ფეხბურთი

15:51 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პეტრ ჩეხი: “ჩელსის” მთავარი კონკურენტი ისევ “მანჩესტერი”იქნება”

ლონდონის “ჩელსის” მეკარემ პეტრ ჩეხმა პრაღის მთავარ მუსიკალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მოგეხსენებათ, ის დასარტყამი ინსტრუმენტების დიდი მოყვარულია. გაერთო, იმხიარულა და Daily Mail-ის რეპორტიორს გულახდილად გაესაუბრა.

“კარგია, რომ მოურინიო დაბრუნდა. მან სხვადასხვა ქვეყნების კლუბებში დაამტკიცა, რომ მართლაც შესანიშნავი მწვრთნელია. ვფიქრობ, წლეულს უკეთესი სეზონი გვექნება პრემიერლიგაში. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ასაკის მიუხრედავად, მათ ჩემპიონთა და ევროპის ლიგაში გამარჯვების გამოცდილება აქვთ, - ამბობს ჩეხი, - ტიტულისათვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტი ალბათ ისევ “მანჩესტერი” იქნება. მართალია, დევიდ მოიესი ახალი მისულია, მაგრამ, ვფიქრობ, მანჩესტერელებს ამით არაფერი დააკლდებათ. “სიტიმ” კარლოს ტევესი დაკარგა, მაგრამ ისეთი მწვრთნელი გადაიბირა მანუელ პელეგრინის სახით, რომ მგონი, წლეულს უფრო გაძლიერდება. “არსენალი” დიდი წნეხის ქვეშაა. არსენ ვენგერს ხშირად ახსენებენ, რომ დიდი ხანია, ტიტული არ მოუგია, ამიტომ “მეთოფეებსაც” საკმაოდ ახალგაზრდული და ამბიციური გუნდი ეყოლებათ”.

ჩეხს “ჩელსიში” მოურინიოს გარდა, ავრამ გრანტთან, ლუის ფელიპე სკოლარისთან, გუს ჰიდინკთან, კარლო ანჩელოტისთან, ანდრე ვილაშ-ბოაშთან, რობერტო დი მატეოსა და რაფაელ ბენიტესთან უმუშავია. მეკარეს მიაჩნია, რომ გუნდში ყოველი ახალი სპეციალისტის მოსვლას ახლი იმედები ახლავს თან. თუმცა, მწვრთნელების ხშირ ცვლას არ მიესალმება.

 

0.122176