ჭიდაობა

1:50 | 11.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, საწყისი ორი დღე თავისუფალი სტილის მიმდევრებს დაეთმოთ, ქართულმა დელეგაციამ კი ოთხი მედლის მოპოვება მოახერხა. თამაზ ბენდიანიშვილის ნაკრებიდან ყველაზე მეტად გენო პეტრიაშვილმა (100 კგ.) იყოჩაღა, რომელმაც მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილს მთელი ტურნირის განმავლობაში არცერთი (!) ქულა არ დაუკარგავს, თავად კი სამ შერკინებაში 29 (!) ქულა მიითვალა.
ჩემპიონობასთან ახლოს იყვნენ შოთა ფანცულაია (50 კგ.) და ომარ გურჯიძეც (63 კგ.), რომელთაც ფინალში გასვლა მოახერხეს, თუმცა, გადამწყვეტი ბრძოლები, შესაბამისად, თურქ და რუს მოჭიდავეებთან დათმეს. ბრინჯაოს მედალი ერგო შოთა ფარტენაძეს, რომელიც ქვეყნის ღირსებას 54 კგ. წონით კატეგორიაში იცავდა.
1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლების წყალობით, საქართველოს ნაკრებმა 43 ქულა მოაგროვა და გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილი დაიკავა, ხუთეულში კი აზერბაიჯანი (81), რუსეთი (69), უკრაინა (68), თურქეთი (59) და გერმანია (47) მოხვდნენ.
11-12 აგვისტოს ტატამი გოგონებს დაეთმობათ, ხოლო 13-14-ში საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავენი ჩაებმებიან. სუსტი სქესის წარმომადგენელთა შორის ქართველები არ იქნებიან, ”ბერძენ-რომაელთა” დამრიგებელ ვაჟა კრავეიშვილს კი ვარშავაში ეს შემადგენლობა ჰყავს ჩაყვანილი: რამაზ ზოიძე (42 კგ.), ბაკურ გოგოლი (46 კგ.), ედნარ შავაძე (50 კგ.), გიორგი ტოტიკაშვილი (54 კგ.), შმაგი ბოლქვაძე (58 კგ.), გიორგი თოიძე (63 კგ.), შალვა ხაჩიძე (69 კგ.), ლაშა გობაძე (76 კგ.), კუკური კირცხალია (85 კგ.), ბაკურ კანდელაკი (100 კგ.).

0.116618