ლონდონის “ჩელსისა“ და ჩეხეთის ნაკრების გოლკიპერის – პეტრ ჩეხის მეუღლე მარტინა ჩეხი წლეულს ქმართან ერთად დასასვენებლად არ წასულა. ამის მიზეზი, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ნამდვილად არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ, მარტინამ ლონდონთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ძველ ინგლისურ სოფელში მიწა შეიძინა და ზაფხულის ცხელ დღეებში, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ”მუშებს ადგა თავზე”. მუშებს, რომლებიც ახალშეძენილ ნაკვეთზე სახლის აშენებით და ბაღის გაშენებით არიან დაკავებულნი.
როგორც მარტინა ჩეხი ამბობს, მისი მშობლები ფერმერები არიან და სწორედ ამიტომ, ბავშვობიდან უყვარს ყველა ის საქმე, რაც სოფელს უკავშირდება. თუმცა, მისი განსაკუთრებული გატაცება მაინც ყვავილების მოვლაა და მთელ ლონდონში ერთ-ერთი საუკეთესო ზამთრის ბაღი სწორედ ჩეხებს ჰქონდათ. ეტყობა, ქალბატონი მარტინა მხოლოდ ლონდონის მასშტაბებმა არ დააკმაყოფილა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი მამულის გაშენება.
ხეხილის ბაღში, რომელსაც მარტინა ჩეხი ჯერაც აშენებს, დაახლოებით ორმოცდაათამდე სხვადახვა დასახელებისა და ჯიშის ხილის ხე იქნება დარგული. ამას გარდა, კეთდება ყვავილების უზარმაზარი ბაღი, სადაც თითქმის მთელი მსოფლიოდან ჩატანილ ულამაზეს ყვავილებს გაახარებენ. ასე რომ, როდესაც პეტრ ჩეხი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს, თავისუფლად შეუძლია, ცოლის მიერ მოწყობილ მშვიდსა და ლამაზ გარემოში გაატაროს მთელი ცხოვრება. ვინ არ ოცნებობს ასეთ სიბერეზე?!...