჰი (ირანი)

2 ჯოზეფ მკენა (აშშ)

3 ვურგუნ ალიევი (აზერბაიჯანი)

3 ჰაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი)

7 გიორგი ბრეგაძე (საქართველო)

 

66 კგ

1 ჰასან იაზდანიჩარატი (ირანი)

2 არონ პიკო (აშშ)

3 დაიჩი ტაკატანი (იაპონია)

3 რასულ არსანალიევი (რუსეთი)

 

74 კგ

1 ზელიმხან ხაჯიევი (საფრანგეთი)

2 მაჰამადჰაჯი მუხუტოვი (აზერბაიჯანი)

3 რეზა მოზაფარიჯოიბარი (ირანი)

3 მურატ ერთურქი (თურქეთი)

 

84 კგ

1 არეზა კარმიმაჩიანი (ირანი)

2 აზამატ დაულეტბეკოვი (ყაზახეთი)

3 დან გაბე (აშშ)

3 პევინ პრავინი (ინდოეთი)

 

96 კგ

1 გიორგი გოგაევი (რუსეთი)

2 იუსუფ ხან ზეიბეკი (თურქეთი)

3 ვასილე ცარასი (რუმინეთი)

3 კილ სნეიდერი (აშშ)

 

120 კგ

1 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

2 ამარ დესი (კანადა)

3 ამინ ტაჰერი (ირანი)

3 ადამ კუნი (აშშ)

0.123205